„ნიკა გილაურს ნიშნავდნენ უკრაინის ბიზნესომბუდსმენად... საქართველოს მთავრობამ გააგზავნა ნოტა და უთხრა, რომ თუ ნიკა გილაურს დანიშნავთ, საქართველოს მთავრობა შეწყვეტს ურთიერთობას ევროპულ ბანკთან“
მიმდინარე წლის 25 ნოემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაცემა „არჩევანში“ ნიუ-იორკიდან, პირდაპირ ეთერში ჩაერთო. საუბრისას, მან მოქმედი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მიერ წამოწყებული პროექტების მიზანმიმართულ შეჩერებაში დაადანაშაულა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მოქმედი მთავრობა ცდილობს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებას და მათ საერთაშორისო არენაზე დაბლოკვას. მაგალითად მან ნიკა გილაურის შემთხვევა მოიყვანა და განაცხადა: „იგივე უკრაინაში ნიკა გილაურს ნიშნავდნენ უკრაინის ბიზნესომბუდსმენად, ეს იყო ევრობანკის პროექტი. საქართველოს მთავრობამ გააგზავნა ნოტა და უთხრა, რომ თუ ნიკა გილაურს დანიშნავთ უკარინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე, საქართველოს მთავრობა შეწყვეტს ურთიერთობას ევროპულ ბანკთან“. ფაქტ-მეტრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
მიმდინარე წლის 4 ნოემბერს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური უკრაინაში მისი ბიზნესომბუდსმენად დანიშვნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „მართლა მქონდა შემოთავაზება EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის) პრეზიდენტისგან, რადგან სწორედ ეს ორგანიზაციაა უკრაინის ახლადშექმნილი ბიზნესომბუდსმენის ოფისის საბჭოს ერთ-ერთი წევრი და იდეის ავტორიც. კიევშიც ვიყავი ჩასული, შევხვდი საბჭოს ყველა წევრს (მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლებს) და საბჭოსგან ერთსულოვანი შემოთავაზება მივიღე. თუმცა, ბოლოს უარის თქმა მომიწია, იმის გამო, რომ როგორც გაირკვა, ეს პოზიცია იურიდიულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემ სხვა მოქმედ ხელშეკრულებებთან. ასე რომ, გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი მართალია – იყო ამის შესახებ შემოთავაზება, თუმცა ჩემი და ჩემი კომპანიის სხვა არსებულ კონტრაქტებთან იურიდიულ კონფლიქტში მოსვლის გამო, ეს საკმაოდ საინტერესო გამოწვევა ვერ მივიღე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ასეთი ნდობა გამომიცხადა, განსაკუთრებით EBRD-ის პრეზიდენტს, ჩაკრაბარტის და უკრაინის რეგიონალურ დირექტორს ბატონ აჯუნერს, უკრაინის ომბუდსმენის ოფისის საბჭოს წევრებს და უკრაინის მთავრობის წევრებს. აგრეთვე, მადლობა ყველას, ვისაც ჩემ შესახებ კარგი ამბავი გაუხარდა“. ინფორმაციის დასაზუსტებლად ფაქტ-მეტრმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს Facebook-ის საშუალებით მისწერა და იმის დაზუსტება სცადა, თუ რა წყაროს ეყრდნობოდა იგი განცხადებისას და ხომ არ ჰქონდა მას ამ ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. თუმცა, აღნიშნულის შესახებ ჩვენ პასუხი არ მიგვიღია.   დასკვნა ნიკა გილაურს, უკრაინაში ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე შეთავაზება მართლაც ჰქონდა. აღნიშნული ინფორმაცია თავად გილაურმა მიმდინარე წლის 4 ნოემებრს Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაადასტურა. თუმცა, იქვე განმარტა, რომ ეს პოზიცია იურიდიულ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის სხვა მოქმედ ხელშეკრულებებთან, რის გამოც თანამდებობაზე უარი თავადვე თქვა. როგორც ვნახეთ, ყოფილი პრეზიდენტი მართალია, როდესაც ის უკრაინაში ნიკა გილაურისათვის ბიზნესომბუდსმენის თანამდებობის შეთავაზებაზე საუბრობს. თუმცა, არასწორია, როდესაც ის მის აღნიშნულ თანამდებობაზე არდანიშვნას მოქმედი ხელისუფლების ჩარევით ხსნის. ნიკა გილაურის განმარტებით, აღნიშნულ პოსტზე უარი თავად თქვა და ფაქტ-მეტრს მის ამ განცხადებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება: „ნიკა გილაურს ნიშნავდნენ უკრაინის ბიზნესომბუდსმენად, ეს იყო ევრობანკის პროექტი. საქართველოს მთავრობამ გააგზავნა ნოტა და უთხრა, რომ თუ ნიკა გილაურს დანიშნავთ უკარინის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე, საქართველოს მთავრობა შეწყვეტს ურთიერთობას ევროპულ ბანკთან,“ არის მცდარი.