2013 წლის 13 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართა, რომლის თემაც საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე ფინანსური და მენეჯმენტის კრიზისი იყო. დებატებისას პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო 6-8 წლის განმავლობაში არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებულ ყველა შეფასებაში საზოგადოებისათვის ინფორმაციის ყველაზე ობიექტურად მიმწოდებლად საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო დასახელებული. მიმდინარე წელს კი ობიექტურობის ხარისხითა და ყოვლის მომცველობით მას „მაესტრომ“ აჯობა.
ფაქტ-მეტრი პავლე კუბლაშვილის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
წინასაარჩევნო შეფასებების კვლევისას ჩვენ იმ საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები შევისწავლეთ, რომლებიც ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აკვირდებოდნენ.
პირველ რიგში, ფაქტ-მეტრმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ 2006-2013 წლებში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშები შეისწავლა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ გაკეთებული დასკვნები განიხილა.
2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნების დაკვირვების შეზღუდული მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, (გვ.15; არაოფიციალური ქართული თარგმანი - გვ.22) „ახალი ამბების პროგრამებში საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ პრეზიდენტისა და მთავრობის საქმიანობის გაშუქებას პროცენტულად ყველაზე მეტი დრო დაუთმო - 34% და 30%. რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტებს, ყველაზე დიდი ყურადღება დაეთმო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს (10%), რომელსაც მოსდევდა ბლოკი „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“ (5%). ამ ორი სუბიექტის გაშუქების ტონი ძირითადად პოზიტიური და ნეიტრალური იყო“.
2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დასკვნით ანგარიშში (გვ.14, არაოფიციალური ქართული თარგმანი - გვ.22) აღნიშნულია, რომ „არჩევნებამდე ოთხი კვირის განმავლობაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველაზე რეიტინგულ დროს თავისი პოლიტიკური და საარჩევნო სიუჟეტების 27 პროცენტი მიხეილ სააკაშვილს დაუთმო, რომელთა 98 პროცენტი პოზიტიური ან ნეიტრალური იყო. სააკაშვილის შემდეგ მოდის ბადრი პატარკაციშვილი 18 პროცენტით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მის ჩართულობაზე გაკეთებული სიუჟეტებით. სიუჟეტების 33 პროცენტი ნეგატიური იყო“. მიუხედავად ამისა, „ახალი ამბების გამოშვებებში არჩევნებამდე 2 კვირის განმავლობაში გაშუქება უფრო დაბალანსდა, მნიშვნელოვნად შემცირდა მიხეილ სააკაშვილისადმი დათმობილი საეთერო დრო ყველაზე რეიტინგულ დროს… თუმცა გაშუქების ტონალობა ფაქტობრივად უცვლელი დარჩა“.
2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დასკვნითი ანგარიშის (გვ.16, არაოფიციალური ქართული თარგმანი - გვ.30) მიხედვით, „სატელევიზიო ახალ ამბებში საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას არ იყო დაცული ბალანსი იმ ტელეკომპანიების უმეტესობაში, რომელთა მონიტორინგიც OSCE/ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ განახორციელა. თითქმის ყველა ტელეარხზე საეთერო დროის უმეტესი ნაწილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ მოდიოდა. ამ მხრივ გამონაკლისს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წარმოადგენდა". „საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ყველაზე რეიტინგული დროის პოლიტიკურ და საარჩევნო საინფორმაციო გამოშვებებში თანაბარი დრო დაუთმო „გაერთიანებულ ოპოზიციას“ (18%) და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (17%). მაშინ, როდესაც მართველი პარტიის გაშუქების ტონალობა უაღრესად პოზიტიური იყო, მთავარი ოპოზიციური ბლოკი ძირითადად ნეიტრალური ტონალობით გაშუქდა. გაშუქების მეტი წილი პრეზიდენტსა და მთავრობაზე მოდიოდა (ერთად 32%) და უაღრესად პოზიტიური ტონალობით ხასიათდებოდა“. თუმცა ამავე დროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ „იმ ტელეკომპანიათა უმეტესობამ, რომელთა მონიტორინგსაც მისია ახორციელებდა, „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჩათვლით, ხელისუფლების ღონისძიებებს ხანგრძლივი და კეთილგანწყობილი სიუჟეტები მიუძღვნა“.
