ვერდიქტი: "საქინფრომისა" და "საქართველო და მსოფლიოს" მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი.
რეზიუმე: 2017 წლის 16 აგვისტოს ორ ონლაინ მედიასაშუალებაში - "საქართველო და მსოფლიოში" და "საქინფორმში" გამოქვეყნდა იდენტური შინაარსის მქონე სტატიები სკანდალური სათაურებით: 1. "ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი: მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიყვანეთ, ვვარაუდობდით, სამ ეტაპად აგვემოქმედებინა რუსეთის დაშლის სტრატეგიული გეგმა". 2. "სენსაცია!!! აშშ და დიდი ბრიტანეთი სამხრეთ ოსეთში სამხედრო და სადაზვერვო ბაზების განლაგებას და კავკასიაში დესტაბილიზაციაში რადიკალი ისლამისტების ჩართვას გეგმავდნენ"!
ამ სტატიების პირველწყარო კრემლის მხარდამჭერი ინტერნეტ-თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი URL (ვებგვერდის მისამართი) გახდა, რომელიც ძალიან ჰგავდა ბრიტანული გამოცემა "The Guardian"-ის ვებგვერდის მისამართს. ინტერნეტ-თაღლითებმა ყალბი მისამართის მეშვეობით გაავრცელეს აბსურდული შინაარსის სტატია, თითქოს ბრიტანული დაზვერვის ყოფილმა მეთაურმა ჯონ სკარლეტმა (John Scarlett) გაამჟღავნა "რუსეთის დაშლის სამ ეტაპიანი გეგმა". ეს არარეალურ ფაქტებზე დაფუძნებული სტატია მალე რუსულმა მედიამ აიტაცა, სწორედ ამ გზით მოხვდა აღნიშნული ყალბი ამბავი ქართულ ინტერნეტსივრცეში.
ანალიზი:
2017 წლის 16 აგვისტოს ანტიდასავლურმა ონლაინ მედიასაშუალებებმა - "საქართველო და მსოფლიომ" და "საქინფორმმა" გამოაქვეყნეს იდენტური შინაარსის მქონე სტატიები. მათში აღწერილია ბრიტანეთისა და აშშ-ის ვითომდა გეგმა რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც თითქოს ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა მეთაურმა ჯონ სკარლეტმა (John Scarlett) გაასაჯაროვა. სტატიის მიხედვით, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა თავად დაგეგმეს "ვარდების რევოლუცია" საქართველოში, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მათი გეგმა სისრულეში უნდა მოეყვანა და სწორედ ამის შედეგი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. გარდა ამისა, სტატიაში ასევე ხაზგასმულია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და ყირიმის ანექსია.
სტატიის ავტორი ცდილობს, მკითხველი დააჯეროს, რომ რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტები ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის გეგმის ნაწილი იყო. ეს ემსახურება ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობის გაღვივებას. სტატიას მიზანმიმართულად შეჰყავს მკითხველი შეცდომაში და უქმნის წარმოდგენას, თითქოს დასავლური ქვეყნების აქტიური მხარდაჭერა და თანამშრომლობა საქართველოსთან მხოლოდ ამ გეგმით იყო განპირობებული. "საქინფორმის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას კი, თანდართული აქვს ავტორის შეჯამება, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უალტერნატივო პროდასავლურმა საგარეო პოლიტიკამ ყოველგვარი აზრი დაკარგა და სერიოზულ რევიზიას საჭიროებს". ეს სიტყვები კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ სტატიის მიზანია, მოსახლეობაში გამოიწვიოს უკმაყოფილება ქვეყნის ევროინტეგრაციის შესაფერხებლად.
გარდა ამისა, გავრცელებულ ყალბ ამბავს კიდევ ერთი მიზანი აქვს - რუსეთის დაუმარცხებლად წარმოჩენა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ორი ქვეყნის გეგმა რუსეთის დაშლის შესახებ წარუმატებლად დასრულდა, რადგან რუსეთმა წინასწარ განჭვრიტა მათი ნაბიჯები: "მოსკოვმა მისთვის მომზადებული ყველა დაბრკოლება წარმატებით გადალახა და დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ზემოქმედებისგან ქვეყნის დაცვა შეძლო", - ნათქვამია სტატიაში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "საქინფორმისა" და "საქართველო და მსოფლიოს" სტატიებში მითითებულია, რომ ეს ინტერვიუ ინტერნეტ გაზეთმა "The Guardian"-მა გამოაქვეყნა, რაც ტყუილია. სინამდვილეში, კრემლის მხარდამჭერმა ინტერნეტ-თაღლითებმა შექმნეს "The Guardian"-ის მსგავსი ინტერნეტ დომენი, რომელიც, ერთი შეხედვით, ორიგინალისგან არაფრით განსხვავდებოდა. ამ ფაქტის შესახებ დაწერა ინტერნეტგამოცემა "The Sunday Times"-მა და თავად "The Guardian"-მა. დეზინფორმატორებმა სახელწოდება "Guardian"-ში შემავალი ლათინური ასო i შეცვალეს თურქული ასოთი ı, რის შედეგადაც შექმნეს ახალი, ვიზუალურად მსგავსი ვებგვერდი. ამის შემდეგ საიტზე ატვირთეს ყალბი ინტერვიუ და სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს ის. საიტი მალევე დაიბლოკა და Facebook-ის ადმინისტრაციამ წაშალა ყველა პოსტი, რომელიც შეიცავდა ყალბი ვებგვერდის მისამართს, თუმცა ინტერნეტ-თაღლითებმა მაინც მიაღწიეს მიზანს.
ამ პროპაგანდის მთავარი სამიზნე ჯგუფი არ იყო ინგლისურენოვანი საზოგადოება. დეზინფორმაციის მთავარი ადრესატები რუსეთში, საქართველოსა და უკრაინაში მაცხოვრებელი ადამიანები იყვნენ. ყალბი ინტერვიუ რუსულ მედიასივრცეში მალევე გავრცელდა: ren.tv, mpsh.ru, politobzor.net, compromat.ws, tsargrad.tv, politonline.ru, argumenti.ru და სხვებმა ის თარგმნეს და თავიანთ ვებგვერდებზე გამოაქვეყნეს. ონლაინ მედიასაშუალებებმა "საქინფორმმა" და "საქართველო და მსოფლიომ" გამოიყენეს რუსული წყაროები და რუსულიდან გადმოთარგმნეს აღნიშნული სტატია. "საქართველო და მსოფლიოს" სტატიაში წყაროდ მითითებულია რუსული ონლაინ მედიასაშუალება REN.tv, ხოლო "საქინფორმში" გამოქვეყნებულ სტატიას წყაროდ მხოლოდ "The Guardian"-ის ყალბი ვებგვერდი აქვს მითითებული, რომელიც ხელმისაწვდომი აღარ არის.
ყალბი სტატიების რაოდენობა, რომლებიც თითქოს სანდო ონლაინ მედიის მიერ ვრცელდება, უკვე აღარ არის იშვიათობა. ეს კრემლის მხარდამჭერთა აპრობირებული მეთოდია.
ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა დასავლეთის იმ სპეცოპერაციის ნაწილი იყო, რომელსაც რუსეთი უნდა დაეშალა
28/08/2017
Ложная информация
- Ложная или манипулятивная информация, распространяемая теми или иными СМИ, политиком или страницей в социальной сети
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные