„[საქართველოს] მკვიდრი მოსახლეობის 73 პროცენტი უმუშევარია”

მიმდინარე წლის 29 მაისს ტელეკომპანია TV3-ის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. გადაცემაში „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის 73% უმუშევარია.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და მერობის კანდიდატის განცხადება გადაამოწმა.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოში ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას - იგივე სამუშაო ძალას (15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც მუშაობს, ან თავის შრომას საქონლის, ან მომსახურების საწარმოებლად სთავაზობს) 2.003.9 ათას ადამიანს შეადგენდა, ხოლო ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობას (15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა ერთი საათიც კი გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში და არ ეძებდა სამუშაოს გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში. აგრეთვე პირი, რომელიც ეძებდა სამუშაოს გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში, მაგრამ სამუშაოს  მოძებნის შემთხვევაში არ იყო მზად მუშაობის დასაწყებად უახლოესი 2 კვირის განმავლობაში) 1,022.3 ათასი  მოქალაქე.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი მოსახლეობის 66.3 % შეადგინა. აქედან 1.712.1 ათასი ადამიანი დასაქმებულია, რაც აქტიური სამუშაო ძალის 85.4%-ია. აღნიშნული ინფორმაცის მიხედვით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 14.6%-ია, რაც 2012 წლის მაჩვენებელთან (15.0%) შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ქვეყანაში დასაქმებული მოსახლეობის 38.4% დაქირავებულ შრომას ეწევა, 60.1% თვითდასაქმებულია, ხოლო 0.6% გაურკვეველია (არ არის გარკვეული, დაქირავებულ შრომას ეწევა თუ თვითდასაქმებულია).

 

ვინაიდან საქართველოში არსებული არცერთი ოფიციალური წყარო არ ადასტურებს დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, ფაქტ-მეტრი თავად მერობის კანდიდატს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რის საფუძველზე გააკეთაა მან აღნიშნული განცხადება. დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ განცხადების გაკეთებისას მან NDI-ის კვლევის შედეგებით იხელმძღვანელა.

 

ჩვენ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“-ის (NDI) 2014 წლის, აპრილის თვის ანგარიშს გავეცანით. ორგანიზაცის მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობის 67% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. 2013 წლის სექტემბერში ჩატარებული ანალოგიური კვლევის მიხედვით კი აღნიშნული მაჩვენებელი 69% იყო. აღსანიშნავია, რომ  მათგან ვინც თავს დაუსაქმებლად თვლის, მხოლოდ 42% ეძებს სამსახურს. უმუშევრად კი არ შეიძლება ჩაითვალოს ის მოქალაქე, რომელსაც მუშაობის სურვილი არ აქვს ან არ ეძებს სამუშაო ადგილს. კვლევის მიხედვით პროცენტული მაჩვენებელი სოფლისა და ქალაქის მოსახლეობას შორის განსხვავებულია. ქალაქის მოსახლეობის 60% და სოფლის მოსახლეობის 73% თვლის, რომ დაუსაქმებლია. ანგარიში 3,942 დასრულებული ინტერვიუს საფუძველზეა მომზადებული. შეფასებისათვის აუცილებელია განვმარტოთ, რომ (NDI) ამ კვლევაში  ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ აზრს და არა უმუშევრობის დონეს იკვლევს. შესაბამისად, მოსახლეობის 67%-ის აზრი, რომ დაუსაქმებლია, არ ნიშნავს ქვეყანაში უმუშევრობის 67%-იან დონეს. საქსტატის მეთოდოლოგიის თანახმად, დასაქმებულად ითვლება თვითდასაქმებული პირიც, რომელიც მოგების, ოჯახური შემოსავლის (ფულის ან ნატურის) მიღების მიზნით, ან უსასყიდლოდ, არის დასაქმებული ოჯახურ  საწარმო/მეურნებაში.

 

ფაქტ-მეტრი თბილისში არსებული უმუშევრობის დონით დაინტერესდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცის მიხედვით 2013 წლის მონაცემებით, აქტიურ სამუშაო ძალას თბილისში 444.7 ათასი ადამიანი შეადგენს, ხოლო სამუშაო ძალის გარეთ 358.9 ათასი ადამიანია. შესაბამისად, თბილისში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლისა და უფროსი ასაკის) 55.3% შეადგინა. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან  315.3 ათასი ადამიანია დასაქმებული, რაც აქტიური სამუშაო ძალის 70%-ს, ხოლო 15 წლისა და უფროსი ასაკის  მოსახლეობის 39.2%-ს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში დასაქმებული მოსახელეობიდან 247.5 ათასი ადამიანი დაქირავებულ შრომას ეწევა, ხოლო 67.5 ათასი  მოქალაქე კი თვითდასაქმებულია.

 

გრაფიკი 1: უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში (2013 წელს). პროცენტული მაჩვენებლები

 

image001

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; geostat.ge

 

საქართველოს დანარჩენ რეგიონებთან შედარებით, თბილისში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე ფიქსირდება. ამის მიზეზი რეგიონებში სასოფლო სამეურნეო მიწებზე თვითდასაქმებული მოსახლეობის სიმრავლეა.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უმუშევრობის აღნიშნული დონე თვითდასაქმებული მოსახლეობის სიმრავლით არის განპირობებული. ჩვენთან თვითდასაქმებას გაცილებით მეტი მოქალაქე ცდილობს, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებშია. ამაზე კი გავლენას შრომის ბირჟის (რაც მოსახლეობის დროულ დასაქმებას უზრუნველყოფს) და უმუშევართა დაზღვევის ფონდის არარსებობაც ახდენს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ უმუშევრობის დონე ქალაქსა და სოფლად ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. საქსტატის მონაცემებით გასულ წელს ქალაქებში უმუშევრობის დონე 30.0%-მდეა, ხოლო სოფლად კი ის 6.5% იყო. ამ სხვაობის მიზეზი კი ისაა, რომ სოფლად, სასოფლო სამეურნეო მიწების სიმრავლის გამო, თვითდასაქმების მეტი შესაძლებლობაა. დასაქმებულად ითვლება ყველა, ვისაც  მიწის ნაკვეთი აქვს ან  პირუტყვი ჰყავს და მათგან მიღებულ პროდუქციას გასაყიდად და საკუთარი მოხმარებისთვის იყენებს, მიუხედავად იმისა თუ როგორია მათი შემოსავალი. 2013 წლის მონაცემებით დასაქმებულთა 63% სოფლის მეურნეობაზე მოდის, მაშინ როცა ამ სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში 9.3% უკავია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობა დაბალი პროდუქტიულობით ხასიათდება, ხოლო დასაქმებული მოსახლეობის 63%-ს კი მეტწილად საკმაოდ დაბალი შემოსავალი აქვს.

 

 

 

დასკვნა

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყანაში ერთადერთი კომპეტენტური ორგანოა, რომელიც უმუშევრობის აღრიცხვას შრომის საერთაშორისო ორგანიზაცის მეთოდოლოგიის საფუძველზე ახორციელებს. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)“ კვლევაში ქვეყნაში საზოგადოებრივი აზრი არის გამოკვლეული  და არა უმუშევრობის დონე. შესაბამისად, ამ ორგანიზაციის კვლევის საფუძველზე ქვეყანაში არსებულ უმუშევრობის დონეზე საუბარი არასწორია.

 

ქვეყანაში არსებული სტატისტიკური მონაცემებით არ დასტურდება, რომ საქართველოში მოსახლეობის 73% უმუშევარია. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 14.6%-ია, რაც დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ დასახელებულ 73%-ზე 5-ჯერ ნაკლებია.

 

შესაბამისად ჩვენ ვასკვნით, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება: „საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის 73 პროცენტი უმუშევარია”, არის მცდარი.