• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მორიგი ცვლილებები სისხლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში - პროტესტის კრიმინალიზების ახალი ეტაპი

მორიგი ცვლილებები სისხლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში - პროტესტის კრიმინალიზების ახალი ეტაპი

2025 წლის 13 ოქტომბრის საკანონმდებლო პაკეტით, „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევის მორიგი რეპრესიული მექანიზმები დააანონსა.

17/10/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2025 წლის 13 ოქტომბრის საკანონმდებლო პაკეტით, „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევის მორიგი რეპრესიული მექანიზმები დააანონსა. მიხეილ ყაველაშვილმა საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებს ხელი 2025 წლის 16 ოქტომბერს მოაწერა.

პროტესტის კრიმინალიზებისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე რადიკალური ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც ირაკლი კობახიძის მიერ გასული წლის ნოემბერში გაკეთებულ განცხადებას - 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების არგახსნის თაობაზე - საზოგადოების მასობრივი და უწყვეტი პროტესტი მოჰყვა.

2024 წლის 13 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამტკიცებული ცვლილებებით, მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვასთან დაკავშირებული სანქცია გაზარდა 500-დან 5 000 ლარამდე, ხოლო ორგანიზატორისთვის - 5 000-დან 15 000 ლარამდე. სამართალდარღვევისთვის, ასევე, 15 დღემდე ვადით პატიმრობაც განისაზღვრა.

ამავე პაკეტით, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსს დაემატა ისეთი სამართალდარღვევები, როგორებიცაა: ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე საშუალებების ქონა; სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა. სამართალდარღვევების სანქციად 2 000 ლარი განისაზღვრა. მოგვიანებით, 2025 წლის 6 თებერვალს განხორციელებული ცვლილებებით, ლაზერული საშუალებების ქონისა და სახით ნიღბის დაფარვისთვის, სანქციის ზომად, ჯარიმის გარდა, 7-დღიანი პატიმრობაც დაემატა.

(ცვლილების ანალიზი ვრცლად იხ. ფაქტ-მეტრის სტატიაში)

13 ოქტომბერს ინიციირებულმა საკანონმდებლო პაკეტმა არსებული რეპრესიული სამართლებრივი რეჟიმი კიდევ უფრო დაამძიმა. არაერთ სამართალდარღვევაზე ალტერნატიული სასჯელის, კერძოდ, ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა გაუქმდა და ერთადერთ სანქციად პატიმრობა დარჩა.

უფრო კონკრეტულად, საკანონმდებლო პაკეტით განისაზღვრა, რომ შეკრების ან მანიფესტაციის დროს:

  • სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
  • ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონა;
  • სატრანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლებების შექმნა;
  • დროებითი კონსტრუქციების მოწყობა;
  • შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა -

უალტერნატივოდ გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია - ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

ანალოგიური ცვლილება შეეხო შეკრებისა და მანიფესტაციის დროს:

  • ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერების, ცივი იარაღის ან პიროტექნიკური ნაწარმის ქონას;
  • ისეთი საგანის ან ნივთიერების ქონას, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
  • იმგვარ შეკრებაში მონაწილეობას, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდება.

ამ სამართალდარღვევებისთვის ცვლილებებამდელ რედაქციაში ჯარიმის სახით არსებული ალტერნატიული სანქცია გაუქმდა და მისი ჩადენისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე ვადით განისაზღვრა.

ნათელია სამართალდარღვევის სიმძიმესა და მისთვის გათვალისწინებულ სახდელს შორის აშკარა არაპროპორციულობა, რაც ადასტურებს, რომ კანონმდებელმა თავისი ვალდებულება - სანქციის ადეკვატურად მისადაგება - უგულებელყო, ანუ სამართალდარღვევებიდან მომდინარე რისკები ადეკვატურად არ შეაფასა.

ცვლილებების მიზანში ამოღებული სფეროსა და დაწესებული სანქციების აშკარა არაპროპორციულობის გათვალისწინებით, ნათელი ხდება მათი ძალაუფლების ინსტრუმენტად გამოყენების განზრახვა.

ცვლილება შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლშიც, რომელიც ორგანიზატორის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის (რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით. ამ ნაწილში სანქცია გამკაცრდა და ცვლილების მიხედვით, ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, 4 წლამდე ვადით.

ამასთან, ამავე მუხლს დაემატა ჩანაწერები, რომლებითაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ, იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა სახდელის მოხდის დღიდან 1 წლის განმავლობაში[1], სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საგანი გახდება და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია:

  • ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერების, ცივი იარაღის ან პიროტექნიკური ნაწარმის ქონა;
  • ისეთი საგანის ან ნივთიერების ქონა, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
  • იმგვარ შეკრებაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდება;
  • ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების საშუალებების გამოყენება;
  • ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონა;
  • ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, განზრახ დაბრკოლებების შექმნა;
  • დროებითი კონსტრუქციების მოწყობა, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილების დისპოზიციები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე მიუთითებს, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების მონაწილეებისთვის რამდენიმე აკრძალვას აწესებს. როგორც ზემოთ ითქვა, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული აკრძალვების წრე, დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით, გასული წლის დეკემბრიდან, გაიზარდა, ხოლო სანქციები გამკაცრდა. მაგალითად, თებერვლიდან აკრძალვებს დაემატა სახის ნიღბით დაფარვა და ლაზერული გამოსხივების მქონე საშუალების ქონა. ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ ამ წრის კიდევ უფრო გაფართოება ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოდის, რომ მას, პრაქტიკულად, მოქალაქეთა პროტესტის სისხლის სამართლებრივ სფეროში გადასატანად, განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ პუნქტი, რომელიც ცვლილებებით ასევე გახდა სისხლის სამართლის რეგულირების საგანი, გულისხმობს იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობას, რომელიც, ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, თავის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ მე-11 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები მასობრივად დაირღვევა.

საგულისხმოა, რომ ჯერ ერთი, ტერმინი „მასობრივად დარღვევა“ სამართლებრივად განუჭვრეტელია და არ იძლევა მკაფიო კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც შეიძლება აქციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. მეორეც, ხელისუფლება ეტაპობრივად ისე აფართოებს მე-11 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვების წრეს ისეთი სამართალდარღვევებით, რომელთა თუნდაც მასობრივი დარღვევა ვერ წარმოშობს იმგვარ საფრთხეს, რომელიც შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტას გაამართლებდა. ამგვარი მიდგომა არსებითად არღვევს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფების კონსტიტუციურ გარანტიებს და სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, პროტესტი ფორმალური საფუძვლით შეზღუდოს.

საიას შეფასებით, „ის, რაც იწვევს ადამიანების სიცოხლის ან ქონების დაზიანების საფრთხეს, ან - სხვა ისეთი სიკეთის შელახვას, რაც სისხლისსამართლებრივად დასჯადია, აქამდეც არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში და ინიციირებული ცვლილების მიზანი, უბრალოდ, ბლანკეტური აკრძალვის დაწესებაა, რაც, ასევე, შეკრების თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტის ქონას ისახავს მიზნად“.

კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის 3533-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თუ პირი ორჯერ იქნება ადმინისტრაციულ სახდელდადებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და კანონით განსაზღვრული სხვა პირების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ან მათი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, ლანძღვა-გინებისთვის და ა.შ., ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დაექვემდებარება. დანაშაულისთვის სანქციის სახედ განსაზღვრულია პატიმრობა 1 წლამდე ვადით (პირის სახდელდაუდებლად ცნობის ვადა, ამ შემთხვევაშიც, 1 წელია).

ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა დაუფარავად არის მიმართული კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ. ცხადია, საკანონმდებლო ჩარჩო ცვლილებებამდეც რეპრესიული იყო, ხოლო სანქციები - ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ფონთან შეუსაბამო - აქციების მონაწილეების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ფინანსური სანქციები ისედაც უტოლდებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამის მიუხედავად, ჯარიმის, როგორც ალტერნატიული სანქციის, გაუქმებამ და ადმინისტრაციული სახდელების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საგნად განსაზღვრამ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, მოქალაქეები, მოსალოდნელი სანქციის შიშით, იძულებული გახადოს, თავი შეიკავონ უფლების სრულყოფილად განხორციელებისაგან.

ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მშვიდობიანი შეკრების სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ შეკრების კონტექსტში ჩადენილ ქმედებებზე სანქციები უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რათა „მსუსხავმა ეფექტმა“ პირს არ უბიძგოს პროტესტის გამოხატვის შეკავებისკენ. გაიდლაინის მიხედვით, ისეთი სამართალდარღვევები, როგორებიცაა შეკრების წინასწარ შეუტყობინებლობა ან შეკრებაზე მარშრუტის, დროისა და ადგილის შეზღუდვების შეუსრულებლობა, არ უნდა დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით ან გადაჭარბებული ჯარიმებით.

სახელმძღვანელო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ „მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობა, თუნდაც უნებართვოდ, არასოდეს უნდა განიხილებოდეს, როგორც მძიმე სამართალდარღვევა, რომელიც მძიმე სასჯელს იწვევს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) აღნიშნა, რომ „საჯარო შეკრებების რეგულირების წესები, მაგალითად, წინასწარი შეტყობინების სისტემა, აუცილებელია საზოგადოებრივი დემონსტრაციების ორგანიზებულად ჩატარებისთვის, რადგან ისინი ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, მინიმუმამდე დაიყვანოს სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება და მიიღოს სხვა უსაფრთხოების ზომები. თუმცა ამ წესების აღსრულება თვითმიზნად არ უნდა იქცეს.

ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, ნათელია, რომ სისხლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში განხორციელებული ცვლილებები ადგილობრივ პრაქტიკასა და საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება და ადამიანს აქცევს სახელმწიფოს ძალაუფლების ობიექტად. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია სამართლიანი სასამართლოს უფლების სავარაუდო სისტემური დარღვევის ტენდენციის ფონზე, რა დროსაც პირთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად ეფუძნება მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენების არასანდო/არანეიტრალურ მტკიცებულებებს, ხოლო დაკავებულთა მტკიცებულებები უგულებელყოფილია.

[1] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლი განსაზღვრავს ვადას, რომლის გასვლის შემდეგ პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად: ,,თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად.”

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მორიგი ცვლილებები სისხლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში - პროტესტის კრიმინალიზების ახალი ეტაპი

    მორიგი ცვლილებები სისხლის და ადმინისტრაც...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • 2025 წლის მონაცემებით, აჭარის მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა, თუმცა წლებია, შობადობა იკლებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა მზარდია

    2025 წლის მონაცემებით, აჭარის მოსახლეობი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის სხვაობა სამ წელიწადში გასამმაგდა, მოლდოვის ეკონომიკა მინუსშია

    საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა