2013 წლის 27 დეკემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრობისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ლარის კურსის ვარდნა გასულ წლებშიც ძალიან ბევრჯერ გვინახავს. წლის [2013] მესამე კვარტალში ჩვენ ეკონომიკის სერიოზული გამოცოცხლება და გაჯანსაღება გვაქვს. მესამე კვარტლის მონაცემებით კერძო სექტორში კომპანიების საერთო სავაჭრო ბრუნვამ 30 მლრდ ლარი შეადგინა და თუ პირველ კვარტალს შევადარებთ, მესამე კვარტალში 24%-იანი მატება გვაქვს. მომავალ წელს ჩვენ გვაქვს ეკონომიკის ზრდის 5%-ზე გათვლილი პროგნოზი, ეს არის რეალური პროგნოზი, რასაც ადასტურებენ სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები“.
ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, 2008 წლამდე ლარის კურსი ძირითადად მყარდებოდა (დოლართან მიმართებაში), ხოლო 2011 წლიდან 1.65-იანი ნიშნულის ირგვლივ დასტაბილურება დაიწყო. 2013 წლის ნოემბრიდან ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დაცემა.
ვინაიდან დოლარი საერთაშორისო ვაჭრობაში უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვალუტა, გადავწყვიტეთ, მხოლოდ დოლართან მიმართებაში გაგვეანალიზებინა ლარის კურსის ცვლილება.
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2010 წელსა და 2011 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად დაეცა. კურსმა 2010 წლის ივნისში 1.8875-იან ნიშნულს მიაღწია, 2011 წლის მეორე ნახევარში კი 1.65-იანი ნიშნულის ირგვლივ დასტაბილურდა. შესაბამისად, არასწორია პრემიერის მტკიცება, რომ ლარის კურსის ვარდნა გასულ წლებში ბევრჯერ მოხდა.
რაც შეეხება გასული წლის მესამე კვარტალში ეკონომიკის გამოცოცხლებას, ჩვენ ამ თემას ჩვენს ერთ-ერთ სტატიაში უკვე შევეხეთ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2013 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, 2014 წელს საქართველოსთვის პროგნოზირებული მშპ-ის რეალური ზრდის ტემპი 5% იყო. საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტში მშპ-ის 5%-იანი რეალური ზრდის ტემპი და 8.7%-იანი ნომინალური ზრდის ტემპია გათვალისწინებული. 2014 წელს ნომინალური მშპ-ს პროგნოზი დაახლოებით 29.35 მლრდ ლარია.
2013 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ბიზნეს სექტორში საწარმოთა ბრუნვამ 29,141 მლნ ლარი შეადგინა. იგივე მაჩვენებელი 2012 წელს კი 28,636 მლნ ლარი იყო. შესაბამისად 2013 წლის სამი კვარტლის ჯამში, ბიზნეს სექტორში საწარმოთა ბრუნვა 1.76%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება უშუალოდ კვარტალურ ზრდას, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2013 წლის პირველ და მეორე კვარტლებში 5.7% და 2.4%-იანი ზრდა, თუმცა მესამე კვარტალში კი 1.8%-იანი კლება დაფიქსირდა.
ამასთან, მესამე და პირველი კვარტლების შედარება ეკონომიკური თვალსაზრისით არამართებულია, რადგან სეზონურობის ფაქტორის გამორიცხვა არ ხდება. შესაბამისად, ბიზნეს სექტორში ბრუნვის ზრდის გასაზომადაც 2013 წლის მესამე კვარტალი 2012 წლის მესამე კვარტალს უნდა შედარდეს. აღნიშნულის შესახებ არაერთხელ განუცხადებია ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსაც.
ზოგადად, ბიზნეს აქტივობა მესამე და მეოთხე კვარტლებში პირველ კვარტალთან შედარებით, გაცილებით დიდია. 2013 წლის მესამე კვარტლის მონაცემი პირველი კვარტლის მონაცემზე 23.9%-ით მეტია. ამას მოწმობს ასევე 2011 და 2012 წლების სტატისტიკაც. მესამე კვარტლის მონაცემი ყოველთვის მნიშვნელოვნად მაღალი იყო პირველი კვარტლის მონაცემზე: 2012 წელს - 33.4%-ით, ხოლო 2011 წელს - 20.3%-ით.
დასკვნა
გასულ წლებში, ლარი დოლარის მიმართ 2008 წლამდე მყარდებოდა. გაცვლითი კურსის დაცემა მართლაც მოხდა 2010-2011 წლებში, თუმცა შემდგომ კვლავ დასტაბილურდა 1.65-ის ირგვლივ. შესაბამისად, კურსის ვარდნა მხოლოდ ერთხელ მოხდა და არა „ძალიან ბევრჯერ“, როგორც ამას პრემიერი აცხადებს. სავარაუდოა, რომ ამჟამადაც მსგავს პროცესთან გვაქვს საქმე და ლარის კურსი მოკლევადიანი გაუფასურების შემდგომ კვლავ დაუბრუნდება საწყის ნიშნულს. ამაზე მიუთითებენ სხვადასხვა ექსპერტებისა და ოფიციალური პირების შეფასებებიც.
რაც შეეხება 2014 წლის ზრდის პროგნოზს, 2013 წლის ოქტომბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს მშპ-ის პროგნოზი 5%-ია, იგივე ციფრია გათვალისწინებული 2014 წლის ბიუჯეტშიც. უფრო მეტიც, 2014 წლის იანვარში მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მშპ-ის 6.3%-იანი ზრდის პროგნოზი დაფიქსირდა. შესაბამისად, განცხადების ამ ნაწილში პრემიერის განცხადება ზუსტია.
კერძო სექტორზე საუბრისას პრემიერ-მინისტრი 2013 წლის პირველი და მესამე კვარტლების ეკონომიკურად არამართებულ შედარებას აკეთებს. მართალია მის მიერ დასახელებული პროცენტული მაჩვენებელი შეესაბამება რეალურ მაჩვენებელს, მაგრამ მესამე და პირველი კვარტლების საწარმოთა ბრუნვების შედარება არაფრის მომცემი მაჩვენებელია. თუ 2013 წლის მესამე კვარტალს წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს შევადარებთ, საწარმოთა ბრუნვის 1.8%-იან კლებას მივიღებთ. შესაბამისად, 2013 წლის მესამე კვარტალში საწარმოთა ბრუნვის მოცულობის კლება დაფიქსირდა და პრემიერი განცხადების ამ ნაწილში შეცდა.
ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „ლარის კურსის ვარდნა გასულ წლებშიც ძალიან ბევრჯერ გვინახავს. წლის [2013] მესამე კვარტალში ჩვენ ეკონომიკის სერიოზული გამოცოცხლება და გაჯანსაღება გვაქვს. მესამე კვარტლის მონაცემებით კერძო სექტორში კომპანიების საერთო სავაჭრო ბრუნვამ 30 მლრდ ლარი შეადგინა და თუ პირველ კვარტალს შევადარებთ, მესამე კვარტალში 24%-იანი მატება გვაქვს. მომავალ წელს ჩვენ გვაქვს ეკონომიკის ზრდის 5%-ზე გათვლილი პროგნოზი, ეს არის რეალური პროგნოზი, რასაც ადასტურებენ სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები“, არის მეტწილად მცდარი.
„ლარის კურსის ვარდნა ჩვენ გასულ წლებშიც ძალიან ბევრჯერ გვინახავს”
10/02/2014
В основном неправда
в заявлении есть элемент правды, но важные факты игнорированы, что могло произвести иное впечатление
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные