"2008 წელს პრეზიდენტმა თავს უფლება მისცა დაეთხოვა “საზოგადოებრივი  მაუწყებლის” არსებული საბჭო და შეექმნა ახალი შემადგენლობა”
2013 წლის 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განიხილებოდა პრეზიდენტის ვეტო და მოტივირებული შენიშვნები “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტის ოთხი შენიშვნიდან ერთ-ერთი ეხებოდა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრების ვადაზე ადრე დათხოვნას. პრეზიდენტის ამ შენიშვნის პასუხად, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ელისო ჩაფიძემ, განაცხადა: “2008 წელს პრეზიდენტმა თავს უფლება მისცა დაეთხოვა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” არსებული საბჭო და შეექმნა ახალი შემადგენლობა. ეს მოხდა პოლიტიკური ძალების გარიგებისა და მოლაპარაკების საფუძველზე და არავითარი კავშირი ამას კანონთან არ ჰქონია.” ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ როგორ მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დათხოვნა 2008 წელს. ამის გასარკვევად “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თამჯდომარეს ლევან გახელაძეს მივმართეთ. როგორც მისი წერილის  საფუძველზე ირკვევა, 2005 წელს ორმა მეურვემ, თამარ კინწურაშვილმა და გიორგი ხუბუამ, სამეურვეო საბჭო სხვა თანამდებობებზე დანიშვნის გამო დატოვეს (გიორგი ხუბუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, თამარ კინწურაშვილი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად იქნა არჩეული). 2007 წლის გაზაფხულიდან სამეურვეო საბჭოს სამ წევრს (გია ნოდიას, ალექსანდრე რონდელს, ნინო ანანიაშვილს) როტაციის წესის მიხედვით წევრობის უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ. 2007 წლის ოქტომბერში ლევან თარხნიშვილი საქართველოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა და შესაბამისად მანაც დატოვა საბჭო. შედეგად, 2007 წლის ბოლოსთვის საბჭოში დარჩა სამი წევრი - რუსუდან სებისკვერაძე, ფრიდონ თოდუა და მამუკა ხერხეულიძე. გამომდინარე იქედან, რომ საბჭოს მხოლოდ სამი წევრი ჰყავდა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი  შეჩერებული იყო და 2007 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის თებერვლამდე, ანუ ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევამდე, სხდომა არ ჩატარებულა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამეურვეო საბჭოს დაშლა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, დარჩენილმა სამმა წევრმა “მაუწყებლობის შესახებ” კანონის 27-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე სამეურვეო საბჭოს წევრობიდან გადადგომის მიზნით განცხადება დაწერა. იგივე დაგვიდასტურა საუბარში ლევან გახელაძემაც. ამ თემის გარშემო არსებული პოლიტიკური კონტექსტის გასაგებად, მნიშვნელოვანია იმ დროს პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებული განცხადებების გაანალიზება. 2008 წლის დასაწყისში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე იყო. 15 იანვარს მან განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციის შესახებ შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულია. მან ასევე აღნიშნა, რომ საბჭოს დარჩენილი სამი წევრი მზადაა დატოვოს თანამდებობები. იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაცია პოლიტიკური ძალების შეთანხმების საფუძველზე მოხდა, ლევან გახელაძეც ადასტურებს. საბოლოოდ, 2008 წლის დასაწყისში სამეურვეო საბჭოს დარჩენილმა სამმა წევრმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 2008 წლის 26 თებერვალს კი პარლამენტმა საბჭოს ახალი 9 წევრი აირჩია. დასკვნა 2008 წლის დასაწყისში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მხოლოდ სამი წევრი იყო დარჩენილი. დანარჩენი ექვსი წევრიდან სამს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ხოლო სამი კი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა. პოლიტიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლება და ოპოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულ რეორგანიზაციაზე შეთანხმდნენ. რუსუდან სებისკევრაძემ, ფრიდონ თოდუამ და მამუკა ხერხეულიძემ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს თანამდებობა, რათა ხელი არ შეეშალათ ამ პროცესისთვის. შესაბამისად, მათი დათხოვნა არ მომხდარა პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ან მისი ბრძანებით. ამრიგად, ელისო ჩაფიძის განცხადება, “2008 წელს პრეზიდენტმა თავს უფლება მისცა დაეთხოვა “საზოგადოებრივი  მაუწყებლის” არსებული საბჭო და შეექმნა ახალი შემადგენლობა“, არის მეტწილად მცდარი.