წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური დებატები გაიმართა. სხვა დეპუტატებთან ერთად დებატებზე სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძეც გამოვიდა. ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას მან განაცხადა: „ბიზნესის თვალსაზრისით 2013 წლის პირველი ორი კვარტლის მთლიანი ბრუნვის მოცულობამ შეადგინა 18 მილიარდ 465 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4%–ით აღემატება. გამოშვებული პროდუქციის მოცულობა კი 9 მილიარდ 465 მილიონი ლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს 2%–ით ჭარბობს. 2013 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წლის პირველ ნახევარში დასაქმებულთა რაოდენობას 5%–ით ჭარბობს. 2013 წლის პირველ ნახევარში დასაქმებულთა ხელფასების რაოდენობა ასევე 5%–ით ჭარბობს 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“.
ფაქტ–მეტრი დეპუტატის მიერ მოყვანილი ციფრების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით 2012 წლის პირველ ნახევარში ბიზნეს სექტორში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 17,7 მილიარდი ლარი შეადგინა (იხ. ბმულები: 1–ლი კვარტალი / მე–2 კვარტალი) 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 18,5 მილიარდია.შესაბამისად, 2013 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 4,5%–ით აღემატება 2012 წლის იგივე პერიოდის მონაცემს.
2013წლის პირველ 6 თვეში გამოშვებული პროდუქცია 9,5 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2%–ით ჭარბობს გასული წლის მაჩვენებელს (9,3 მილიარდი).
2013 წლის პირველ ორ კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 494,600–ს უდრის. ეს მონაცემი 1,7%–ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (486,550დასაქმებული).
2013 წლის პირველ 6 თვეში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასების საერთო საშუალო რაოდენობა 755,350 ლარს უდრის (იხ. ბმულები: 1–ლი კვარტალი / მე–2 კვარტალი)და იგი 5,4%–ით აღემატება გასულ წლის იგივე პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემს (716,350 ლარი).
სრულყოფილი ეკონომიკური სურათის შესაქმნელად ჩვენ 2012 წლის მონაცემების წინა წლების სტატისტიკასთან შედარება გვსურდა, რათა ბიზნეს სექტორში წლიდან წლამდე დაფიქსირებული ზრდის ტემპი გაგვეანალიზებინა. თუმცა, როგორც ცნობილია და ფაქტ-მეტრი ამის შესახებ უკვე წერდა, 2012 წლის პირველი კვარტლიდან „საქსტატმა“ ბიზნეს სექტორის კვლევაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, უწყებამ კვლევის არეალი გააფართოვა (40 ათასი საწარმოს ნაცვლად გამოიკვლია 60 ათასი), რამაც ძველი მონაცემების მნიშვნელოვანი ცვლილება (ზრდა) გამოიწვია. ამ ფაქტორის გამო, ბიზნეს სექტორის ზრდის ზუსტი ტემპის დადგენა წლების მიხედვით არ ხერხდება, რაზეც „საქსტატის“ წარმომადგენლებიც მიუთითებენ.
დასკვნაზურაბ აბაშიძის განცხადების გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დეპუტატი სწორად ასახელებს საწარმოთა ბრუნვის, გამოშვებული პროდუქციის და ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასების პროცენტული ზრდის მონაცემებს. განსხვავებული ვითარებაა დასაქმებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით. მართალია ზრდა აქაც შეინიშნება, თუმცა არა 5%–იანი (ბიზნეს სექტორში 2013 წლის პირველ ნახევარში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 1,7%–ით აღემატება გასული წლის იგივე მონაცემს).
სტატიაში გაანალიზებულ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ აბაშიძის განცხადება: „ბიზნესის თვალსაზრისით 2013 წლის პირველი ორი კვარტლის მთლიანი ბრუნვის მოცულობამ შეადგინა 18 მილიარდ 465 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4%–ით აღემატება. გამოშვებული პროდუქციის მოცულება კი 9 მილიარდ 465 მილიონი ლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს 2%–ით ჭარბობს. 2013 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წლის პირველ ნახევარში დასაქმებულთა რაოდენობას 5%–ით ჭარბობს. 2013 წლის პირველ ნახევარში დასაქმებულთა ხელფასების რაოდენობა ასევე 5%–ით ჭარბობს 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“ არის მეტწილად სიმართლე.