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დასკვნით ანგარიშში (გვ.15-16) აღნიშნულია, რომ „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა თავისი ახალი ამბების გამოშვებებში საკუთარ მაყურებელს შესთავაზა წინასაარჩევნო კამპანიის დაბალანსებული სურათი. შედარებისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული ყველა სხვა ტელეარხის მიერ საკუთარ საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქებული წინასაარჩევნო კამპანია იყო დაუბალანსებელი, რადგან მათი ნაწილი მხარს უჭერდა მთავრობას, მეორე ნაწილი კი ოპოზიციას“. „საარჩევნო კამპანიის ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ჩატარებული მედია მონიტორინგის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა თავისი პოლიტიკური და წინასაარჩევნო ახალი ამბების 14% დაუთმო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და 15% - „ალიანსს საქართველოსათვის“. ხარისხობრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოჩინდა ოდნავ პოზიტიურად, ვიდრე „ალიანსი საქართველოსათვის“. „საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხმა უზრუნველყო ყველა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მუდმივად გაშუქება“.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დასკვნითი ანგარიშის (გვ.20, არაოფიციალური ქართული თარგმანი - გვ.39) თანახმად, მედია მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ „მონიტორინგს დაქვემდებარებული მედია საშუალებებიდან მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა მოახდინა წინასაარჩევნო კამპანიის პოლიტიკურად დაბალანსებულად გაშუქება. პირველი არხის ახალი ამბების გამოშვებებში არჩევნების ძირითადი მონაწილეების - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების საქმიანობა ძირითადად პოზიტიურად, ნეიტრალურად და თანაბარი პროპორციით იყო გაშუქებული (შესაბამისად 14 და 18 პროცენტი)“. „საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას საკუთარი შეხედულების თავისუფლად და ყოველგვარი მოდერაციის გარეშე წარდგენის საშუალებას აძლევდა, აღნიშნული არხი ასევე ფართოდ აშუქებდა მათ წინასაარჩევნო აქტივობებს“. თუმცა აქვე აღნიშნულია (გვ.18, არაოფიციალური ქართული თარგმანი - გვ.35), რომ „უფასო პოლიტიკური რეკლამების მედია მონიტორინგმა აჩვენა, რომ ყველა სარეკლამო ბლოკი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 და 2 არხებზე გადიოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეკლამებით იწყებოდა და მთავრდებოდა, რასაც შესაძლოა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის სხვა სუბიექტებთან შედარებით გარკვეული უპირატესობა მიეცა“.
2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების განცხადებაში წინასწარ შეფასებებსა და დასკვნებზე (გვ.9, არაოფიციალური ქართული თარგმანი - გვ.14-15) აღნიშნულია, რომ „მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უზრუნველყო კვალიფიციური კანდიდატების თანაბრად გაშუქება. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ახალი ამბების გამოშვებებში ერთნაირი პროპორციულობით აშუქებდა (12-14 პროცენტამდე არჩევნების გაშუქება) დავით ბაქრაძეს, ნინო ბურჯანაძეს, გიორგი მარგველაშვილს და გიორგი თარგამაძეს, კობა დავითაშვილს, ზურაბ ხარატიშვილს“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებითაც. აღსანიშნავია, რომ მედია-გარემოს შეფასება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშია მოყვანილი. მედია-გარემოს აღწერისას აღნიშნულია, (გვ7) რომ „მედია მონიტორინგის ჯგუფების ანგარიშების მიხედვით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყო პოლიტიკურად მეტად დაბალანსებული ახალი ამბების გაშუქება, მაშინ როდესაც ტელეკომპანიები „რუსთავი–2“ და „იმედი“ აღიქმებიან, როგორც ხელისუფლების ინტერესების გამომხატველ, ხოლო „კავკასია“, „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ პრო-ოპოზიციურ არხებად“. ხოლო რაც შეეხება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს (გვ.9), მასში გამოთქმულია შეშფოთება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მისიის ანგარიშში მოყვანილია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებაც, რომლის თანახმად, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ შეძლო საკუთარი მისიის შესრულება და წინასაარჩევნო კამპანიის სიღრმისეულად გაშუქება, რაც მაუწყებელში მიმდინარე ფინანსური და მენეჯმენტის კრიზისითაა გამოწვეული. აღნიშნული კრიზისი, კი, თავის მხრივ მაუწყებელში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგია“.
სრული სურათის წარმოჩენის მიზნით, ფაქტ-მეტრი ასევე გაეცნო სხვა ადგილობრივი ორგანიზაციების წინასაარჩევნო მედია-მონიტორინგის დასკვნებსაც.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა საარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში (23.09.2012-30.09.2012) აღნიშნულია (გვ.13), რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ საინფორმაციო გამოშვებებში უმეტესად უზრუნველყოფილია ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების სათანადო წარმოჩენა, ხოლო სტუდიაში მოწვეული სტუმრების შერჩევისას დაცული იყო წარმომადგენლობითობა და ბალანსი. სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეთერში კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს უმეტესად ეძლეოდათ ყოველდღიურ ახალ ამბებში მნიშვნელოვან საკითხებზე კომენტარის გაკეთების საშუალებაც“. თუმცა კომისიის ანგარიშში ანალოგიურად არის შეფასებული ტელეკომპანიების „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედისა“ და „მეორე არხის“ საქმიანობა. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის მიერ სხვა არჩევნებზე წინა საარჩევნო მედია მონიტორინგი არ ჩატარებულა.
„მედიამონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგების ქვეთავში, სატელევიზიო არხების მონიტორინგის შედეგები, (გვ.20) აღნიშნულია, რომ პირველი არხისა და კავკასიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები, ძირითადად, ნაკლებად მიკერძოებული იყო. თუმცა ივნისიდან სექტემბრის პერიოდში პირველ არხზე შედარებით თვალში საცემი იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დადებითი წარმოჩენა.
რაც შეეხება პავლე კუბლაშვილის განცხადების მეორე ნაწილს, „მაესტროს“ შესახებ შეფასება მხოლოდ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების განცხადებაში წინასწარ შეფასებებსა და დასკვნებზე (გვ.9, არაოფიციალური ქართული თარგმანი - გვ.14-15) გვხვდება. კერძოდ, „კერძო ტელეკომპანიების ახალი ამბების გამოშვებები, რომელთა მონიტორინგიც განახორციელა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ, უმეტესად ეთმობოდა გიორგი მარგველაშვილისა და დავით ბაქრაძის ღონისძიებებს. ტელეკომპანია „მაესტრომ“ თანაბრად გააშუქა ორივე კანდიდატი, ძირითადად, ნეიტრალური ტონით“.
ფაქტ-მეტრმა პავლე კუბლაშვილთანაც გადაამოწმა, თუ რომელი ორგანიზაციის დასკვნას ეყრდნობოდა დეპუტატი 2013 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მაესტროს უპირატესობაზე განცხადების გაკეთებისას. ჩვენს საპარლამენტო კორესპონდენტთან საუბრისას პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ამგვარი შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დეპუტატთან პირად საუბრებში დააფიქსირეს.
დასკვნა
წინამდებარე შეფასებებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წინასაარჩევნო ანგარიშებში შეიმჩნეოდა ტენდენცია, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვა ქართულ ტელეკომპანიებთან შედარებით საზოგადოებისათვის ინფორმაციის ყველაზე ობიექტური მიმწოდებელი იყო. თუმცა, სხვადასხვა ანგარიშებში ასევე საუბარია საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ პრობლემებზეც. პავლე კუბლაშვილი ძირითადად მართალია განცხადების იმ ნაწილში, სადაც ბოლო 6-8 წლის განმავლობაში წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამოთქმულ შეფასებებზე საუბრობს. თუმცა, ამავე დროს, დეპუტატი საერთოდ არ ახსენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით გამოთქმულ იმ შენიშვნებს, რაც ამავე შეფასებებშია აღნიშნული.
დეპუტატი ასევე გარკვეულწილად სწორად მიუთითებს 2013 წელს საზოგადოებრივ მაუწყებლობაში არსებულ პრობლემაზეც. ამასვე ადასტურებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებაზე დაყრდნობით ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიც (NDI): „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ შეძლო საკუთარი მისიის შესრულება და წინასაარჩევნო კამპანიის სიღრმისეულად გაშუქება“. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებაში ODIHR აღნიშნავს, რომ „მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უზრუნველყო კვალიფიციური კანდიდატების თანაბრად გაშუქება“.
რაც შეეხება პავლე კუბლაშვილის განცხადების ნაწილს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ წინასაარჩევნო პროცესის კამპანიის ყველაზე ობიექტურად გაშუქების შესახებ, მსგავსი შეფასება არც ერთ ანგარიშში არ გვხვდება და დეპუტატი ფაქტ-მეტრთან საუბარში ამ საკითხზე მხოლოდ მის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირად საუბრებზე მიუთითებს.
ჩვენ ვასკვნით, რომ პავლე კუბლაშვილის განცხადება: „ყველა შეფასებაში (ბოლო 6-8 წლის განმავლობაში) საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო დასახელებული, როგორც ინფორმაციის ყველაზე ობიექტური მიმწოდებელი. ერთადერთი როდესაც ეს შეიცვალა, ეს არის წლევანდელი წელი, როდესაც თავისი გაშუქების და ობიექტურობის ხარისხით, ყოვლის მომცველობით, საზოგადოებრივ მაუწყებელს „მაესტრომ“ აჯობა”, არის ნახევრად სიმართლე.
“ყველა შეფასებაში (ბოლო 6-8 წლის განმავლობაში) საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო დასახელებული, როგორც ინფორმაციის ყველაზე ობიექტური მიმწოდებელი. ერთადერთი როდესაც ეს შეიცვალა, ეს არის წლევანდელი წელი, როდესაც თავისი გაშუქების და ობიექტურობის ხარისხით, ყოვლის
10/01/2014
Полуправда
заявление частично точное, но в нем отсутствуют детали или некоторые вопросы расмотрены без контекста
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные