ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მიღწეულია ფასების სტაბილურობაც

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მიღწეულია ფასების სტაბილურობაც

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში მშპ-ის ზრდის ტემპმა 7.7% შეადგინა, იანვარ-აგვისტოში[1] 7.9%. სახელმწიფო ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზეა გათვლილი. 9 თვის ზრდის ტემპი 2013-2019 წლების პერიოდის ნებისმიერ ცალკე აღებული წლის მაჩვენებელს აღემატება, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებული ზრდის ტემპი 2021-2024 წლის მაჩვენებლებს ჩამორჩება, გარდა ამისა, შეინიშნება კვარტალური კლებაც, იანვარ-მარტში ეკონომიკა 9.8%-ით გაიზარდა, ივლის-სექტემბერში - 6.5%-ით.
ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს, მაგრამ იანვარ-ოქტომბერში მან უკვე 3.8%-ს მიაღწია, უშუალოდ ოქტომბერში კი 5.2%-ს, რაც 2023 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 4%-მდე, ხოლო 2026 წლის პროგნოზი 3.5%-მდე გაზარდა. სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, ფასების ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალია სურსათზე, მესამე კვარტალში საკვები პროდუქტები 10.8%-ით გაძვირდა.
მშპ-ის ნაწილში სწორად დასახელებული მონაცემისა და ინფლაციის ნაწილში მცდარი ინფორმაციის გადმოცემის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე საუბრისას განაცხადა: „წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის პირველი რვა თვის ეკონომიკური ზრდა 7.9 პროცენტს აღწევს“... „ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მიღწეულია ფასების სტაბილურობაც. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია შემცირდა და ორი წლის განმავლობაში მიზნობრივ დონესთან შედარებით დაბალ მაჩვენებელზე შენარჩუნდა. 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.1 პროცენტი იყო და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. ფასების სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე წელსაც ნარჩუნდება“.

იანვარ-აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდის ტემპმა 7.9% შეადგინა. პირველ კვარტალში ზრდის ტემპი 9.8%-ს უდრიდა, მეორეში - 7.3%-მდე და ივლის-აგვისტოში 6.5%-მდე შემცირდა. ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ერთ კვირაში სექტემბრის მონაცემებიც გამოქვეყნდა, რამაც მესამე კვარტალში 6.5%-იანი ზრდა დაადასტურა და იანვარ-სექტემბერში ზრდის ტემპი 7.7%-მდე შეამცირა.

გრაფიკი 1: მშპ-ის ზრდის ტემპი


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

7.9%-იც და 7.7%-იც საშუალოზე მაღალ ზრდად ითვლება. სახელმწიფო ბიუჯეტი 6%--იან ზრდაზეა გათვლილი, მიმდინარე ზრდის ტემპი 2013-2019 წლების პერიოდის ნებისმიერ ცალკე აღებული წლის მაჩვენებელს აღემატება, თუმცა გარკვეული კლების ტენდენცია შეინიშნება.

2021 წელს, მეტწილად საბაზო პერიოდის გათვალისწინებით, მშპ 10.6%-ით გაიზარდა. საქართველოს მსგავსად ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობაში 2020 წელს დიდი ვარდნა და 2021 წელს მაღალი ზრდა დაფიქსირდა. უფრო საინტერესო მოვლენები 2022 წლიდან იწყება. 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 11%-ით, 2023 წელს 7.8%-ით და 2024 წელს 9.4%-ით გაიზარდა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2021 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველომ 29-ე ადგილი დაიკავა, 2022 წელს - მე-15, 2023 წელს ასევე - მე-15 და 2024 წელს - მე-3. საგულისხმოა ისიც, რომ 2024 წელს პირველ ადგილზე ნავთობის საბადოების აღმოჩენით სწრაფად გამდიდრებული გაიანაა, რომლის მოსახლეობაც 800 ათასს შეადგენს და მეორე ადგილზე დამოუკიდებლობის არმქონე, მოსახლეობით 55-ათასიანი ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები.

რამდენი იქნება ზრდის ტემპი მეოთხე კვარტალში, წინასწარ ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. გასულ სამ კვარტალზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ საშუალოზე მაღალი ზრდა, სავარაუდოდ, შენარჩუნდება. თუმცა ასევე სავარაუდოდ, წლიური ზრდის ტემპი ბოლო 5 წლის მინიმუმს გაუტოლდება, ყოველ შემთხვევაში, 9 თვის მონაცემებით სურათი ასეთია.

ზრდის ტემპის კლების გარდა, საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობა 14%-დან 14.7%-მდე, ხოლო მეორე კვარტალში 13.7%-დან 14.3%-მდე გაიზარდა. ოთხივე კვარტალი მონაცემი მარტში, წლიური კი მაისში გამოქვეყნდება და უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. თუ უმუშევრობის ზრდის ტემპი შენარჩუნდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, ბოლო 15 წელიწადში პანდემიური 2020-2021 წლების გამოკლებით. პანდემიამდელ პერიოდში ბევრად უფრო დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში უმუშევრობა მუდმივად მცირდებოდა.

2022-2025 წლების მაღალი ზრდის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომის გავლენები დასახელდეს. 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები 400%-ით გაიზარდა, 2023 წლიდან ყაზახეთსა და ყირგიზეთში ავტოექსპორტი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ყირგიზეთი, რომელიც საექსპორტო პარტნიორებში ათეულშიც კი ვერასდროს ხვდებოდა, დღეს პირველ ადგილზეა, 2025 წლიდან ასევე გააქტიურდა ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის ბაზრებიც.

გადის, თუ - არა ავტომობილები შუა აზიის ქვეყნებიდან რუსეთში, ამას „ფაქტ-მეტრი“ მტკიცებით ფორმატში ვერ იტყვის, თუმცა ექსპორტის პროცენტული ზრდა, გაყიდული ავტომობილების რაოდენობა და ერთეულის ღირებულება, მსგავსი დასკვნის გაკეთების ლოგიკურ საფუძველს აჩენს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველო მსგავსი ქმედებით სანქციებს არ არღვევს, რადგან ავტოექსპორტი რუსეთშია აკრძალული და არა ყირგიზეთში.

რა მიზეზითაც არ უნდა იყოს განპირობებული, სამი კვარტლის მონაცემებით, ეკონომიკა მაინც დაგეგმილზე მაღალი ტემპით იზრდება. ამავე დროს, 9 თვის მონაცემებით, დაგეგმილზე მაღალია ინფლაციაც, რომელიც ბოლო პერიოდში მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

2022 წელს 1999 წლის შემდეგ პირველად ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა და სამომხმარებლო ფასები 11.9%-ით გაიზარდა. 9.6%-იანი ინფლაცია აღინიშნა 2021 წელსაც. ინფლაციის სიდიდით 2021 წელს საქართველო 23-ე ადგილს იკავებდა, 2022 წელს 50-ეს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამ ინფლაციური პროცესები მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში დააჩქარა. 2023 წელს ინფლაცია 2.5%-მდე, ხოლო 2024 წელს 1.1%-მდე შემცირდა.

2025 წლიდან მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რა დროსაც ინფლაცია ყოველკვარტალურად იზრდებოდა. განსაკუთრებით თვალში საცემი კი საკვები პროდუქტის გაძვირებაა. ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები 5.2%-ით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები კი 11.7%-ით გაიზარდა. იანვარ-ოქტომბერში ზოგადმა ინფლაციამ 3.8% შეადგინა, ინფლაციამ საკვებ პროდუქტებზე კი 8.3%. იანვარ-ოქტომბერში 8.2%-ითაა გაზრდილი ჯანდაცვის ხარჯებიც.

გრაფიკი 2: ინფლაციის განაკვეთი


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

უშუალოდ ოქტომბერში, დაფქული ყავა 13.6%-ით გაძვირდა, ვაშლი - 14.4%-ით, გაყინული თევზი - 14.6%-ით, მინერალური წყალი - 15%-ით, ხორბლის პური - 19%-ით, მზესუმზირას ზეთი - 19.3%-ით, კარტოფილი - 25%-ით და შოკოლადის ფილა - 32%-ით.

ინფლაციის განაკვეთი 2025 წლის ოქტომბრამდე 5%-იან მაჩვენებელს ბოლოს 2023 წლის მარტში გადასცდა.

ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს. ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 4%-მდე და 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 3.5%-მდე გაზარდა.

კლებადი ტენდენციის მიუხედავად, მშპ--ის ზრდის ტემპი მაინც საშუალოზე მაღალია და დაგეგმილ მაჩვენებელს აჭარბებს. რაც შეეხება სამომხმარებლო ფასებს, ინფლაცია ბოლო 2.5 წლის მაქსიმუმზეა. საკვებ პროდუქტზე ფასების ზრდის ტემპმა ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებელსაც მიაღწია. მშპ-ის ნაწილში სწორად დასახელებული მონაცემისა და ინფლაციის ნაწილში მცდარი ინფორმაციის გავრცელების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


[1] ირაკლი კობახიძის მიერ განცხადების გაკეთების მომენტში, ცნობილი იანვარ-აგვისტოს მონაცემები იყო