საყოველთაო ჯანდცვის პროგრამის ამოქმედებიდან 4 წლის შემდეგ პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. სახელმწიფო საყოველთაოობის პრინციპს მიზნობრივი მიდგომებით ანაცვლებს. ამასთან, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას მედიკამენტების კომპონენტი ემატება.
პროგრამის ამოქმედების დღიდან, ჯანდაცვის ექსპერტები, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და მათ შორის ფაქტ-მეტრი მუდმივად საუბრობდნენ პროგრამის არაეფექტიანობაზე, გადაჭარბებულ ხარჯვაზე. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ პროგრამა უნდა ყოფილიყო მიზნობრივი და მეტად ორიენტირებული იმ ადამიანებზე, ვისაც ყველაზე ნაკლებად მიუწვდება ხელი ჯანდაცვაზე. მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების დაფინანსება, რადგან ჯანდაცვის ხარჯების ნახევარზე მეტი სწორედ მედიკამენტებზე მოდის.
ასევე, ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა კერძო სადაზღვეო კომპანიებს განეხორციელებინათ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ყიდულობს კერძო სადაზღვევო კომპანიისგან ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს განსაზღვრულ ფასად და არანაირი ფინანსური რისკის წინაშე არ დგება. ბოლო წლების (2014-2016) სტატისტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების შეკავებას. მიუხედავად ამისა, ამ მხრივ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები არ შედის. ხარჯების შეკავებას ჯანდაცვის სამინისტრო თვითონ შეეცდება დიფერენცირებული პაკეტებით და საავადმყოფოების სელექციური კონტრაქტირებით.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიფერენცირებული პაკეტები
2017 წლის 1 მაისიდან მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.
საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 000 ლარზე მეტია, მაგრამ არ აღემატება წელიწადში 40 000 ლარს, ამასთან არ გააჩნიათ კერძო დაზღვევა, შეუძლიათ ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული პაკეტით. ამ კატეგორიაში შემავალ ადამიანებს (მიუხედავად კერძო სადაზღვევო პაკეტის ქონისა) უნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა, ასევე მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.
დაბალი შემოსავლის (1 000 ლარზე ნაკლები) მქონე მოქალაქეებს, თვითდასაქმებულებს, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, თუმცა დაზღვევის პაკეტი მცირედით შეიზღუდება. თუ ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეები შეიძენენ კერძო დაზღვევის პაკეტს, მათ შეუნარჩუნდებათ მხოლოდ ურგენტული, ონკოლოგიური და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, პედაგოგებსა და შშმ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდათ. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მედიკამენტების კომპონენტი ემატება
2017 წლის ზაფხულიდან, სოციალიურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 100 000-ს არ აღემატება, ქრონიკული დაავადების მქონე სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. კერძოდ:
- გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები;
- ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები;
- დიაბეტის (ტიპი 2) სამკურნალო მედიკამენტები;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები.