2014 წლის 15 მაისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პროექტ „პანორამა - თბილისის“ დაანონსებამდე სოლოლაკის ქედის მოჭრა მიმდინარეობდა.
ფაქტ-მეტრი ნიკა მელიას განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
2014 წლის 25 მარტს „საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა“ დამტკიცებული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის პროექტი – პირობითი სახელწოდებით, „პანორამა - თბილისი“ წარადგინა. როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს: 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი, 4. ერეკლე მეორის მოედანი, აერთიანებს. პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით დაუკავშირდებიან გამწვანებულ შემოგარენს.
თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში 30 000 ახალი ხე დაირგვება, ხოლო ქალაქის ცენტრსა და შემოგარენში დამატებით მოეწყობა 1 800 ავტომობილზე (თავისუფლების მოედანი - 300, ერეკლე მეორის მოედანი - 500, სოლოლაკის ბაღები - 500, სოლოლაკის მაღლობის - 500) გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომები, რაც პროექტის საჭიროებას ბევრად აღემატება და უზრუნველყოფს ქალაქში არსებული პარკირების პრობლემის მოგვარებას. პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. „პანორამა - თბილისის“ პროექტების, „სოლოლაკის ბაღებისა“ და „სოლოლაკის მაღლობის“ ფარგლებში იგეგმება სოლოლაკის მაღლობის დატერასება.
გიორგი ბაჩიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „სოლოლაკის ბაღებისთვის“ ესკიზური პროექტი დასრულებულია და ქალაქის შესაბამის სამსახურებს მას განსახილველად მალე წარუდგენენ.
თბილისის მერიაში განცხადება „პანორამა - თბილისის“ პროექტის განხორციელების საკითხთან დაკავშირებით 2014 წლის 27 მარტს შევიდა. მერიის პასუხის თანახმად, „იქიდან გამომდინარე, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებითა და დოკუმენტაციით საერთოდ არ იყო დასაბუთებული წარდგენილ მასშტაბურ პროექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემის მიზანშეწონილობა, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიამ იმსჯელა და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „თანაინვესტირების ფონდს“ უარი ეთქვა მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქალაქგეგმარებითი პირობების გაცემაზე“.
ნიკა მელიას განცხადების გადასამოწმებლად, ფაქტ-მეტრმა თბილისის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის საინფორმაციო სისტემაში დაცული მონაცემებით, გენგეგმის დამტკიცებიდან [1] 2014 წლის 25 მარტამდე სოლოლაკის მაღლობზე, კოჯრის გზატკეცილზე, სამსახურს მშენებლობის ნებართვა სხვადასხვა სახის პროექტებზე აქვს გაცემული: შენობა - ნაგებობების დემონტაჟზე; მრავალბინიანი სახოვრებელი სახლის მშენებლობაზე; მრავალფუნქციური გასართობი სამაყურებლო ცენტრის მშენებლობაზე; არსებული შენობის რეკონსტრუქციაზე; დამხმარე შენობის მშენებლობაზე; საწყობის მშენებლობაზე და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე.
ფაქტ-მეტრი განცხადების დასაზუსტებლად ნიკა მელიასაც დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ ქედის მოჭრა „GDS TV“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მერობის კანდიდატის მიერ მითითებული ტერიტორია ჩვენ ადგილზე გადავამოწმეთ. “GDS TV“-ის გვერდით მართლაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და ქედი მოჭრილია.
ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინტერაქტიულ რუკაზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, კოჯრის გზატკეცილის N13-ში, „GDS TV“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაცემულია ერთი ახალი მშენებლობის, საწყობის აშენების ნებართვა. თბილისის მერიისგან მიღებული ინფორმაცით მშენებლობის დამკვეთი ორგანიზაცია „სს ქართუ ჯგუფია“ და განაშენიანების ფართობი 3292.5 კვ. მეტრს შეადგენს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა 2013 წლის 4 ივნისს გაიცა, ხოლო მშენებლობის ვადა 2013 წლის 5 ივნისიდან 2016 წლის 5 ივნისის ჩათვლით განისაზღვრა. მშენებლობის გაცემის თარიღიდან და მშენებლობის მიზნებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ნიკა მელიას მიერ ნახსენები მშენებლობა „პანორამა–თბილისს“ არ უკავშირდებოდა.
დასკვნა
ნიკა მელია აცხადებდა, რომ „პანორამა - თბილისის“ პრეზენტაციამდე დაიწყო სოლოლაკის ქედის მოჭრა. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ 2014 წლის 25 მარტს წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სოლოლაკის ქედზე პროექტ „პანორამა - თბილისის“ პირველი და მეორე ნაწილის, "სოლოლაკის ბაღებისა" და "სოლოლაკის მაღლობის" განხორციელება იგეგმება.
კოჯრის გზატკეცილზე, რომელიც „პანორამა - თბილისის“ „სოლოლაკის ბაღების“ პროექტში შედის, 2014 წლის 25 მარტამდე წარმოებულ სამშენებლო სამუშაოებზე „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ პასუხისმგებელი არ ყოფილა.
როგორც სტატიაში მოყვანილი ინფორმაციით ირკვევა, „პანორამა - თბილისის“ დაანონსებამდე სოლოლაკის მაღლობზე სამშენებლო სამუშაოებისთვის ქედის მოჭრა მართლაც მიმდინარეობდა და მასზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია სს „ქართუ ჯგუფია“. თუმცა, ნიკა მელია განცხადების მთავარ კონტექსტში ფაქტობრივ შეცდომას უშვებს, როდესაც ამბობს რომ მშენებლობა „პანორამა - თბილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს. როგორც მიღებული ინფორმაციით ირკვევა, „GDS TV”-ის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საწყობის მშენებლობა და მასზე ნებართვა თბილისის მერიას 2013 წლის 5 ივნისს აქვს გაცემული. ამ ფაქტორის გამო, ეს მშენებლობა „პანორამა–თბილისთან“ კავშირში ვერ იქნებოდა.
შესაბამისად ჩვენ ვასკვნით, რომ ნიკა მელიას განცხადება „დაანონსებულიც არ იყო ეს პროექტი (პანორამა თბილისი) და მიმდინარეობს სოლოლაკის ხედის დამახინჯება, იმ ფორმით, რომ ქედი არის მოჭრილი,“ არის მეტწილად მცდარი.
[1] დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა - მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა - ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამენტებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით -ტერიტორიულ პირობებს, საინჟინრო სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივცრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს (მუხლი 1, პუნქტი 2). დამტკიცებულია ქ. თბილისის საკრებულოს 05.06.2009 წ. N6-17 გადაწყვეტილებით.