მიმდინარე წლის 25 ივლისს, მთავრობის ახალი შემადგენლობის საპარლამენტო კომიტეტებში განხილვის დროს, იურიდიულ კომიტეტში დანაშაულის სტატისტიკის თემაც განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ, კრიმინოგენული ვითარების გაუარებასთან დაკავშირებით არსებული ეჭვები მასმედიის საშუალებით გაშუქებას დაუკავშირა. მინისტრმა განაცხადა: „2011 წელს იყო 108 მკვლელობა, აქედან, ტელევიზიის, მასმედიის საშუალებით გაშუქდა 74 და 2013 წელს იყო 52 მკვლელობა და მასმედიის საშუალებით გაშუქდა 50. აი აქაა განსხვავება, მეტი არაფერში“.
ანალოგიური განცხადება 23 ივლისს, გადაცემა „პოლიტიკის დროში“ ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, „მე თვალსაჩინოებისთვის გამოვატანინე სტატისტიკური მონაცემები და ვაჩვენეთ განსხვავება - რამდენი შუქდებოდა გასულ წლებში მძიმე დანაშაულები, რა პროცენტულობით და რამდენი შუქდებოდა ჩვენს დროს. აღმოჩნდა, რომ ჩვენს დროს აბსოლუტურად ყველა იყო გაშუქებული და თითქმის განახევრებული იყო მძიმე დანაშაული, მაშინ როდესაც მათ დროს ეს იყო გაორმაგებული და გაშუქებული მხოლოდ - 10%.“
ფაქტ-მეტრი კრიმინალური შემთხვევების გაშუქების სტატისტიკით დაინტერესდა და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება გადაამოწმა.
ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება კონკრეტულად მკვლელობების გაშუქების სტატისტიკას ეხებოდა. ფაქტ-მეტრმაც სწორედ ამ დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები შეადარა ერთმანეთს.
2011 წელს მომხდარი რეგისტრირებული დანაშაულების შესახებ დეტალურ სტატისტიკას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებდა. 12 თვის მონაცემების შედეგად, გავარკვიეთ, რომ 2011 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განზრახ მკვლელობის 91, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის 10 ფაქტი დაარეგისტრირა. ჯამში, საქსტატის მონაცემების თანახმად, 2011 წელს ქვეყნის მასშტაბით 101 მკვლელობა მოხდა.
გაშუქებული მკვლელობების სტატისტიკის შესამოწმებლად ფაქტ-მეტრმა მედია მონიტორინგის სერვისი mediamonitoring.ge გამოიყენა. აღნიშნული საიტის მეშვეობით, ჩვენ 2011 წლის ყველა სიახლეს გავეცანით, სადაც მკვლელობის ფაქტზე იყო საუბარი. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ 2011 წლის განმავლობაში სხვადასხვა მედია საშუალებებმა მკვლელობის 77 ფაქტი გააშუქეს. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ გაშუქებული ფაქტებიდან, შესაძლოა, ყველა მათგანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლების საფუძველზე არ დაუწყია. რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით, მედია არ ფლობდა ზუსტ ინფორმაციას. ზოგიერთ შემთხვევაში, გაუგებარი იყო, ძიება მკვლელობის, თვითმკვლელობის თუ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობდა. გაშუქებული 77 მკვლელობის ფაქტიდან ყველა შესაძლებელია არც ყოფილიყო რეგისტრირებული როგორც განზრახ მკვლელობა ან მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. მსგავსი ცდომილებაა 2013 წლის მონაცემებშიც, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ. სწორედ ამიტომ, შედარებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2011 წელს საქსტატის მიერ რეგისტრირებული 101 მკვლელობიდან 77 ფაქტი გაშუქდა, რაც პროცენტულად 76%-ს შეადგენს. ჩვენს მიერ მიღებული რიცხვები ოდნავ განსხვავდება ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ დასახელებული 108 მკვლელობისა და 74 გაშუქების ფაქტისგან.
ალექსანდრე ჭიკაიძემ 2011 წლის მონაცემები 2013 წლის სტატისტიკას შეადარა. როგორც მან განაცხადა, 2013 წელს მკვლელობის 52 ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგან 50 გაშუქდა. 2013 წლის განმავლობაში საქსტატს კრიმინალის დეტალური სტატისტიკა არ გამოუქვეყნებია, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ ასაჯაროებდა. ფაქტ-მეტრი ამ პრობლემაზე უკვე წერდა. 2013 წელს მომხდარი დანაშაულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება მხოლოდ 2014 წლის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მეშვეობით ხდება, სადაც შედარების მიზნით 2013 წლის მონაცემებიც არის მოყვანილი. მიუხედავად ამისა, დეტალურად მხოლოდ 6 თვის მონაცემებია გამოქვეყნებული. შესაბამისად, ფაქტ-მეტრისთვის უცნობია, რამდენი მკვლელობა მოხდა მთლიანად 2013 წლის განმავლობაში. არსებული მონაცემების საფუძველზე, მხოლოდ 6 თვიანი პერიოდის შედარებაა შესაძლებელი. რეგისტრირებული დანაშაულის 6 თვიანი სტატისტიკის თანახმად, 2013 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე განზრახ მკვლელობის 42, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის 19 ფაქტი დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მთელი წლის განმავლობაში 52 მკვლელობა მოხდა, თუმცა, სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 6 თვის განმავლობაში რეგისტრირებული მკვლელობების რაოდენობა არის 61, რაც ნახევარი წლის პერიოდშიც კი აღემატება მინისტრის მიერ დასახელებულ რიცხვს.
რაც შეეხება 2013 წლის გაშუქების სტატისტიკას, მედია მონიტორინგის შედეგად გავარკვიეთ, რომ მთლიანად 2013 წლის განმავლობაში 65, ხოლო 6 თვის მანძილზე 38 მკვლელობის ფაქტი გაშუქდა. ისევე, როგორც 2011 წლის შედარებისას, 2013 წელსაც ფაქტ-მეტრი არ გამორიცხავს, რომ ამ ფაქტებიდან ყველა არ იყო დაკვალიფიცირებული როგორც განზრახ მკვლელობა ან მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. ზოგადი შედარებისთვის კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2013 წლის 6 თვეში დაფიქსირებული 61 მკვლელობიდან, მასმედიის საშუალებით 38 გაშუქდა, რაც პროცენტულად 62%-ს შეადგენს.
განცხადებების შეფასების დროს, ფაქტ-მეტრი ასევე ითვალისწინებს განცხადების კონტექსტსაც. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების კონტექსტი კი იყო ის, რომ 2013 წელს, 2011 წელთან შედარებით, პროცენტულად უფრო მეტი მკვლელობის ფაქტი გაშუქდა. იმისთვის რომ ჩვენი ანალიზი შეფასება უფრო ზუსტი იყოს, აუცილებელია 2013 წლის ანალოგიური პერიოდი 2011 წლის ანალოგიურ პერიოდსაც შევადაროთ. გამომდინარე იქიდან, რომ 2013 წელს მომხდარი დანაშაულების დეტალური სტატისტიკა არ არსებობს, ჩვენც შესაბამისად 2011 და 2013 წლების 1 იანვრიდან 30 ივნისამდე მომხდარი დანაშაულები და მათი გაშუქება შევადარეთ.
2011 წელს იანვრიდან ივნისამდე 63 დანაშაული მოხდა, რომელთაგან მასმედიამ 43 ფაქტი გააშუქა. პროცენტულად, 2011 წლის 6 თვის განმავლობაში გაშუქებული დანაშაულების რაოდენობა 68%-ს შეადგენს, რაც 2013 წელს დაფიქსირებულ 62%-ს აღემატება.
დასკვნა
2011 წელს მომხდარი 101 მკვლელობიდან მასმედიამ 77 ფაქტი გააშუქა. აღნიშნული რიცხვები მცირედით განსხვავდება მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვებისგან. 2013 წელს კი მედიამ მკვლელობის 65 ფაქტი გააშუქა. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს 2013 წლის დეტალური სტატისტიკა, არსებული ინფორმაციის საფუძველზე მხოლოდ 6 თვიანი პერიოდის შედარებაა შესაძლებელი. 6 თვეში რეგისტრირებული 61 დანაშაული კი უკვე აღემატება მინისტრის მიერ მთელი წლის განმავლობაში დასახელებულ 52 დანაშაულს. ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადების კონტექსტი (ისევე როგორც მანამდე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის) ითვალისწინებდა იმას, რომ 2013 წელს, 2011 წელთან შედარებით, პროცენტულად უფრო მეტი დანაშაული გაშუქდა. 6 თვიანი პერიოდის შედარების შედეგად კი დადგინდა, რომ 2013 წელს ჩადენილი დანაშაულების 62% გაშუქდა, ხოლო 2011 წელს კი - 68%. ალექსანდრე ჭიკაიძე მიახლოებით ზუსტად ასახელებს 2011 წელს რეგისტრირებული და გაშუქებული დანაშაულების რაოდენობას, თუმცა ის ცდება 2013 წლის რაოდენობებში. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება მისი განცხადების შინაარსიც, რადგან სტატისტიკურად, 2011 წელს უფრო მეტი დანაშაული გაშუქდა, ვიდრე 2013 წელს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება: „2011 წელს იყო 108 მკვლელობა, აქედან, ტელევიზიის, მასმედიის საშუალებით გაშუქდა 74 [მკვლელობა]. 2013 წელს იყო 52 მკვლელობა და მასმედიის საშუალებით გაშუქდა 50 [მკვლელობა]“, არის მცდარი.
„2011 წელს იყო 108 მკვლელობა, აქედან, ტელევიზიის, მასმედიის საშუალებით გაშუქდა 74 [მკვლელობა]. 2013 წელს იყო 52 მკვლელობა და მასმედიის საშუალებით გაშუქდა 50 [მკვლელობა]“
08/08/2014
Неправда
заявление не точное
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные