2025 წელს საქართველოს ეკონომიკა პირველად 100 მლრდ ლარს და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს პირველად გადასცდება

ირაკლი კობახიძე: 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა პირველად 100 მლრდ ლარს და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს პირველად გადასცდება

ვერდიქტი: „ფატ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

2024 წელს, მიმდინარე ფასებში დათვლით საქართველოს მშპ-მ 93 მლრდ ლარი შეადგინა, 2025 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 101 მლრდ ლარია. იანვარ-ოქტომბერში ეკონომიკა დაგეგმილზე მეტად - 7.6%-ით გაიზარდა, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ 101 მლრდ-იანი პროგნოზი რეალისტურია.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2024 წელს 9140 დოლარს უდრიდა, 2025 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 10 000 დოლარია და მთლიანი ეკონომიკის მსგავსად ეს მაჩვენებელიც მიღწევადია.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ დასახელებული რიცხვები სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ხაზგასმა სიტყვა პირველზე გადაჭარბებულია, რადგან უმნიშვნელო ეკონომიკური ზრდის პირობებშიც კი, ყოველ მომდევნო წელს ეკონომიკის მოცულობა წინა წლის მაჩვენებელს აჭარბებს და პირველად სცდება რაიმე ნიშნულს. 2020 წელს 6.3%-იანი ეკონომიკური ვარდნის ფონზე, ინფლაციის ხარჯზე, მიმდინარე ფასში დათვლილმა მშპ-მ რეკორდულ 49.8 მლრდ ლარიან ნიშნულს მიაღწია.
დასახელებული სტატისტიკური მონაცემები სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ის მდგომარეობის შესაფასებლად არასაკმარისი წინაპირობაა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება ვერდიქტის გარეშე დატოვა.

ანალიზი:

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა: „100 მლრდ-ს პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა, ასევე ერთ სულ მოსახლეზე 10 000 აშშ დოლარს გადასცდება პირველად“.

საქართველოს მშპ-მ 2024 წელს 93 მლრდ ლარს მიაღწია, საბაზო სცენარის მიხედვით, 2025 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 101 მლრდ-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ 10 თვეში ეკონომიკა დაგეგმილზე მეტად 7.6%-ით გაიზარდა, დასახელებული ნიშნული - 100 მლრდ თავისუფლად მიღწევადი უნდა იყოს. რეალურად პრობლემა სხვაა, დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც კი ყოველ მომდევნო წელს ეკონომიკის მოცულობა ყველა წინა წლის მაჩვენებელს აღემატება და ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. უფრო მეტიც, მიმდინარე ფასში დათვლილ ეკონომიკაზე გავლენას ინფლაციაც ახდენს და ის შესაძლოა, ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი გაიზარდოს. 2020 წელს ეკონომიკის 6.3%-იანი ვარდნის მიუხედავად, მიმდინარე ფასში დათვლილი მშპ უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც 49.7-დან 49.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა. მიმდინარე ფასებში დათვლით, 2019-2025 წლებში ეკონომიკა გაორმაგდა, ეს მაშინ, როცა იმავე პერიოდში რეალური ეკონომიკა 47%-ითაა გაზრდილი. რეალურ და მიმდინარე ფასებში დათვლილ ეკონომიკებს შორის აცდენა ინფლაციამ გამოიწვია. 2020-205 წლებში სამომხმარებლო ფასები 39%-ით გაიზარდა.

გრაფიკი 1: მშპ (მლრდ. ლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ირაკლი კობახიძემ ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი მშპ-ც ახსენა, ოღონდ ეს უკვე დოლარში. სხვადასხვა ვალუტის დასახელების მიზეზი, სავარაუდოდ, მრგვალი რიცხვები გახდა - 100 მლრდ ლარი და 10 ათასი დოლარი.

მთლიანი ეკონომიკის მსგავსად, ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარიც საბაზო სცენარის მიხედვითაა გაწერილი. ეროვნული ვალუტისგან განსხვავებით, უცხოურ ვალუტაში მიმდინარე ფასებში ანგარიშისას კიდევ ერთი ფაქტორი კურსის ცვლილება შემოდის. თუ მხოლოდ მიმდინარე ფასში დოლარში დავითვლით მშპ-ს, აღმოჩნდება, რომ 2012-2020 წლებში ის 5%-ით 4530-დან 4300-მდე შემცირდა, როცა რეალურმა ზრდამ 29% შეადგინა.

ორივე დასახელებული რიცხვი 100 მლრდ ლარიც და 10 ათასი დოლარიც საბაზო სცენარიდანაა. დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ პროგნოზი გამართლდება, თუმცა 100 მლრდ-სთვის პირველად გადაჭარბება არსებითად არაფერს ამბობს. 2024 წელს პირველად გადააჭარბა ეკონომიკამ 90 მლრდ ლარს და 2023 წელსაც ასევე პირველად გადააჭარბა 80 მლრდ-ს. თითქმის იმავეს თქმა შეიძლება ერთ სულ მოსახლეზე დათვლილ მშპ-ზეც.

დასახელებული სტატისტიკური მონაცემები სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ის მდგომარეობის შესაფასებლად არასაკმარისი წინაპირობაა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება ვერდიქტის გარეშე დატოვა.