დავით ონოფრიშვილის განცხადებით, ნაციონალურმა  მოძრაობამ საბავშვო ბაღები და ბიბლიოთეკები „დაანგრია“
2014 წლის 18 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს თბილისსა და საქართველოს მასშტაბით საბავშვო ბაღები და ბიბლიოთეკები დაანგრია.
ფაქტ-მეტრი დავით ონოფრიშვილის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა. ჩვენ დავით ონოფრიშვილს მისი განცხადების დაზუსტების მიზნით დავუკავშირდით. კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა ის საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების „ნგრევაში“. დეპუტატმა განაცხადა, რომ ის მათ გაუმართლებელ დახურვას გულისხმობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში საბიბლიოთეკო საქმიანობას 1996 წელს მიღებული კანონი – „საქართველოს საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ არეგულირებს. კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელის მართვა კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოებს დაევალა. ფაქტ-მეტრი სახელმწიფო ბიბლიოთეკების დახურვის საკითხზე ინფორმაციის მისაღებად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილების უფროსს, გურამ თაყნიაშვილს დაუკავშირდა. გურამ თაყნიაშვილის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში 8 000-მდე ბიბლიოთეკა მუშაობდა, რომელთაგან 4 200 სახელმწიფო ბიბლიოთეკას წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში სახელმწიფო (საჯარო) ბიბლიოთეკების მნიშვნელოვან ნაწილს მხოლოდ იდეოლოგიური დატვირთვა გააჩნდა და ისინი მოსახლეობის ინტერესებს რეალურად არ ემსახურებოდა. შესაბამისად, 1990-იან წლებში მათი ფუნქციონირების საჭიროება მოიხსნა და ამ ტიპის ბიბლიოთეკები დაიხურა. გურამ თაყნიაშვილის განცხადებით, 2003 წლიდან საბიბლიოთეკო საქმიანობის ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის გადაცემის შემდეგ, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ბიბლიოთეკების თვითნებურად დახურვის პროცესი დაიწყო, რის მიზეზადაც, ადგილობრივი ბიუჯეტის დაზოგვა დასახელდა. პროცესი განსაკუთრებული ინტენსივობით 2008-2009 და 2011 წლებში მიმდინარეობდა. ბიბლიოთეკების შენობების ნაწილი გასხვისდა, ხოლო ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შენობა და ფონდი შენარჩუნდა, თუმცა ბიბლიოთეკა დაიხურა. ფაქტ-მეტრმა 2004 წლიდან საქართველოს მუნიციპალიტეტებში ბიბლიოთეკების რაოდენობის ცვლილების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მუნიციპალიტეტებში 2004 წელს 1949 საჯარო ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა. 2004-2012 წლებში, ჯამში 1 336 ბიბლიოთეკა დაიხურა, რომელთაგან სამოცი 2012-2013 წლებში აღდგა და დღესდღეობით, საქართველოს რეგიონებში 613 საჯარო ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს.  

მხარე

2004 წელს არსებული მდგომარეობა

2008 წ. დახურული ბიბლიოთეკე ბის რაოდენობა

2011 წ. დახურული ბიბლიოთეკების რაოდენობა

2004–2011 წლებში დახურული ბიბლიოთეკების საერთო რაოდენობა

2014

წელს არსებული ბიბლიოთეკების რაოდენობა

კახეთი

225

71

53

124

101

ქვემო ქართლი

174

68

66

134

40

მცხეთა–მთიანეთი

117

36

51

87

30

შიდა ქართლი

157

45

105

150

7

სამცხე–ჯავახეთი

212

60

82

142

70

რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

139

22

29

51

88

იმერეთი

382

143

132

275

107

სამეგრელო–ზემო სვანეთი

234

98

21

119

115

გურია

99

12

39

51

48

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

210

203

7

 

სულ ჯამი

 

1 949

 

 

 

1 336

 

