“აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება გადის საქართველოს კონსტიტუციური სივრციდან, რაც იურიდიულად მისცემს საშუალებას მას, რომ პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დააკომპლექტოს აფხაზეთის მთავრობა”

2013 წლის 23 სექტემბერს, პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ხარატიშვილმა, ბრიფინგზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობა ორი თვის წინ თვითნებურად შეცვალეს. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, “აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება გადის საქართველოს კონსტიტუციური სივრციდან, რაც იურიდიულად მისცემს საშუალებას მას, რომ როგორც დღეს არსებული, ასევე მომავალი პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დააკომპლექტოს აფხაზეთის მთავრობა”.

 

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება სიმართლეს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მეოთხე ნაწილი აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს ანიჭებს. ეს ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი საქართველოს იურისდიქციაში შემავალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია, რომელსაც საკუთარი კონსტიტუცია, ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები და სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები გააჩნია. სწორედ ტერიტორიული ერთეულის სტატუსიდან გამომდინარე, მმართველობის ორგანოების არჩევისა და დანიშვნის წესი ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის რეგულირების საგანია.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. დღესდღეობით, უმაღლესი საბჭოს არჩევის წესი კანონმდებლობით არ რეგულირდება. დღეს მოქმედი საბჭო 1991 წლის დეკემბერში აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნების შედეგად აირჩა. არსებული კონფლიქტის გამო, საბჭოს ხელახალი არჩევნები არ ჩატარებულა. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, არსებულ საბჭოს უფლებამოსილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე გაუგრძელდა. შესაბამისად, აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად, სწორედ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა უფლებამოსილი ცვლილებები შეიტანოს აფხაზეთის კონსტიტუციაში.

 

რაც შეეხება ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამ ფუნქციას, აფხაზეთის კონსტიტუციის 111-ე მუხლის თანახმად, აფხაზეთის მთავრობა ასრულებს.  2013 წლის 20 აგვისტომდე აფხაზეთის კონსტიტუციის 1121 მუხლის თანახმად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით ნიშნავდა. 2013 წლის 20 აგვისტოს, უმაღლესმა საბჭომ მიიღო კონსტიტუციური კანონი “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ.” ცვლილებების შედეგად, აფხაზეთის კონსტიტუციის 1121 მუხლს 3-5 პუნქტები დაემატა, რომლის მიხედვითაც, შემოვიდა სრულიად ახალი, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტი. მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიეცა უფლებამოსილება პრეზიდენტის თანხმობის გარეშე, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წარდგინებით, დანიშნოს მოვალეობის შემსრულებელი. ცვლილებებმა არ გააუქმა არსებული წესი, უბრალოდ დამატებითი ინსტიტუტი შემოიღო. ფაქტ-მეტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იურიდიული სამსახურის უფროსს, ბატონ ნოდარ ჯალაღონიას დაუკავშირდა. მისი განცხადებით, მოვალეობის შემსრულებელი ზუსტად იმავე უფლებამოსილებებითაა აღჭურვილი, როგორც მთავრობის თავმჯდომარე.

 

ზურაბ ხარატიშვილი განცხადებაში მიუთითებს, რომ კონსტიტუციის შეცვლა თვითნებურად მოხდა. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას, თავისი სტატუსიდან გამომდინარე, უფლება აქვს  სრულიად დამოუკიდებლად შეცვალოს საკუთარი კანონმდებლობა. თუმცა, საინტერესოა, რამდენად შეესაბამებოდა მიღებული ცვლილებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს.

 

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უმაღლესმა საბჭომ აღნიშნული ცვლილებები რიგგარეშე სესიაზე მიიღო. რეგლამენტის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს მთავრობის თავმჯდომარეს, საკუთარი ინიციატივით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ან/და უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, 2013 წლის 20 აგვისტოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათში არ გამოუციათ. სწორედ ამიტომ, 48 საათის შემდეგ, რეგლამენტის 71-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უმაღლესი საბჭო შეუდგა მუშაობას.

 

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 16-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეალურად, საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არის 34 წევრი. რეგლამენტის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს უჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედი. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად 22 დეპუტატის ხელმოწერა იყო საჭირო. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს იურიდიული სამსახურის უფროსის, თამაზ სანიკიძის განცხადებით, დღესდღეობით საბჭოს მხოლოდ 24 წევრი ყავს (ნაწილი გარდაიცვალა, ხოლო ნაწილი საბჭოს წევრი აღარ არის). სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი ორი მესამედი, გამოთვლილი იქნა 24-დან და არა 34-დან. კანონის მსგავსი ინტერპრეტაცია აშკარად ეწინააღმდეგება რეგლამენტის ჩანაწერს.

 

გარდა ამისა, რეგლამენტის 89-ე მუხლის თანახმად, კანონპროექტს თან უნდა დაერთოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დასკვნა, წარდგენილი პროექტის საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებსა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესახებ. როგორც იურისტი თამაზ სანიკიძე აღნიშნავს, მსგავსი დასკვნა არსებობდა, თუმცა, იუსტიციის დეპარტამენტი უარყოფითად აფასებდა აღნიშნულ ცვლილებებს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2013 წლის აპრილის დასაწყისში, მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, გია ბარამიას გადადგომის შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარის შემსრულებელი არის ვახტანგ ყოლბაია. როგორც თამაზ სანიკიძე აცხადებს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო შეეცადა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან მიეღო თანხმობა მის კანდიდატურასთან დაკავშირებით, თუმცა, უშედეგოდ. იურისტის განცხადებით, “მთავრობა იყო სრულიად პარალიზებული, რადგან თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა  მთავრობის სხვა წევრების უფლებამოსილების შეწყვეტასაც იწვევს. მართალია, ამ პერიოდში არ არსებობდა მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტი, თუმცა, იმისთვის, რომ მთავრობას ეარსება, ბატონი ყოლბაია ასრულებდა ამ ფუნქციას. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ეს ხარვეზი გამოსწორდა”.

 

დასკვნა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ნამდვილად შეიტანა აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა მომავალში საქართველოს პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც იქნება შესაძლებელი. ზურაბ ხარატიშვილი ცდება, როცა ამბობს, რომ პრეზიდენტს მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა ამ ცვლილებების შედეგად ჩამოერთვა, რადგან მსგავსი უფლებამოსილება მას არასდროს ჰქონია. აღსანიშავია ისიც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების დროს დაირღვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი. მიუხედავად ამისა, მაინც გადაჭარბებულია პრეზიდენტობის კანდიდატის შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთი მსგავსი ქმედებით გადის საქართველოს კონსტიტუციური სივრციდან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს საქართველოს კონსტიტუცია არეგულირებს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული ცვლილებები ამ ფაქტს ვერასოდეს შეცვლის, რადგან “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველო კანონის მე-7 მუხლის მე-12 პუნქტის “ა”ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვთ უპირატესი ძალა ავტონომიური რესპუბლიკის აქტების მიმართ.

 

ამრიგად, ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ ხარატიშვილის განცხადება, “აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება გადის საქართველოს კონსტიტუციური სივრციდან, რაც იურიდიულად მისცემს საშუალებას მას, რომ პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დააკომპლექტოს აფხაზეთის მთავრობა”, არის ნახევრად სიმართლე.