საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის სხვაობა სამ წელიწადში გასამმაგდა, მოლდოვის ეკონომიკა მინუსშია

შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის სხვაობა სამ წელიწადში გასამმაგდა, მოლდოვის ეკონომიკა მინუსშია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2021 წელს მიმდინარე ფასებში დათვლით, საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 18.9 მლრდ-ს, ხოლო მოლდოვის ეკონომიკის მოცულობა 13.7 მლრდ დოლარს შეადგენდა. 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა 33.8 მლრდ-მდე და მოლდოვის ეკონომიკა 18.1 მლრდ დოლარამდე იყო გაზრდილი. სხვაობა ორი ქვეყნის ეკონომიკას შორის 2021 წელს 5.2 მლრდ დოლარს და 2024 წელს 15.7 მლრდ დოლარს შეადგენდა.
ინფლაცია რეალურ სურათს ამახინჯებს, ამიტომ შესადარებლად უფრო სწორი მუდმივ ფასებში დათვლილი მშპ-ის შედარება იქნება. მუდმივ, 2015 წლის ფასებში დათვლით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 19.2 და მოლდოვის ეკონომიკა 9.6 მლრდ დოლარს შეადგენდა. 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა 25.1 მლრდ-მდე იყო გაზრდილი, ხოლო მოლდოვის 9.3 მლრდ-მდე შემცირებული. სხვაობა მუდმივ ფასებში დათვლილ ეკონომიკებს შორის 2021 წელს 9.6 მლრდ-ს უდრიდა და 2024 წელს 15.8 მლრდ-ს. 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა მოლდოვისას ორჯერ და 2024 წელს 2.7-ჯერ აღემატებოდა.
2022-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკა ჯამში 31%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა იმავე პერიოდში მოლდოვის ეკონომიკა 3.4%-ით შემცირდა. მოლდოვის ეკონომიკა რეცესიაში 2022 წელს გავიდა, 2023 და 2024 წლებში ძალიან დაბალი ზრდა ჩავარდნის აღმოსაფხვრელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
2022-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა, მოლდოვის პირიქით. შემცირდა. ორი ქვეყნის ეკონომიკებს შორის სხვაობა გაიზარდა, მაგრამ არა სამჯერ (მიმდინარე ფასებში კალკულაცია სრულყოფილ ინფორმაციას არ იძლევა).
შალვა პაპუაშვილი პოსტში მიზეზებზეც საუბრობდა, რის განხილვაშიც „ფაქტ-მეტრი“ არ შევა და ვერ იმსჯელებს იმაზე, რამდენი იქნებოდა დღეს საქართველოს მშპ განსხვავებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმართის შემთხვევაში. პოსტის პოლიტიკური ნაწილის განხილვის გარეშე, რიცხობრივად ძირითადად სწორი მონაცემების დასახელების და ამავე დროს გარკვეული უზუსტობების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ შალვა პაპუაშვილის განცხადების ეკონომიკური ნაწილი შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

შალვა პაპუაშვილმა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკურ ზრდაზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: „როგორ შეძლო სამ წელიწადში ორი ქვეყნის ეკონომიკებს შორის სხვაობის გასამმაგება, 4,8 მლრდ აშშ დოლარიდან 15,7 მლრდ აშშ დოლარამდე? რატომ არის, ამ ყველა სიკეთის შემდეგ, მოლდოვას ეკონომიკური ზრდა მინუსებში, ხოლო საქართველოსი - რეგიონში პირველი?” პოსტს თან ორი გრაფიკი აქვს დართული. პირველზე საქართველოსა და მოლდოვის ნომინალური ეკონომიკის მოცულობებია 2021-2024 წლებში (წყარო სავალუტო ფონდი), ხოლო მეორეზე ეკონომიკური ზრდის ტემპები ასევე 2021-2024 წლებში (წყარო მსოფლიო ბანკი).

2021 წელს საქართველოში ნომინალურმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა 18.9 მლრდ დოლარი შეადგინა, 2024 წელს - 33.8 მლრდ. მოლდოვის ეკონომიკამ, შესაბამისად - 13.7 და 18.1 მლრდ. შალვა პაპუაშვილის მიერ ნაჩვენებ გრაფიკზე 2021 და 2022 წლებში საქართველოს შემთხვევაში მცირე უზუსტობაა, კერძოდ: 2021 წელს 18.9 მლრდ-ის ნაცვლად 18.5 მლრდ წერია და 2022 წელს 25 მლრდ-ს ნაცვლად 24.5 მლრდ. საქსტატის, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მონაცემები იდენტურია და უცნობია, რას ეფუძნება აღნიშნული აცდენა. მოლდოვის შემთხვევაში, სტატისტიკური მონაცემები სავალუტო ფონდის მონაცემებთან თავსებადია.

გრაფიკი 1: მშპ მიმდინარე ფასებში (მლრდ. აშშ დოლარი)


წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

2021 წელს საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის 5.2 მლრდ დოლარი იყო სხვაობა და არა - 4.8 მლრდ, 2024 წელს კი ეს სხვაობა 15.7 მლრდ დოლარს გაუტოლდა. ცდომილება არც თუ ისე დიდია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როცა თავად პოსტის ავტორი წერს, რომ სხვაობა გასამმაგდა (15.7:5.2=3.02).

ნომინალური ეკონომიკის შედარება დროის გარკვეულ დიაპაზონში ინფლაციის გათვალისწინებით სრულყოფილ სურათს ვერ იძლევა. რეალური სურათის დასადგენად უფრო საინტერესო მუდმივ ფასებში დათვლილი ეკონომიკების შედარება იქნება. მუდმივ, 2015 წლის ფასებში დათვლით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 19.2 მლრდ დოლარს შეადგენდა, მოლდოვის - 9.6 მლრდ-ს, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 25.3 მლრდ-მდე იყო გაზრდილი, მოლდოვის კი პირიქით 9.3 მლრდ-მდე შემცირებული. 2021 წელს მუდმივ ფასებში დათვლით საქართველოს ეკონომიკა მოლდოვისას 2-ჯერ ანუ 100%-ით აღემატებოდა, 2024 წელს 2.7-ჯერ ანუ 170%-ით.

გრაფიკი 2: მშპ 2015 წლის მუდმივ ფასებში (მლრდ. აშშ დოლარი)


წყარო: მსოფლიო ბანკი

ერთი მხრივ, რეალური სხვაობა სამჯერ არ გაზრდილა, თუმცა მეორე მხრივ, საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდის პარალელურად, მოლდოვის რეალური ეკონომიკა შემცირდა. საგულისხმოა, რომ 2013-2019 წლებში მოლდოვის ეკონომიკა ნელი ტემპით ჯამურად 22%-ით, მაგრამ მაინც 7.2-დან 9.5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. იმ პერიოდში არც საქართველოს მშპ-ის ზრდა ყოფილა სწრაფი. 2013-2019 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკა 30%-ით - 14.2-დან 18.5 მლრდ-მდე გაიზარდა.

შალვა პაპუაშვილის მიერ მოყვანილ მეორე დიაგრამაზე ეკონომიკური ზრდის ტემპები იყო მოცემული. როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვის შემთხვევაში, რიცხვები სწორია, თუმცა არის ერთი დეტალი. 2020 წელს სახელმწიფოთა უმრავლესობაში კოვიდისა და კოვიდრეგულაციების გამო ეკონომიკა მკვეთრად შემცირდა, მომდევნო 2021 წელს კი რეგულაციების შერბილების/მოხსნისა და ბიზნესების ხელახლა ამუშავების კვალდაკვალ, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, ასევე სწრაფად გაიზარდა. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ი, ხოლო მოლდოვის კიდევ უფრო მეტად 8.3%-ით შემცირდა, ხოლო მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით და მოლდოვის 13.9%-ით გაიზარდა.

გრაფიკი 3: მშპ-ის ზრდის ტემპი


წყარო: მსოფლიო ბანკი

შალვა პაპუაშვილის პოსტის პათოსი დაახლოებით ასეთი იყო: პანდემიის შემდეგ მოლდოვას უკეთესი სასტარტო პირობები ჰქონდა, მაგრამ სხვა სახელმწიფოების/ძალების ჩარევის გამო, ეს უპირატესობა გაანიავა და საქართველომ, რადგან დამოუკიდებლად იმოქმედა, შედეგად სწრაფი ზრდა მიიღო. „ფაქტ-მეტრი“ ვერ იმსჯელებს იმაზე, თუ როგორი იქნებოდა სხვაგვარი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში საქართველოს ან მოლდოვის მშპ-ის ზრდის ტემპი. რიცხობრივად მისი ნათქვამი ძირითადად სიმართლეს შეესაბამება, კერძოდ, 2022-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკა 31%-ით გაიზარდა, ხოლო მოლდოვის 3.4%-ით შემცირდა, 2019 წელთან შედარებით 2024 წლის მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკა 36%-ით, ხოლო მოლდოვის 1%-ითაა გაზრდილი. პანდემიამდეც საქართველოს ეკონომიკა მოლდოვისაზე სწრაფად იზრდებოდა, თუმცა 2022-2024 წლებში ზრდის ტემპებს შორის სხვაობა შესამჩნევად გაიზარდა. ზრდის ტემპებს შორის სხვაობის ზრდის მიუხედავად, ორი ქვეყნის რეალურ ეკონომიკებს შორის სხვაობა სამჯერ არ გაზრდილა.

პოსტის პოლიტიკური ნაწილის განხილვის გარეშე, რიცხობრივად ძირითადად სწორი მონაცემების დასახელების და ამავე დროს გარკვეული უზუსტობების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ შალვა პაპუაშვილის განცხადების ეკონომიკური ნაწილი შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.