რთველი 2016 ძალიან წარმატებულად ჩატარდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წლის რთველი შეაფასა და აღნიშნა: „კახეთში ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მონაწილოება მიიღო 178-მა კომპანიამ, გადამუშავდა 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი და კახეთის მოსახლეობის შემოსავალმა 97 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. რაც შეეხება რთველს რაჭა-ლეჩხუმში, ყუძენი მიიღო 24-მა კომპანიამ და მთლიანობაში 500 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რაჭის მოსახლეობის შემოსავალმა რთველის პერიოდში 2.5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა“.

მიმდინარე წელს რთველმა უჩვეულოდ მშვიდ ვითარებაში ჩაირა, განსხვავებით შარშანდელი წლისგან, როდესაც ყურძენზე შემცირებულმა ფასებმა კახელი ფერმერების განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია. წლების განმავლობაში, სუბსიდირებას მიჩვეული მევენახეებისთვის შარშანდელი ყურძნის ფასი მიუღებელი აღმოჩნდა და მათი ნაწილი საპროტესტო აქციებზე გამოვიდა.

2016

წლის 18 ივლისის მთავრობის N 1440 განკარგულებით, 2016 წლის რთველის ხელშემწყობი ღონისძიებები განისაზღვრა, მათ შორის დადგინდა, რომ ყურძნის სუბსიდირება 2016 წელსაც გაგრძელდებოდა. ამ მიზნით ბიუჯეტიდან 40 მილიონ ლარამდე გამოიყო და  სუბსიდირების რაოდენობა სხვადასვა ყურძნის ჯიშებზე შემდეგი ოდენობით დადგინდა: კახეთის რეგიონი: 1 კგ რქაწითელი - 0.45 თეთრი; 1 კგ კახური მწვანე - 0.45 თეთრი; 1 კგ საფერავი - 0.20 თეთრი. რაჭის რეგიონი: 1 კგ ალექსანდროული/მუჯურეთული - 2 ლარი.

ცნობისთვის, წინა წლებთან შედარებით, მიმდინრე წელს 1 კგ ყუძენზე გამოყოფილი სუბისდირების რაოდენობა გაზრდილია - რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 10 თეთრით (2014-2015 წლებში 35 თეთრი იყო), საფერავზე 50 თეთრით (15 თეთრი იყო), ხოლო ალექსანდროულის და მუჯურეთულის სუბსიდირება ბოლო წლებში (2012 წლის შემდეგ) აღარ ხორციელდებოდა, რადგან ამ ჯიშის ყურძენი ისედაც მაღალ ფასად იყიდებოდა (1კგ - 5-7 ლარი) და სახელმწიფომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ჯიშის ყურძენი ხელშეწყობას  აღარ საჭიროებდა. 2012 წლამდე 1 კგ ალექსანდროული/მუჯურეთულის სუბსიდირების თანხა 1 ლარს შეადგენდა.

2016 წელს საქართველოში სულ 114 264 ტონა ყურძენი გადამუშავდა (2015 წელს - 148 358 ტონა) და მევენახეების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 100 185 030 ლარი შეადგინა.

მათ შორის, კახეთში 113 590 ტონა ყურძენი გადამუშავდა და კახელი მევენეხეების შემოსავალი 98 355 204 ლარით განისაზღვრა. რაჭაში 513 ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა კი 2.5 მილიონ ლარს გადააჭარბა. ყურძნის ჩაბარება-გადამუშავების პროცესში კახეთში 178 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რაჭაში კი ყურძენი 24-მა კომპანიამ ჩაიბარა.

რაც შეეხება ყურძნის ფასს, მიმდინარე წელს ღვინის კომპანიებმა 1 კგ საფერავში 80 თეთრი (სუბსიდიის ჩათვლით 1 ლარი), რქაწითელსა და კახურ მწვანეში კი 35 თეთრი (სუბსიდიის ჩათვლით 80 თეთრი) გადაიხადეს. მუჯურეთული/ალექსანდროულის ფასი კი, სუბსიდიის ჩათვლით, 5 ლარი იყო. აქვე აღვნიშნავთ, რომ გასულ წელს 1 კილოგრამი საფერავის ფასი სუბსიდიის ჩათვლით 80 თეთრი იყო, რქაწითელის და კახური მწვანის კი - 70 თეთრი.