613

  რაც შეეხება თბილისში მოქმედ ბიბლიოთეკებს, თბილისის მთავარი ბიბლიოთეკიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2004 წლიდან 2014 წლამდე მათი რაოდენობა 53-იდან 43-მდე შემცირდა, მათ შორის 2007-2012 წლებში დაიხურა 9, ხოლო 2013 წელს - 1 ბიბლიოთეკა. რაც შეეხება საბავშვო ბაღების დახურვის საკითხს, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, 2004 წლიდან 2011 წლამდე თბილისში 46 საბავშვო ბაღი დაიხურა. მისივე თქმით, დღესდღეობით კი თბილისში, ბაღებში შეზღუდული ადგილების გამო, აღსაზრდელების რეგისტრაცია ვერ ხერხდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, თბილისში არსებული ვითარება გამოწვეულია ე.წ. „საბავშვო ბაღების ოპტიმიზაციით“. ოპტიმიზაციის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალურმა მთავრობამ 2007 წელს მიიღო. დედაქალაქის მაშინდელი მთავრობის დადგენილებით, პირველ ეტაპზე  ბაგა-ბაღების დირექტორები გათავისუფლდა და ყველა ბაღი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე გახდა, ხოლო შემდეგ აღნიშნული ბაღების ნაწილი გაუქმდა. ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2004-2011 წლებში დახურულ საბავშვო ბაგა-ბაღებზე სააგენტო ინფორმაციას არ ფლობს. დღევანდელი მდგომარეობით კი, სააგენტოს დაქვემდებარებაში 159 საბავშვო ბაგა-ბაღია. ფაქტ-მეტრი კომენტარისათვის თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა ქაცარავას დაუკავშირდა. მამუკა ქაცარავას განცხადებით, ბაღების ოპტიმიზაცია ორი ძირითადი მიზეზით, ბაღებში ჩასახლებული დევნილების და ამორტიზებული შენობების გამო, განხორციელდა. 2007 წლამდე საბავშვო ბაღების დიდ ნაწილში იძულებით გადაადგილებული პირები იყვნენ ჩასახლებული და მათში სასწავლო პროცესი სრულყოფილად ვერ ხორციელდებოდა. ოპტიმიზაციის შედეგად დახურული საბავშვო ბაღები გადაკეთდა დევნილთა დროებით საცხოვრებლებად და მათში დევნილები სხვა საბავშვო ბაღებიდანაც გადმოიყვანეს. გარდა ამისა, საბავშვო ბაღების ნაწილი ამორტიზებული იყო, რის გამოც მათი დახურვა აუცილებელი გახდა.   დასკვნა ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, 2004-2012 წლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებში ბიბლიოთეკების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაიხურა, რის მიზეზადაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაზოგვა დასახელდა. დღესდღეობით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში 613, ხოლო თბილისში 43 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. რაც შეეხება თბილისში საბავშვო ბაღების დახურვას, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის ინფორმაციით 2004-2011 წლებში თბილისში 46 საბავშვო ბაღი დაიხურა. დღევანდელი მდგომარეობით თბილისში 159 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს. თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ინფორმაციით კი, საბავშვო ბაღების ოპტიმიზაციის შედეგად მათი ნაწილი დევნილთა საცხოვრებლებად გადაკეთდა, ნაწილი კი ამორტიზებული შენობების გამო დაიხურა. დავით ონოფრიშვილი თავდაპირველად განცხადებაში საბავშვო ბაღებისა და ბიბლითეკების „ნგრევაზე“ საუბრობს, რაც ემოციურ და პოლიტიკურ განცხადებად უფრო უნდა ჩაითვალოს, ვიდრე არსებული სიტუაციის ანალიზად. მოგვიანებით ჩვენთან საუბარში მან დააზუსტა, რომ „ნგრევაში“ ის საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების „გაუმართლებელ დახურვას“ გულისხმობდა. ჩვენი კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ როგორც ბიბლიოთეკების, ისე საბავშვო ბაღების რაოდენობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში მართლაც შემცირდა. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ეს პროცესი უკვე ნახსენები კონკრეტული მიზეზებით იყო გამოწვეული, როგორებიცაა ბიუჯეტის გამართლებული დაზოგვა, ამორტიზებული შენობები, დევნილთა შესახლებები და ა.შ. ფაქტ-მეტრი მიიჩნევს, რომ მიუხედავად განცხადების გარკვეულწილად ფაქტობრივი სისწორისა, რაც ბიბლიოთეკებისა და საბავშვო ბაღების რაოდენობის შემცირებას გულისხმობს, ძნელია ხელაღებით იმსჯელო, თუ რამდენად არამართებული იყო ეს პროცესი. ასევე, საკმაოდ რთულია იმის დადგენაც, თუ რამდენად სწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება თითოეული კონკრეტული ბიბლიოთეკის ან საბავშვო ბაღის დახურვის თაობაზე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით და განცხადების აშკარა ემოციური და პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი მხოლოდ ამ კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზით და მხარეთა არგუმენტების დაფიქსირებით შემოიფარგლება და განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.