მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2013-2014 სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემა. განათლების მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ 2013 წლის 8 აპრილს განაცხადა. მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საჯარო სკოლაში სწავლა უფასოა და სახელმწიფო ვალდებული იყო აღნიშნული რეალობასთან შესაბამისობაში მოეყვანა. მისი თქმით, ეს იყო ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს უნდა განეხორციელებინა.
განათლების სამინისტროს ინიციატივის საფუძველზე, 2013 წელს, 2 084 საჯარო სკოლის 650 000-მა მოსწავლემ სახელმძღვანელოები უფასოდ მიიღო (პროგრამა კერძო სკოლების იმ მოსწავლეებზე არ გავრცელდა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ იმყოფებიან). ამ პროექტისთვის 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 323 630 ლარი დაიხარჯა. 2014 წელს განათლების სამინისტრომ 3 863 090 წიგნი ხელახლა დაბეჭდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 13 216 000 ლარი იყო გათვალისწინებული.
საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის (სოციალურად დაუცველი კატეგორიისთვის) სახელმძღვანელოების უსასყიდლოდ გადაცემის პროცესი საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდებოდა. პროგრამის განხორციელებისთვის სახელმწიფომ 8 მილიონი ლარი გამოყო. ამავე პროგრამის ფარგლებში, 2012 წლიდან, ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა და უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები 2008 წლის ომში დაღუპული სამხედროებისა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებსაც გადაეცათ. განათლების მაშინდელი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განმარტებით, ამ პერიოდში სახელმძღვანელოები უფასოდ 180 000-ზე მეტ მოსწავლეს ვალდებულებების გარეშე გადაეცემოდა.
განათლების სამინისტროს მიერ 2013 წელს დანერგილი პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემა გარკვეული პერიოდით და ვალდებულებით განხორციელდა. კერძოდ, უფასო სახელმძღვანელოების გამოყენებისა და მოვლა-პატრონობის დეტალებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 აგვისტოს #103/ნ ბრძანება არეგულირებს. ბრძანებაში განმარტებულია, რომ სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15 ქულიანი შკალით ფასდება. სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმები კი შემდეგია: ა) ყდის მდგომარეობა; ბ) სახელმძღვანელოს სისუფთავე და გ) სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა. ბრძანების თანახმად, მოსწავლეს გამოსაყენებლად არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო უნდა გადაეცეს. წიგნი გამოსაყენებლად გამოუსადეგარია, თუ მისი მოვლა-პატრონობის შეფასების ქულა რვას ან რვაზე ნაკლებს შეადგენს. მოსწავლემ სკოლას წიგნი არანაკლებ 9 ქულით შეფასებულ კონდიციაში უნდა დაუბრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზიანებულ სახელმძღვანელოზე პასუხისმგებლობა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია დაზიანებული სახელმძღვანელო იდენტური შინაარსისა და რედაქციის სახელმძღვანელოთი ჩაანაცვლოს. მოსწავლე ასევე ვალდებულია: სახელმძღვანელო მხოლოდ სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენოს, შეინარჩუნოს წიგნის მთლიანობა, გაუფრთხილდეს მას, არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს ჩანაწერები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ თავად განათლების სამინისტროს შეფასებით, 2014 წლის 2 მაისის მდგომარეობით, 2-12 კლასებში წიგნების 76%, პირველ კლასში კი - 35% გამოსაყენებლად ვარგისი იყო. განათლების სამინისტროს 24 ივლისის განცხადების მიხედვით, 2014-2015 სასწავლო წლისთვის, სრული საჭირო რაოდენობიდან, დაახლოებით 50-60%-მდე ახალი სახელმძღვანელოს შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო. იმავე განცხადების თანახმად, სასწავლო წიგნი, ჯამში 289 სახელმძღვანელო, მხოლოდ 195 მოსწავლის მშობელმა ჩაანაცვლა. მათი ჩანაცვლების ძირითად მიზეზად სახელმძღვანელოების დაკარგვა დასახელდა. ცხადია, ისმის კითხვა, თუკი მოსწავლის/მშობლის მიერ ახლით მხოლოდ 289 სახელმძღვანელო ჩანაცვლდა, რატომ გახდა საჭირო მომდევნო სასწავლო წლისთვის თითქმის 60% ახალი სახელმძღვანელოს შესყიდვა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარის დახარჯვა. ჩვენს ამ და მსგავს კითხვებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პასუხი არ გაგვცა.
უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა მტკივნეულად აისახა საგამომცემლო ბიზნესზე. სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის წესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #30/ნ ბრძანება არეგულირებს. მასში სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი და საფასურის დამტკიცების პირობებია განსაზღვრული. სახელმძღვანელოების გრიფირება სამ ეტაპს მოიცავს:
- განაცხადებისა და სახელმძღვანელოს/სერიის მიღება;
- სახელმძღვანელოს/სერიის შეფასება;
- გრიფის მინიჭება-გამოქვეყნება.
- როგორ წავართვათ წიგნი ავტორსა და გამომცემელს (უფასო სახელმძღვანელო დამწყები მინისტრებისთვის);
- გამომცემლები VS განათლების სამინისტრო (ბრძოლა გრძელდება).