„ბენდუქიძეს 1 ლარად აქვს ნაჩუქარი აგრარული უნივერსიტეტის 200 მილიონიანი ქონება“
მიმდინარე წლის 19 მაისს, ფაქტ-მეტრის ახალი სერვისის „შეამოწმე შენი ფაქტის“ ფარგლებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, ლაშა გოცირიძემ მოგვმართა. მან შემდეგი განცხადების გადამოწმება ითხოვა: „2013 წლის 14 მარტს, საქართველოს მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კახა ბენდუქიძემ აგრარული უნივერსიტეტის ქონება 1 ლარად შეისყიდა“. ფაქტ-მეტრმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადება მოიძია. ბიძინა ივანიშვილმა მართლაც განაცხადა: „რატომღაც ბენდუქიძეს 1 ლარად აქვს ნაჩუქარი [აგრარული უნივერსიტეტის] 200 მილიონიანი ქონება“.
ჩვენ ამ განცხადების  სიზუსტე გადავამოწმეთ. ამ საკითხის ირგვლივ მიდინარე მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყევით და ვნახეთ, თუ როგორ შეიძინა კახა ბენდუქიძემ აგრარული უნივერსიტეტის ქონება. 2011 წლის 21 მარტის N136 დადგენილების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირად - საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტად რეორგანიზაცია განხორციელდა. აღნიშნული უნივერსიტეტის დამფუძნებლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და „აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდი“ გახდნენ. მოგვიანებით, 2011 წლის 30 მარტს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელთა კრების N1 ოქმის თანახმად, აგრარული უნივერსიტეტის ერთადერთ დამფუძნებლად „აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდი“ განისაზღვრა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2011 წლის 31 იანვარს „აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდი“ დაფუძნდა, რომელსაც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა. ფონდის შექმნის მიზანი საქართველოში აგრარული განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა და განვითარება იყო. აღნიშნული ფონდის დამფუძნებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „ცოდნის ფონდი“. „ცოდნის ფონდი“ 2007 წლის 4 ივნისს დარეგისტრირდა, რომლის საქმიანობის სფეროს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მისი დამფუძნებელი კახა ბენდუქიძეა. საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს შორის, 2012 წლის 24 თებერვალს,  ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „აგრომეტის“ 100%-იანი წილი აგრარულ უნივერსიტეტს პირდაპირი მიყიდვის წესით, 4 000 000 აშშ დოლარად გადაეცა. ასევე, აგრარულ უნივერსიტეტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ანგარიშზე 1 000 000 მლნ აშშ დოლარი უნდა ჩაერიცხა. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის  განკარგულების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, შპს „აგრომეტის“ საპრივატიზაციო თანხა 150 000 აშშ დოლარით გაიზარდა. ამასთან, მყიდველს შემდეგი  ვალდებულებები ეკისრებოდა: ა) აგრარულ უნივერსიტეტს საპრივატაზაციო თანხა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა. აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხები, ჯამში 5 150 000 აშშ დოლარი, აგრარულმა უნივერსიტეტმა გადაიხადა. ბ) აგრარულ უნივერსიტეტს ხელშეკრულების გაფორმებიდან 96 თვის განმავლობაში, თბილისში დავით აღმაშენებლის მე-12 კმ-ზე  არსებული სასწავლო ინფრასტრუქტურის ძირითადად სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულებით გამოყენება. გ)  “აგრომეტის” საკუთრებაში არსებული, დავით აღმაშენებლის მე-12 კმ-ზე მდებარე 599 438 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე 6 000 000 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ 8 000 000 მლნ ლარამდე გაიზარდა. თუმცა, აღნიშნული საინვესტიციო ვალდებულების ზრდის სანაცვლოდ, მათ შემდეგი ვალდებულებები მოეხსნათ. დ)  “აგრომეტის” საკუთრებაში არსებული გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში მდებარე 305 389 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე 400 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. ე)  “აგრომეტის” საკუთრებაში არსებული თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე 69 403 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე  800 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. აქვე აღსანიშნავია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, აგრარული უნივერსიტეტს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადა 18 თვიდან 22 თვემდე გაეზარდა. მიმდინარე წლის 18 მარტს საქართველოს პროკურატურამ კახა ბენდუქიძე მოწმის სახით დაიბარა. საქმე აგრარული უნივერსიტეტის იურიდიულ პირად რეორგანიზაციას, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებულ  14 კვლევითი-სამეცნიერო დანიშნულების ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შპს „აგრომეტის“ კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შეტანას, შემდგომ კი „აგრომეტის“  პრივატიზაციას ეხებოდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი თავის განცხადებაში ამბობს, რომ აგრომეტის ღირებულება 200 მილიონი იყო. პროკურატურის ინფორმაციით, შპს „აგრომეტის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონების საბალანსო ღირებულება 65 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მლნ ლარზე მეტი იყო. თუმცა, აგრარული უნივერსიტეტის მფლობელი და რექტორი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. ფაქტ-მეტრმა შპს „აგრომეტის“ საბაზრო ღირებულების შესახებ ინფორმაცია სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან“ ოფიციალურად გამოითხოვა, რომლის მიღების შემდეგ, ჩვენ ამ ინფორმაციას დამატებით მივაწვდით მკითხველს. "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების ერთ-ერთი ფორმა პირდაპირი მიყიდვაა. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობებს. ამ შემთხვევაში,  კანონი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ თანხად, არ კრძალავს. ჩვენ გადავამოწმეთ, რამდენად შეასრულა აგრარულმა უნივერსიტეტმა საპრივატიზაციო პირობები. აგრარულ უნივერსიტეტს ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი აუდიტორული დასკვნა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უნდა წარედგინა. შპს „გრანთ თორნთონის“ აუდიტორული დასკვნის თანახმად, აგრარულმა უნივერსიტეტმა შეასრულა საინვესტიციო ვალდებულებები და 2013 წლის 24 დეკემბრის მონაცემებით მან 11.224.674 მლნ ლარის ინვესტიცია (დღგ-ს გარეშე) განახორციელა. შპს „EY  Georgia” აუდიტორული დასკვნის თანახმად, 2012 წლის 24 თებერვლიდან 2014 წლის 24 დეკემბრამდე საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა საინვესტიციო ვალდებულებები შეასრულა. ჯამში დღგ-ს გარეშე საინვესტიციო ვალდებულებების შესასრულებლად გაწეულმა ხარჯმა 11.327.593 მლნ ლარი შეადგინა. შპს „ფინანსური მართვის ჯგუფის“ მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა ნაკისრი ვალდებულებები ხელშეკრულებით დადგენილი წესით და ვადებში შეასრულა. ჯამში საინვესტიციო ღირებულებამ, 2013 წლის 24 დეკემბრისთვის, 11.201.893 მლნ ლარი (დღგ-ს გარეშე) შეადგინა. ჩვენ აგრარულ უნივერსიტეტს ადგილზე ვეწვიეთ და შეგვიძლია ასევე დავადასტუროთ, რომ უნივერსიტეტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, უსადენო ინტერნეტით, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, საკონფერენციო დარბაზებით, სასწავლო ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებითა და დარბაზებით და სხვა. ამასთან, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 2012 და 2013 წლებში ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულების მიხედვით, მეექვსე ადგილს იკავებს. აგრარულმა უნივერსიტეტმა  ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და დავით აღმაშენებლის მე-12 კმ-ზე  არსებული სასწავლო ინფრასტრუქტურა   მართლაც სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულებით გამოიყენა.   დასკვნა ჩვენი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „აგრომეტის“ საკუთრებაში იყო ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის მე-12 კმ-ზე მდებარე 599 438 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებით, ასევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში მდებარე 305 389 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებით. “აგრომეტის” საკუთრებაში იყო აგრეთვე თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე 69 403 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა შპს „აგრომეტი“ 2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინა. აღნიშნული ქონება აგრარულმა უნივერსიტეტმა 4 150 000 აშშ დოლარად შეიძინა. ამასთან, მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 1 000 000 აშშ დოლარი გადარიცხა. ანუ, ჯამში საპრივატიზაციო თანხამ 5 150 000 აშშ დოლარი შეადგინა. აგრარულ უნივერსიტეტს ასევე დაეკისრა საინვესტიციო ვალდებულება 8 000 000 ლარის ოდენობით. შპს „გრანთ თორნთონის“, შპს „EY  Georgia” და შპს „ფინანსური მართვის ჯგუფის“ მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნების თანახმად, საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა ნაკისრი ვალდებულებები ხელშეკრულებით დადგენილი ვადებში შეასრულა. 2013 წლის 24 დეკემბრისთვის ჯამში აუდიტორების მიერ დადასტურებულმა ინვესტიციების ოდენობამ 11 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. ასევე, აგრარული უნივერსიტეტი, როგორც მყიდველი ვალდებული იყო, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 96 თვის განმავლობაში, თბილისში დავით აღმაშენებლის მე-12 კმ.-ზე არსებული სასწავლო ინფრასტრუქტურა მხოლოდ სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულებით გამოეყენებინა. აგრარულმა უნივერსიტეტმა ეს ვალდებულებაც შეასრულა და დღეს ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტია. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, თავის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ აგრომეტის ღირებულება „200 მილიონი“ იყო. პროკურატურის ინფორმაციით, აგრომეტის საბალანსო ღირებულება 65 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მლნ ლარზე მეტი იყო. ამას არ ადასტურებს აგრარული უნივერსიტეტის მფლობელი და რექტორი. ფაქტ-მეტრს ამჟამად „აგრომეტის“ საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ გააჩნია. შესაბამისად, ამ ეტაპზე ფაქტ-მეტრი ვერ გამორიცხავს, რომ „აგრომეტის“ საბაზრო ღირებულება შეიძლება იმაზე მეტი ყოფილიყო, ვიდრე აგრარულ უნივერსიტეტმა გადაიხადა მის შეძენაში. თუმცა, ერთი რამ ცალსახაა - აგრარულმა უნივერსიტეტმა აღნიშნული ქონების შეძენაში 1 ლარზე გაცილებით მეტი გადაიხადა. მან „აგრომეტი“ 5 150 000 აშშ დოლარად და 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით შეიძინა. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება „ბენდუქიძეს 1 ლარად აქვს ნაჩუქარი აგრარული უნივერსიტეტის 200 მილიონიანი ქონება“, არის მცდარი.