აღსანიშნავია ისიც, რომ წელს შარშანდელთან შედარებით ყურძნის მოსავალი შემცირებულია (34 094 ტონით). კახეთის რეგიონებში ყურძენი „ჭრაქით“ დაავადდა, რამაც ყურძნის რაოდენობის  შემცირება გამოიწვია. შესაბამისად, ყურძნის მიწოდება შარშანდელთან შედარებით ნაკლები იყო.

2016

წლის რთველის „უხმაუროდ“ ჩავლის  ერთ-ერთი მიზეზი ბოლო პერიოდში გაზრილი ღვინის ექსპორტიცაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს 50 ქვეყანაში 32 მლნ 421 ათას 418 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 35%-ით აღემატება. აღნიშნულ პერიოდში ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 74.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდის გასული წლის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება. ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთის და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი - 154%-ით, უკრაინა - 61%-ით, დიდი ბრიტანეთი - 60%-ით, ბელარუსი - 51%-ით, პოლონეთი - 47%-ით, რუსეთი - 36%-ით და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (17 056 936 ბოთლი), ჩინეთი (3 852 245), უკრაინა (3 457 928), ყაზახეთი (2 535 163) და პოლონეთი (1 633 514).

დასკვნის მაგიერ

მიმდინარე წელს საქართველოში მართლაც 114 264 ტონა ყურძენი გადამუშავდა და მევენახეების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 100 185 030 ლარი შეადგინა. ყურძნის სუბსიდირება წელსაც განხორციელდა (შარშანდელთან შედარებით გაიზარდა) და ფასის გამო მევენახეებს უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ.

აღსანიშნავია, რომ ყურძნის სუბსიდირება 2008 წლიდან ხორციელდება (სუბსიდირების საფუძველი რუსეთის ემბარგოს ნეგატიური შედეგების განეიტრალება გახდა). ამ წლების განმავლობაში ყურძნის სუბსიდირების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 170.8 მილიონი ლარი გამოიყო. სახელმწიფოს მხრიდან 8 წლიანი სუბსიდირების მიუხედავად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პრობლემები კვლავ რჩება.

წელს შექმნილი რეალობის საფუძველზე (ყურძნის რაოდენობის და შესაბამისად მიწოდების შემცირება), ღვინის ექსპორტის (შესაბამისად, მოთხოვნის) ზრდა, ყურძნის ფასი საბაზრო ეკონომიკის პირობებიდან გამომდინარე (მიწოდებასა და მოთხოვნას შორის თანაფარდობა) ბაზარზე უნდა გაზრდილიყო. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელს საკმაოდ კარგი პირობა იყო იმისთვის, რომ სახელმწიფოს დარგის სუბსიდირება შეეწყვიტა, მით უმეტეს, რომ სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია ხშირად აღნიშნავდა, რომ სუბსიდირება ჯანსაღი პროცესი არ არის და სახელმწიფო დარგის სუბსიდირებიდან უნდა გამოვიდეს.

ყურძნის სუბსიდირების გაუქმება ალბათ შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება - რთველის პოლიტიზირება. სამწუხაროდ,  არჩევნები და რთველი საქართველოში მჭიდროდ არის დაკავშირებული. პოლიტიკოსები წინასარჩევნოდ ყურძნის ფასთან დაკავშირებით მუდმივად დაპირებებეს გასცემენ, რაც მევენახეებში გადაჭარბებულ მოლოდინებს აჩენს. რეალობა კი ის არის, რომ დარგის მრავალწლიანი და სოლიდური დახმარების მიუხედავად მევენახეები მაინც სუბსიდირებაზე რჩებიან დამოკიდებულნი. საკუთარი ღვინის საწარმოებლად მათ საკმარისი მატერიალური რესურსები (თანხა, ინფრასტრუქტურა) არ აქვთ. მევენახეებში ბიზნესის პრინციპების ცოდნაც საკმაოდ მწირია.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ყურძნის სუბსიდირება სოციალურ ხასიათს ატარებს და და დარგის გაჯანსაღებისთვის ჯერჯერობით რეალური შედეგები არ მოაქვს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ღვინო უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში შედის და მე-5 პოზიცია უჭირავს. ღვინის ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 4.9%-ია (2016 წლის 9 თვის მონაცემი). ცნობისთვის, თხილის წილი მთლიან ექსპორტში 7.7%-ია და სოლიდურად სუბსიდირებული დარგის წილს 2.8%-ით აღემატება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.