2014 წლის 17 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა. მან ყურადღება საკრებულოების მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობასა და პოლიტიკურ ძალებს შორის ადგილების გადანაწილებაზე გაამახვილა. ამ თემაზე საუბრისას პრემიერმა განაცხადა: „რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც მეორე ადგილის პრეტენზია აქვთ, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ 6,1%-ის გაყვანა შეძლეს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი რეალური რეიტინგი არის 6%.“
ფაქტ-მეტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა. ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია, თუ როგორ გადანაწილდნენ პოლიტიკური ძალები საკრებულოებში და ასევე, რამდენად მართებულია პოლიტიკური პარტიების რეიტინგის შეფასება მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობის მიხედვით.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველმა 71 ადგილობრივი საკრებულოს 2088 წევრი (აქედან 1049 მაჟორიტარული, ხოლო 1039 პროპორციული წესით) აირჩია. ამასთან, 12 თვითმმართველ ქალაქში ქალაქის მერის, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში 59 გამგებლის პირდაპირი წესით არჩევნები ჩატარდა. ეს პირველი არჩევნებია, რომლის დროსაც (თბილისის გარდა) ქალაქის მერების და გამგებლების არჩევა პირდაპირი წესით ხდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 17 ივნისის მონაცემებით, 12-დან 8 თვითმმართველ ქალაქში მერის არჩევის მიზნით მეორე ტური გაიმართება. თბილისში, რუსთავში, თელავსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან. ოზურგეთისა და ფოთის მერობისთვის „ქართული ოცნების“ და „დავით თარხან-მოურავი – პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატები იბრძოლებენ. მცხეთისა და გორის მერების არჩევნების მეორე ტურში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატებთან ერთად, შესაბამისად, „მწვანეთა პარტიის“ და „ირაკლი ოქრუაშვილი – ქართული პარტიის“ წარმომადგენლები გავიდნენ.
მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო გამგებლის ასარჩევად 59-დან 11 მუნიციპალიტეტში. აქედან „ქართული ოცნების“ კანდიდატებს 4 მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, 4 მუნიციპალიტეტში „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის,“ სამ მუნიციპალიტეტში კი „ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის“, „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ და „დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან.
თვითმმართველბის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ცესკოს 16 ივნისის 18 საათის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით პროპორციული წესით არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 50,84% მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 22,4%, „ნინო ბურჯანაძე - ერთიანმა ოპოზიციამ“ - 10,23%, „დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ - 4,71%.
კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ, ცესკოს მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, მაჟორიტარული წესით არჩევნებში საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში 1049 ადგილიდან 811 კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებმა დაიკავეს, რაც საერთო რაოდენობის 77,31%-ს შეადგენს. 128 მაჟორიტარი (12,20%) საინიციატივო ჯგუფების სახელით გავიდა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს მასშტაბით 64 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა (6,1%), „ნინო ბურჯანაძე – ერთიან ოპოზიციას“ კი საკრებულოებში სულ 28 მაჟორიტარი (2,67%) წარმოადგენს.
საკრებულოები, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებით კომპლექტდება. კოალიცია "ქართული ოცნების" ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“ - 1391 დეპუტატი (67,6%)
2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 281 დეპუტატი (13,7%)
3. „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ - 148 დეპუტატი (7.2%)
4. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 47 დეპუტატი (2,3%)
5. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 31 დეპუტატი (1,5%)
6. „არასაპარლამენტო ოპოზიცია –კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე“ – 15 დეპუტატი (0,7%)
7. საინიციატივო ჯგუფი - 134 დეპუტატი (6,5%)
8. სხვა - 11 დეპუტატი (0,5%)
იმის დასადგენად, თუ რამდენად მართებულია მხოლოდ მაჟორიტარ დეპუტატთა შორის გამარჯვებული კანდიდატების რაოდენობით ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის რეიტინგის გაზომვა, ქვეყანაში მოქმედ საარჩევნო სისტემაში უნდა გავერკვეთ.
საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომელიც არჩევითი საკანონმდებლო ორგანოების (პარლამენტის და ადგილობრივი საკრებულოების), როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით დაკომპლექტებას გულისხმობს. აღნიშნული წესის თანახმად, საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში არსებული 2088 ადგილიდან 1049 მაჟორიტარული, 1039 კი პროპორციული წესით კომპლექტდება. პარლამენტის შემთხვევაში 73 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის, ხოლო 77 კანონმდებელი - პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მიხედვით, ამომრჩევლები დაყოფილნი არიან საარჩევნო ოლქებად გეოგრაფიული ზონების მიხედვით. საქართველოში მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთა შორის გამარჯვებული ის პიროვნება ხდება, რომელიც თავის საარჩევნო ოლქში ხმების ყველაზე მეტ რაოდენობას მოაგროვებს. ამ შემთხვევაში არ არსებობს რაიმე ბარიერი, გარდა იმისა, რომ კანდიდატმა კონკურენტებზე მეტი მხარდაჭერა უნდა მიიღოს.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაში კი პარტიებს შორის მანდატები მათი, როგორც პოლიტიკური ძალების მიერ მოპოვებული მხარდაჭერის პროპორციულად ნაწილდება. მაგალითისთვის, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნება“ 74%-ით იქნება წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციამ პროპორციული წესით ხმათა 46% მიიღო. აღნიშნული იმით აიხსნება, რომ 25 მაჟორიტარული ოლქიდან „ქართულმა ოცნებამ“ 24 მოიგო.
ანალოგიურად, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში პროპორციული წესით არჩევნებში 26,12% მიიღო, ის საკრებულოში 14%-ით იქნება წარმოდგენილი, „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ მაჩვენებელი პროპორციული წესით არჩევნებში 10,35% არის, თუმცა საკრებულოში მათი წარმომადგენლობა მხოლოდ 6% იქნება.
თუკი დავუშვებთ, რომ მაჟორიტარული წესით გაყვანილი დეპუტატების რაოდენობა პოლიტიკური ძალის რეიტინგის მაჩვენებელია, მაშინ მივიღებთ, რომ თბილისში „ქართული ოცნების“ რეიტინგი 96% –ია (25-დან 24 დეპუტატი), საინიციატივო ჯგუფების (ალექსანდრე ელისაშვილი) - 4% (25-დან 1 ადგილი), დანარჩენი პოლიტიკური ძალების კი–0%.
დასკვნა
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ცესკოს 16 ივნისის 18 საათის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციული წესით არჩევნებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 22,4% მიიღო, მაჟორიტარული წესით არჩევნებში 1049 დეპუტატიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 64 დეპუტატის გაყვანა შეძლო, რაც საერთო რაოდენობის 6,1%-ს შეადგენს.
საქართველოს საარჩევნო სისტემის მიხედვით, ადგილობრივი საკრებულოები როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებით კომპლექტდება. 2088 ადგილიდან 1049-ს მაჟორიტარული, 1039-ს კი პროპორციული წესით არჩეული კანდიდატები იკავებენ. შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში, საქართველოს მასშტაბით, საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობა“ 13,7%-ით (281 დეპუტატი) იქნება წარმოდგენილი.
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებაში ზუსტად ასახელებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცენტულ მონაცემებს. თუმცა, საქართველოში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის წესიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოების დაკომპლექტება პროპორციული წესითაც ხდება და ამ ნაწილში პარტიების რეიტინგი მნიშვნელოვნად განსხვავდება მაჟორიტარული წესით ნაჩვენებ შედეგთან შედარებით, პრემიერ-მინისტრის მხრიდან მონაცემთა ამგვარი ინტერპრეტაცია რეალობას არ ასახავს.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც მეორე ადგილის პრეტენზია აქვთ, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ 6,1%-ის გაყვანა შეძლეს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი რეალური რეიტინგი არის 6%,“ არის მცდარი.
„რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც მეორე ადგილის პრეტენზია აქვთ, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ 6,1%-ის გაყვანა შეძლეს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი რეალური რეიტინგი არის 6%“
25/06/2014
Неправда
заявление не точное
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные