2013 წლის 13 ნოემბერს და 11 დეკემბერს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოს ეკონომიკაზე საუბრის დროს სახელმწიფო ვალის თემასაც შეეხო. კერძოდ, მან განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მომავალ წელს ასაღები ვალის ოდენობას ვზრდით, 2013 და 2014 წელს უფრო მეტ თანხას გავისტუმრებთ ბიუჯეტიდან, ვიდრე ვისესხებთ. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა. 2 წლის (2013 და 2014) განმავლობაში საქართველოს მთავრობას უწევს 1,700 მლნ. ლარი ვალის გასტუმრება, რაც, ძირითადად, 2008 და 2009 წლებში აღებული ვალებია. წინა წლებში 300 მლნ. ლარზე მეტი არასდროს არ გასტუმრებულა, მხოლოდ 2012 წელს შეადგინა მან 380 მლნ. ლარი. რაც შეეხება საგარეო ვალს, ჩვენ ვაპირებთ, რომ 2014 წელს 500 მლნ. ლარით შევამციროთ ძირი და დაახლოებით 187,188 მლნ. ლარით - პროცენტი. მომავალ წელს, მაგალითად, გერმანიას 50 მლნ. ლარი უნდა გადავუხადოთ, რუსეთს - 18 მილიონი, საფრანგეთს - 18 მილიონი, 340 მლნ. ლარამდე კი საერთაშორისო სავალუტო ფონდს. საგარეო ვალი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მილიარდ ნახევრიდან ოთხ მილიარდ ნახევრამდეა გაზრდილი. 2013 წლის განმავლობაში საგარეო ვალის ძირი 350 მლნ. ლარით შემცირდა, 120 მლნ. ლარი კი პროცენტი გავისტუმრეთ. წელს ჩვენ ასევე გავისტუმრეთ ნაციონალური მოძრაობის მიერ აღებული 500 მილიონიანი ევრო ობლიგაციების მომსახურების 170 მლნ. ლარი.’’
ფაქტ-მეტრი სახელმწიფო ვალის სტატისტიკით და მართვით დაინტერესდა და ფინანსთა მინისტრის განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა.
ცხრილი 1: ვალდებულებების ცვლილების სტატისტიკა
როგორც ცხრილიდან ვხედავთ, ვალდებულებების ზრდა 2008 წლიდან 2011 წლამდე მუდმივი ვარიაციებით ხასიათდება. 2011 წელს აღებული ვალის ოდენობა 2010 წელთან შედარებით თითქმის ნახევრდება, ის 712 მლნ. ლარით იკლებს და შემდეგ კვლავ ზრდას განაგრძობს. 2014 წელს ვალები 2013 წელთან შედარებით 1.8-ჯერ იზრდება და 1,636 მლნ. ლარამდე აღწევს. 2013 და 2014 წელს ვალის ოდენობა ერთად 2,504 მლნ. ლარს წარმოადგენს, ხოლო გასასტუმრებელი - 1,147 მლნ. ლარს. აქედან ვხედავთ, რომ 2013 და 2014 წლებში სახელმწიფოს უწევს 1,357 მლნ. ლარით მეტი ვალის აღება, ვიდრე გასტუმრება. შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის განცხადება: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მომავალ წელს ასაღები ვალის ოდენობას ვზრდით, 2013 და 2014 წელს უფრო მეტ თანხას გავისტუმრებთ ბიუჯეტიდან, ვიდრე ვისესხებთ“, არაზუსტია.
აქვე, ინფორმაციისთვის უნდა დავამატოთ, რომ წინა ხელისუფლების მიერ წარდგენილი 2013 წლის ბიუჯეტის მიხედვით ვალდებულებების ზრდა 816 მლნ. ლარით იყო განსაზღვრული, რაც მხოლოდ 52 მლნ. ლარით ნაკლებია დღევანდელი ხელისუფლების მიერ წარდგენილ რიცხვ 868 მილიონზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2013 და 2014 წელს სახელმწიფო გასულ წლებთან შედარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 1,147 მლნ. ლარი ვალის გასტუმრებას გეგმავს, თუმცა ეს რიცხვი 553 მლნ-ით ნაკლებია მინისტრის მიერ დასახელებულ რიცხვ - 1,700 მილიონზე. მონაცემებიდან ასევე ნათელია, რომ ვალების ყველაზე დიდი მოცულობა (2014 წელს თუ არ ჩავთვლით) 2008, 2009 და 2010 წლებში არის აღებული. ბიუჯეტში არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2013 და 2014 წლებში გადასახდელი ვალები ძირითადად 2008, 2009 და 2010 წლებში აღებული ვალების გასასტუმრებლად არის გამიზნული. აქედან გამომდინარე, ფინანსთა მინიტრის განცხადება: „2013 და 2014 წელს საქართველოს მთავრობას 1,700 მლნ. ლარი ვალის გასტუმრება უწევს, რაც, ძირითადად, 2008 და 2009 წლებში აღებული ვალებია’’, სიმართლეს შეესაბამება.
ცხრილი 2: ვალდებულებების კლების სტატისტიკა
როგორც ცხრილიდან ვხედავთ, 2004 წლიდან 2013 წლამდე ვალდებულებების კლებისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობა 300 მლნ. ლარის ფარგლებში მერყეობს. ერთადერთი გამონაკლისი 2009 წელია (349 მლნ. ლარი). აღნიშნული მეტწილად ადასტურებს ფინანსთა მინისტრის განცხადებას: „წინა წლებში 300 მლნ. ლარზე მეტი ვალი არასდროს არ გასტუმრებულა’’.
ინფორმაციისთვის უნდა დავამატოთ, რომ ზემოთ არსებული მონაცემები ვალის ძირი თანხის კლებას მოიცავს, რადგან ვალის შემცირებას მხოლოდ ძირი თანხის, და არა პროცენტის, კლება განსაზღვრავს. ცხრილიდან ასევე ნათელია, რომ 2012 წელს ვალდებულებები 139 მლნ. ლარით შემცირდა, ეს მონაცემი კი თითქმის სამჯერ - 2.7-ჯერ ნაკლებია ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებულ რიცხვ - 380 მლნ-ზე. თუ 139 მლნ. ლარს ასევე 2012 წელს გადახდილ პროცენტებსაც დავუმატებთ, მაშინ ჯამში ამ წელს გადახდილი ვალის ოდენობა - 379 მლნ. ლარს მიაღწევს. ეს რიცხვი კი ზუსტად ნოდარ ხადურის მიერ დასახელებული მონაცემია. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვინაიდან ვალის კლება მხოლოდ ძირი თანხის კლებას მოიცავს, ნოდარ ხადურის განცხადება: „მხოლოდ 2012 წელს გადახდილი იქნა 380 მლნ. ლარი’’, სიმართლეს არ შეესაბამება.
ცხრილი 3: სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა 2014 წლისთვის (ლარებში)
ცხრილიდან ვხედავთ, რომ 2014 წელს სახელმწიფო სულ 720 მლნ. ლარის გასტუმრებას გეგმავს, სადაც ძირითადი თანხა 529 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო პროცენტი - 190 მლნ. ლარს. აქედან, გერმანიას 49 მლნ. ლარი უნდა გადავუხადოთ, რუსეთსა და საფრანგეთს 18 მლნ. ლარი, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდს კი 337 მლნ. ლარი. აქედან ნათელია, რომ ფინანსთა მინისტრის განცხადება საგარეო ვალებთან დაკავშირებით: „რაც შეეხება საგარეო ვალს, ჩვენ ვაპირებთ, რომ 2014 წელს 500 მლნ. ლარით შევამციროთ ძირი და დაახლოებით 187,188 მლნ. ლარით პროცენტი. მომავალ წელს, მაგალითად, გერმანიას 50 მლნ. ლარი უნდა გადავუხადოთ, რუსეთს - 18 მილიონი, საფრანგეთს - 18 მილიონი, 340 მლნ. ლარამდე კი საერთაშორისო სავალუტო ფონდს“, სიმართლეს შეესაბამება.
ფინანსთა სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებული სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკის მიხედვით 31.12.2003-ის მდგომარეობით, სახელმწიფოს საგარეო ვალის ნაშთი 1,852 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო 31.10.2012-ის მდგომარეობით კი 4,373 მლნ. აშშ დოლარს. ეს ინფორმაცია მცირედი ცდომილებით ადასტურებს ნოდარ ხადურის განცხადებას: „საგარეო ვალი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მილიარდ ნახევრიდან ოთხ მილიარდ ნახევრამდეა გაზრდილი“.
2013 წლის ბიუჯეტის შესრულების 3 კვარტლის მონაცემებით 9 თვეში საგარეო ვალდებულებები 403 მლნ. ლარით შემცირდა. აქედან ძირ თანხას 316 მლნ. ლარი წარმოადგენს, ხოლო პროცენტს კი - 87 მლნ. ლარი. ევრობონდების გამოშვებიდან აღებული ვალდებულებები ჯამში აგრეთვე 139 მლნ. ლარით შემცირდა, სადაც ძირ თანხას - 107 მლნ. ლარი წარმოადგენს, ხოლო პროცენტს კი 32 მლნ. ლარი. ეს მონაცემები მეტწილად განსხვავდება მინისტრის განცხადებაში მოყვანილი ინფორმაციისგან, როდესაც იგი ამბობს: „2013 წლის განმავლობაში საგარეო ვალის ძირი 350 მლნ. ლარით შემცირდა, 120 მლნ. ლარი კი პროცენტი გავისტუმრეთ. წელს ჩვენ ასევე გავისტუმრეთ ნაციონალური მოძრაობის მიერ აღებული 500 მილიონიანი ევრო ობლიგაციების მომსახურების 170 მლნ. ლარი.’’
ინფორმაციისთვის, ასევე უპრიანია, მოკლედ მიმოვიხილოთ 2014 წელს 200 მლნ. ლარი შიდა ვალის დანიშნულებაც. როგორც ცნობილია, 2014 წელს სახელმწიფოს შიდა ვალის (წმინდა) ზრდა 600 მლნ. ლარით არის განსაზღვრული, საიდანაც სახელმწიფო 600 მლნ. ლარს კომერციული ბანკებიდან ისესხებს (ფასიანი ქაღალდების გამოშვების მეშვეობით) და სადაც 200 მლნ. ლარს უკან კვლავ ბანკებს ასესხებს. საქართველოს ეროვნული ბანკისა და აუდიტის სამსახურის თანახმად, დეტალები და მექანიზმი იმისა, თუ როგორ მოხდება ამ 200 მლნ. ლარი ღირებულების ფასიანი ქაღალდების გამოშვება და შემდეგ ბანკებში განთავსება, ჯერ ცნობილი არ არის და იგი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ზოგადად 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით კი მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: 200 მლნ. ლარი გამოყენებული უნდა იქნას ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის. ეს გულისხმობს 2 და 5 წლის ვადიანობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიას წინასწარ განსაზღვრული მოცულობით და მათ შეთავაზებას კომერციული ბანკებისთვის იგივე ვადით და განაკვეთით, რაც აღემატება შესაბამისი ემისიის საპროცენტო განაკვეთს. შედეგად, კომერციულ ბანკებს გაუჩნდებათ გრძელვადიანი რესურსი ეკონომიკის დაკრედიტებისთვის და ექნებათ შესაძლებლობა ფასიანი ქაღალდები გამოიყენონ გირაოდ მოკლევადიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ცხრილი 4: სახელმწიფო ვალის სტატისტიკა
როგორც ცხრილიდან ვხედავთ, სახელმწიფო ვალი 2004 წლიდან 2008 წლამდე კლების ტენდენციით ხასიათდება, 2008 წლიდან კი ზრდის ტენდენციით (რუსეთ-საქართველოს შორის ომის შემდგომი პერიოდი). 2008, 2009 და 2010 წლებში ვალები წინა წლებთან შედარებით საშუალოდ 1.2-ჯერ იზრდება, ხოლო 2010 წლიდან კი ზრდის ტემპი კლებულობს. 2014 წელს ვალები 2013 წელთან შედარებით კვლავ 1.2-ჯერ იზრდება.
გრაფიკი 1: სახელმწიფო ვალი ნომინალურ მშპ-თან მიმართებაში
ზემოთ არსებული გრაფიკიდან ნათელია, რომ 2003 წლიდან 2007 წლამდე მთლიანი სახელმწიფო ვალის პროცენტული წილი ნომინალურ მშპ-სთან მიმართებაში კლების ტენდენციით ხასიათდება, 2007 წლიდან 2010-ის ჩათვლით კი ზრდის ტენდენციით. 2010 წლიდან 2012 წლამდე იგი ისევ კლებას იწყებს და 2012 წელს 34.8%-მდე ჩამოდის. 2013 და 2014 წლის პროგნოზის მიხედვით ეს მაჩვენებელი 35.5%-მდე იზრდება. აქედან ნათელია, რომ 2014 წელს ვალი 2013 წელთან შედარებით 1.2-ჯერ ზრდის მიუხედავად მშპ-სთან მიმართებაში, მაინც სტაბილურობას ინარჩუნებს. უნდა აღინიშნოს, რომ „ეკონომიკური თავისუფლების აქტის’’ მიხედვით სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამ აქტის მხედველობაში მიღებით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ 2014 წლის ბიუჯეტის პროგნოზით ასაღები - 1,636 მლნ. ლარი ვალის ოდენობა და 10,410 მლნ. ლარი ვალის ზღვრული მოცულობა, რაც მშპ-ს 35.5% წარმოადგენს, 2014 წელს საგანგაშო ნამდვილად არ იქნება. მთავარია, ვალის ასეთი ზრდის ტენდენცია მომავალშიც არ შენარჩუნდეს.
დასკვნა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2013 წლის 13 ნოემბერსა და 11 დეკემბერს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომებზე სახელმწიფო ვალის სტატისტიკაზე და მართვაზე ისაუბრა. კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ 2013-2014 წლებში სახელმწიფო 2,504 მლნ. ლარი ვალის სეხებას და 1,147 მლნ. ლარის გასტუმრებას გეგმავს, რაც ძირითადად 2008, 2009 და 2010 წლებში აღებული ვალებია. წინა წლებში გასტუმრებული ვალების ოდენობა ძირითადად 300 მლნ. ლარის ფარგლებში მერყეობს. ერთადერთი გამონაკლისი 2009 წელია (349 მლნ. ლარი). 2012 წელს გადახდილმა ვალის მოცულობამ 139 მლნ. ლარი შეადგინა. 2014 წელს გასასტუმრებელი საგარეო ვალის ოდენობა 720 მლნ. ლარს შეადგენს. აქედან ძირი თანხა 529 მლნ. ლარია, პროცენტი კი - 190 მლნ. ლარი. ასევე, 2014 წელს სახელმწიფო გეგმავს გერმანიას 49 მლნ. ლარი გადაუხადოს, რუსეთსა და საფრანგეთს 18 მლნ. ლარი, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდს - 337 მლნ. ლარი. 31.12.2003-ის მდგომარეობით სახელმწიფოს საგარეო ვალის ნაშთი 1,852 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო 31.10.2012-ის მდგომარეობით კი - 4,373 მლნ. აშშ დოლარს. 2013 წლის 3 კვარტლის ბიუჯეტის შესრულების მიხედვით საგარეო ვალდებულებები 403 მლნ. ლარით არის შემცირებული, აქედან ძირ თანხას 317 მლნ. ლარი წარმოადგენს, ხოლო პროცენტს კი - 87 მლნ. ლარი. ასევე, 9 თვის მონაცემების მიხედვით ევრობონდების გამოშვებიდან აღებული ვალდებულებები ჯამში 139 მლნ. ლარით არის შემცირებული, აქედან ძირ თანხას - 107 მლნ. ლარი წარმოადგენს, ხოლო პროცენტს კი - 32 მლნ. ლარი.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადება: „2013 და 2014 წელს უფრო მეტ თანხას გავისტუმრებთ ბიუჯეტიდან, ვიდრე ვისესხებთ. ამ პერიოდში მთავრობას 1,700 მლნ. ლარი ვალის გასტუმრება უწევს, როცა წინა წლებში 300 მილიონზე მეტი არასდროს არ გასტუმრებულა; მხოლოდ 2012 წელს შეადგინა ამ თანხამ 380 მლნ. ლარი“, არის მეტწილად მცდარი.
„2013 და 2014 წელს უფრო მეტ თანხას გავისტუმრებთ ბიუჯეტიდან, ვიდრე ვისესხებთ. ამ პერიოდში მთავრობას 1,700 მლნ. ლარი ვალის გასტუმრება უწევს, როცა წინა წლებში 300 მილიონზე მეტი არასდროს არ გასტუმრებულა. მხოლოდ 2012 წელს ამ თანხამ 380 მლნ. ლარი შეადგინა”
16/01/2014
В основном неправда
в заявлении есть элемент правды, но важные факты игнорированы, что могло произвести иное впечатление
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные