„სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას, ორი განსხვავებული რეჟიმია დადგენილი“
2013 წლის 15 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ, "საქართველოს კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა: „მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, დადგენილი არის ორი განსხვავებული რეჟიმი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას სანქციის გამოყენების შესახებ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის შესახებ. განსხვავება გახლავთ ის, რომ სანქციის ზომა საზღვრის გადაკვეთისას არის უფრო მაღალი, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევისას არის უფრო დაბალი.
თუ ერთ შემთხვევაში ეს არის მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას და განისაზღვრება პატიმრობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევაც განისაზღვრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, ოღონდ ამ შემთხვევაში სანქცია შეიძლება იყოს ჯარიმაც და თავისუფლების აღკვეთაც“. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა,  შოთა მალაშხიამ პასუხად ვახტანგ ხმალაძეს  განუმარტა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ორივე შემთხვევაში საზღვრის უკანონო გადაკვეთისას, ოკუპირებულ და არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთნაირი პასუხისმგებლობა ვრცელდება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენლის განმარტების შემდეგ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ მხოლოდ სასჯელის ზომებზე ისაუბრა:  „სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევა ისჯება სხვადასხვანაირად. სასჯელის ზომები არის სხვადასხვა, პირველ შემთხვევაში არის 3-დან 5-წლამდე, მეორე შემთხვევაში 2- დან 4- წლამდე“. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით" არსებობს, თუ არა სახელმწიფო საზღვრის ორი განსხვავებული რეჟიმი. "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" მიხედვით, კონტროლირებად და არაკონტროლირებად სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაზე ერთნაირი სისხლის სამართლის პაუხისმგებლობა ვრცელდება [ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა], რომელსაც პირველ შემთხვევაში არეგულირებს "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 344-ე მუხლი და მეორე შემთხვევაში - 322-ე პრიმა მუხლი, ასევე, "საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. სასჯელის ზომები განსხვავებულია, კერძოდ: სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5-წლამდე; ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის შესვლის უკანონოდ კვეთა ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4-წლამდე.
ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისას, სასჯელი განისაზღვრება მხოლოდ პატიმრობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევა კი განისაზღვრება ჯარიმით ან პატიმრობით. სინამდვილეში, ორივე შემთხვევაში,  გამოიყენება ჯარიმაც და თავისუფლების აღკვეთაც. სესიაზე ვახტანგ ხმალაძეს დეპუტატებმა განუმარტეს ამის შესახებ, რასაც ხმალაძის კომენტარი აღარ მოჰყოლია.       დასკვნა "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" თანახმად, ოკუპირებული და არაოკუპირებული სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას არ ვრცელდება განსხვავებული რეჟიმი და ორივე შემთხვევაში დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუმცა განსხვავდება სასჯელის ზომა. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ვახტანგ ხმალაძის განცხადება: „მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი არის სახელმწიფო საზღვრის ორი განსხვავებული რეჟიმი“, არის მეტწილად მცდარი.