„ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით საქართველო 2004 წელს 116-ე, ხოლო 2012 წელს - 115-ე ადგილზე იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივად შეიძლება შეფასდეს, თუ როგორი “ზრდა” გვქონდა რეგიონში. საუბარი იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა და რეგიონში
18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდგომ, მედიასთან საუბრის დროს განაცხადა: "ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით საქართველო 2004 წელს 116-ე, ხოლო 2012 წელს - 115-ე ადგილზე იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივად შეიძლება შეფასდეს, თუ როგორი “ზრდა” გვქონდა რეგიონში. საუბარი იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა და რეგიონში მოწინავე გახდა, არის აბსოლუტურად გადამეტებული და არის ტყუილი“. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებით და ის გადაამოწმა. 2003 წელს საქართველოს რეალური მშპ 8.6 მლრდ ლარს შეადგენდა, ხოლო 2012 წელს რეალურმა მშპ-მ 14.5 მლრდ ლარი შეადგინა. შესაბამისად რეალური მშპ 2003-2012 წლებში გაიზარდა დაახლოებით 1.7-ჯერ. [რეალური მშპ ასახავს ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და გაწეული მომსახურების ღირებულებას მუდმივ (ჩვენთან 2003 წლის) ფასებში, რათა მოხდეს ფასების ცვლილების, ანუ ინფლაცია/დეფლაციის გამორიცხვა. ანუ, რეალური მშპ გვიჩვენებს წარმოებული საბოლოო პროდუქციის რეალურ რაოდენობრივ ზრდას] gaor რაც შეეხება ნომინალურ მშპ-ს,მან 2003 წელს 8.6 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო 2012 წელს - 26.2 მლრდ ლარი. შესაბამისად, ნომინალური მშპ დაახლოებით სამჯერაა გაზრდილი. [ნომინალური მშპ ასახავს ქვეყანაში წარმოებული საბოლოო საქონლისა და გაწეული მომსახურების ღირებულებას მიმდინარე ფასებში] gaor2 მიუხედავად ნომინალური მშპ-ის 3-ჯერ გაზრდისა, მართებულია რეალური მშპ-ის ზრდას მივაქციოთ ყურადღება, რადგან რეალურ მშპ-ში ფასთა ცვლილება (ინფლაცია) უკვე გამორიცხულია. შესაბამისად, პრემიერის განცხადება, რომ ეკონომიკის გაორმაგებაზე საუბარი არის „აბსოლუტურად გადამეტებული და ტყუილი“, ცალსახად არაზუსტია, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკა 2003-2012 წლებში 1.7-ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება რეგიონში მოწინავე პოზიციაზე ყოფნა-არყოფნის საკითხს, სხვადასხვა კრიტერიუმებით საქართველო ნამდვილად არის რეგიონში მოწინავეთა რიგებში, მათ შორის, მაგალითად Doing Business-ის რეიტინგით, რომლის 2014 წლის ანგარიშშიც, საქართველომ მე-9 ადგილიდან მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, მაშინ როდესაც სომხეთს 37-ე ადგილი უკავია, აზერბაიჯანს კი - 70-ე. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლებით, მშპ-ის ზრდის ტემპითა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო, მაგალითად სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ბოლო ადგილზეა. აზერბაიჯანის მშპ-ის საშუალო ზრდის ტემპი 2004-2012 წლებში დაახლოებით 13.7%-ია, სომხეთის-9.7%, ხოლო საქართველოსი კი-6.1%. 2004 წელს, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის რაოდენობით (PPP-თი დათვლილი) მსოფლიოში 117-ე ადგილზე იმყოფებოდა (3,224 PPP $-ით), 2012 წელს კი 104-ე ადგილზე (5,806 PPP $-ით). სომხეთი 2004 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ოდენობით (PPP-თი დათვლილი) მსოფლიოში 110-ე ადგილზე იმყოფებოდა (3,532 PPP $-ით), 2012 წელს კი 93-ე ადგილზე (8,417 PPP $-ით). აზერბაიჯანი 2004 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ოდენობით (PPP-თი დათვლილი) მსოფლიოში 112-ე ადგილზე იმყოფებოდა (3,482 PPP $-ით), 2012 წელს კი 82-ე ადგილზე (10,125 PPP $-ით). ჩვენ, ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმთავრესი ეკონომიკური მაჩვენებლები (რუსეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა) შევადარეთ საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს. gaor3 მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველო ჩამორჩება ზემოთ აღნიშნული ქვეყნების ნახევარზე მეტს, ხოლო მშპ-ის ზრდის ტემპით მხოლოდ 3 ქვეყანას უსწრებს.   დასკვნა საქართველოს ეკონომიკა ნამდვილად არ გაორმაგებულა. რეალური მშპ 2012 წელს გაზრდილია მხოლოდ 1.7-ჯერ 2003 წლის მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ საქართველოს ეკონომიკის გაორმაგებაზე საუბარი არის „აბსოლუტურად გადამეტებული და ტყუილი“, ცალსახად არამართებულია რადგან ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა იყო ამ პერიოდის განმავლობაში. თუმცა პრემიერი მართალია როცა აცხადებს, რომ საქართველო არ გამხდარა მოწინავე, რეგიონში ეკონომიკური მაჩვენებლებით. რაც შეეხება საქართველოს ადგილს მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით, იგი 117 ადგილზე იყო 2004 წელს, რაც თითქმის ემთხვევა პრემიერ-მინისტრის დასახელებულ რიცხვს. თუმცა 2012 წელს საქართველო 104-ე ადგილზე იყო და არა 115-ზე როგორც ამას პრემიერ-მინისტრი აცხადებს. შესაბამისად, პრემიერ მინისტრის განცხადება: "ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით საქართველო 2004 წელს 116-ე, ხოლო 2012 წელს - 115-ე ადგილზე იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივად შეიძლება შეფასდეს, თუ როგორი "ზრდა" გვქონდა რეგიონში. საუბარი იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა და გახდა მოწინავე რეგიონში არის აბსოლუტურად გადამეტებული და არის ტყუილი“, არის ნახევრად სიმართლე.