„ის ყველაფერი რაც ვნახეთ, რეალურად ეს არის მოდელირებული, სპეცეფექტებით…“

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, თოქშოუ „არჩევანი“ პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემებს მიეძღვნა. მსჯელობის საგანი ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემა „განსხვავებული აქცენტებიც“ გახდა, რომელიც ეთერში 20 სექტემბრს გავიდა. მთავარი თემა ციხეებში არსებული სიტუაცია იყო. გადაცემაში სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეც ჩაერთო. მან განაცხადა: „ის ყველაფერი რაც ვნახეთ შაბათს, რეალურად ეს არის მოდელირებული, სპეცეფექტებით. ძველ ვიდეო ჩანაწერებზე ადამიანების ხმები ამბობენ, რომ ციხეებში არის არეულობა, ეს არის კარგად ცნობილი ტექნოლოგია, როგორ შევიყვანოთ შეცდომაში მოსახლეობა...“

ფაქტ-მეტრი არჩილ თალაკვაძის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

ზოგადად, სატელევიზიო პრაქტიკაში საარქივო მასალის გამოყენება აპრობირებული მეთოდია. მისი გამოყენება სხადასხვა სიუჟეტებისა და გადაცემების მომზადებისას აქტიურად ხდება. მაგალითად, თუ გვინდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სიუჟეტი მოვამზადოთ, ჟურნალისტის ტექსტის გადასაფარად საჭიროა გარკვეული კადრები, რომელიც ცხადია არქივიდან უნდა ავიღოთ. ასე ხდება ყველა სხვა შემთხვევაშიც. მაშინ როდესაც არ გვაქვს იმ ფაქტის ამსახველი თანადროული მასალა, რაზეც ვსაუბრობთ, ვიყენებთ საარქივო მასალებს და ვუთითებთ, რომ წარმოდგენილი ვიდეომასალა არქივიდანაა. დასავლურ პრაქტიკაში ხშირად გვხვდება ისეთი მაგალითებიც, როდესაც მითითებულიც არ არის, რომ სიუჟეტის ვიზუალური მასალა არქივს განეკუთვნება. თხრობა წარსულ დროში მიმდინარეობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ წარმოდგენილი მასალა უკვე განვითარებული/მომხდარი ამბის ილუსტრირებას ახდენს.

რაც შეეხება ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემას - "განსხვავებული აქცენტები," ის ეთერში მიმდინარე წლის 20 სეტემბერს გავიდა და პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას ეხებოდა. გადაცემაში მოთხრობილი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კრიმინალური ავტორიტეტების, ე.წ. „მაყურებლების“ გავლენის გაძლიერების შესახებ.

გადაცემის დასაწყისში, წამყვანმა განმარტა, რომ გადაცემაში ძირთადად 2013 წელს ჩაწერილი აუდიომასალები იქნებოდა გამოყენებული. გადაცემის მსვლელობისას მან კიდევ სამჯერ გაამახვილა ყურადღება, რომ ანონიმური წყაროს მიერ მხოლოდ აუდიოფაილები იყო მიწოდებული. რაც შეეხება საარქივო მასალებს, რომელშიც ციხის შიდა პერიმეტრი ჩანს და ვიზუალურ მასალად არის გამოყენებული, ისინი, გადაცემის მსვლელობისას, წამყვანის ტექსტის გადასაფარად, ორჯერ გამოიყენება. ამასთან, კადრებზე არის გაკეთებული მითითება, რომ მასალა არქივიდანაა.

აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ საარქივო მასალა გადაცემაში წარმოდგენილი აუდიომასალების გადასაფარად არ იყო გამოყენებული. აუდიო მასალის პარალელურად, შავ ფონზე, მოცემული იყო საუბარში მონაწილე ადამიანების ფოტოები, მათი სახელი და გვარი, ან აღნიშნული იყო, რომ წარმოდგენილი ადამიანის ვინაობა უცნობია. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაცემაში არ იყო გამოყენებული დამატებითი ვიზუალური გაფორმება, ან რაიმე ტიპის სპეცეფექტი, რომელიც ნაჩვენებ ვითარებას ხელოვნურად დაამძიმებდა და შექმნიდა იმის აღქმას, თითქოს ნაჩვენები კადრები რეალურ დროში მიმდინარებს.

კვლევის ფარგლებში ფაქტ-მეტრი გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ წამყვანს ეკა კვესიტაძესაც დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა. მან ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ საარქივო მასალით, რომელიც youtube-დან იყო აღებული, აუდიომასალის გადაფარვა და სიტუაციის იმიტირება, თითქოს აუდიო და ვიდეომასალები დროის თვალსაზრისით თანხვედრაშია, არ მომხდარა. მისივე თქმით, წამყვანის ხმის ვიდეომასალით გადაფარვა ჩვეულებრივ სატელევიზიო ხერხს წარმოადგენს. ამ ხერხს იყენებს ყველა ტელევიზია და ამ მხრივ „რუსთავი 2“-ს რაიმე განსაკუთრებული ხერხი არ გამოუყენებია.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული მასალები ტელევიზიის სპეციალისტებთანაც გადაამოწმა, რომლებმაც განმარტეს, რომ გადაცემაში საარქივო მასალები სტანდარტის დაცვით იყო გამოყენებული. გარდა ამისა, გადაცემაში არსად ჩანს სპეცეფექტი, რაც ფონს უფრო მეტად დაამძიმებდა და განწყობას შექმნიდა, თითქოს აუდიო და ვიდეომასალები, დროის თვალსაზრისით, თანხვედრაშია.

დასკვნა

გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ წამყვანის ტექსტის გადასაფარად გამოყენებული იყო საარქივო ვიდეომასალა და ამის შესახებ კადრზე მინაწერის სახით მინიშნებაც იყო გაკეთებული. ეს ჩვეულებრივ სატელევიზიო მეთოდს წარმოადგენს, რომელიც აქტიურად გამოიყენება სატელევიზიო საქმიანობაში. გადაცემაში არ გვხვდება არც რაიმე ტიპის სპეცეფექტი ან დამატებითი ვიზუალური გაფორმება, რომელიც სიტუაციის ხელოვნურად დამძიმების მიზნით იქნებოდა გამოყენებული.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადება: „ის ყველაფერი რაც ვნახეთ შაბათს, რეალურად ეს არის მოდელირებული, სპეცეფექტებით...“, არის მცდარი.