• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით 41%-იანი და დედაქალაქში 31%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

09/10/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით 41%-იანი და დედაქალაქში 31%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. ერთიც და მეორეც ბოლო 35 წელიწადში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

71-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, პირველი მრავალპარტიული არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებზე აქტივობამ 70% შეადგინა (2.407 მლნ 3.444 მლნ-დან). არჩევნებში „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“-მ გაიმარჯვა, მან ხმათა 54% მიიღო. 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობამ 83%-ს მიაღწია და მათმა 87%-მა ხმა ზვიად გამსახურდიას მისცა.

რეკორდული დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი აღმოჩნდა. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე მონაწილეობა 3.334 მლნ ადამიანმა მიიღო, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის 91%-ს შეადგენდა. დამოუკიდებლობის აღდგენას უბნებზე მისულ ამომრჩეველთა 99%-მა 3.295 მლნ ადამიანმა დაუჭირა მხარი.

დროთა განმავლობაში აქტივობა შემცირდა, რასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ახლდა თან. ობიექტური მიზეზებიდან ერთ-ერთი ემიგრაციაა. ემიგრანტი, თუ მან საქართველოს მოქალაქეობა არ დაკარგა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ადგილს ინარჩუნებს. ამ მიზეზით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა, ქვეყანაში მყოფ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობას აღემატება.

რეალურად, შემცირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის პარალელურად, შემცირებულია არჩევნების მიმართ ნდობაც, თუმცა იყო გამონაკლისებიც, მაგალითად 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, სადაც აქტივობამ 61%-ს გადააჭარბა.

თვითმმართველობის არჩევნები თავის სპეციფიკის გათვალისწინებით (არ იცვლება ცენტრალური ხელისუფლება), დაბალი აქტივობით გამოირჩევა. 1998-2025 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის სულ 8 არჩევნები ჩატარდა, სადაც ყველაზე მაღალი აქტივობა 2021 წელს და ყველაზე დაბალი 2025 წელს დაფიქსირდა.

2010 წელს თბილისის მერი პირდაპირი კენჭისყრით პირველად აირჩიეს, პირდაპირი კენჭისყრის პრინციპი სხვა ქალაქებზე 2014 წლიდან გავრცელდა.

გრაფიკი 1: აქტივობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე


წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

ყველა - რვავე შემთხვევაში, თბილისში აქტივობა უფრო დაბალია, ვიდრე მთლიანად ქვეყანაში. სხვაობა განსაკუთრებით 2025 წელს გაიზარდა (სხვაობა მთლიან საქართველოსა და თბილისს შორის უფრო მაღალი მხოლოდ 2006 წელს იყო), თბილისის გამოკლებით, აქტივობამ 45% შეადგინა და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში 50%-საც გადააჭარბა. პოლიტიკოსები აქცენტს ხშირად ზეწოლაზეც აკეთებენ და აცხადებენ, რომ რეგიონებში ამომრჩეველზე ზეწოლა უფრო მეტია. თუ აღნიშნული შეფასება სიმართლეს შეესაბამება, ეს აქტივობებს შორის სხვაობის ერთ-ერთ ამხსნელად შეიძლება დასახელდეს. ნაწილობრივი ბოიკოტის პირობებში არჩევნებში არმონაწილეობა ირიბად „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა.

აქტივობაზე მნიშვნელოვან გავლენას პოლიტიკური გარემო და შესაძლო ცვლილებების ალბათობაც ახდენს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 2.2 მლნ ადამიანმა მიიღო და ხელისუფლება შეიცვალა, მომდევნო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი 400 ათასით ნაკლები (1.8 მლნ) ადამიანი მონაწილეობდა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც ცვლილების ალბათობა ძალიან დაბალი იყო, აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 47% შეადგინა, საარჩევნო უბნებთან სულ 1.660 მლნ ადამიანი მივიდა, 550 ათასით ნაკლები, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. 2014 წლის დაბალი აქტივობაც შესაძლოა ამ არგუმენტით აიხსნას, თუმცა 2013 წლისგან განსხვავებით, სადაც სახელისუფლებო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა, 2014 წელს თბილისში მეორე ტური გახდა საჭირო. 2021 წლის მაღალ აქტივობაზე გავლენა შარლ მიშელის შეთანხმებამაც მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე 3 თვით ადრე „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებიდან გავიდა. ანულირებული შეთანხმების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 43%-ზე მეტს ვერ აიღებდა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.

მაღალ აქტივობაზე კიდევ ერთი გავლენა შესაძლოა, არჩევნების წინა დღეს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებასაც მოეხდინა.

2025 წლის არჩევნებზე განსხვავებული ვითარება აღმოჩნდა, სადაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მეორე და მესამე ადგილზე გასულმა პარტიებმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ბოიკოტი გამოაცხადეს. ამ ორმა პარტიამ 2024 წელს ჯამურად 21%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა (ნაციონალური მოძრაობა 10% - 211 ათასი ხმა და კოალიცია ცვლილებებისთვის 11% - 229 ათასი ხმა).

გრაფიკი 2: ამომრჩეველთა აქტივობა (ათასი ამომრჩეველი)


წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

მეორე ტურები 2014, 2017, 2021, 2016 და 2020 წლების თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაშიც გაიმართა, თუმცა რადგან ის მხოლოდ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ნაწილში ჩატარდა, გრაფიკზე მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებია დატანილი.

2025 წელს დაფიქსირებულმა დაბალმა აქტივობამ მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით გააჩინა კითხვები, რის საპასუხოდაც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მხარდაჭერა არჩევნებში მისული ამომრჩევლების რაოდენობიდან ითვლებოდა და არა ამომრჩეველთა საერთო სიიდან.

კახა კალაძემ იგივე რაოდენობის ხმა აიღო, რაც 2021 წლის პირველ ტურში (უფრო მეტი სიზუსტისთვის 974 ხმით ნაკლები), თუმცა 2021 წელს მან მხოლოდ 45%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა და მეორე ტური გახდა საჭირო, 2025 წლის არჩევნებში კი ხმათა იგივე რაოდენობა 72%-იან მხარდაჭერას გაუთანაბრდა. 2021 წლის არჩევნების მეორე ტურში, 2025 წელთან შედარებით, რაოდენობრივად კალაძემ 43 ათასი ხმით მეტი მიიღო, ხოლო პროცენტულად 16 პროცენტული პუნქტით ნაკლები.

გრაფიკი 3: თბილისის მერობის ქართული ოცნების კანდიდატის მხარდაჭერა


წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

2014 წელს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია იყო, ყველა სხვა დანარჩენ პერიოდში - კახა კალაძე. რაც შეეხება ოპოზიციურ კანდიდატებს, 2014 წელს მეორე ადგილზე 28%-ით (92 ათასი ხმა) ნიკა მელია გავიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მესამეზე 12.8%-ით (42 ათასი ხმა) დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც „ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას“ წარმოადგენდა. 2017 წელს მეორე ადგილზე 17.5%-ით (70 ათასი ხმა) დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი გავიდა, მესამეზე 16.6%-ით (66 ათასი ხმა) - ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“. 2021 წელს მეორე ადგილი 34%-ით (163 ათასი ხმა) ისევ ნიკა მელიამ დაიკავა, ხოლო მესამეზე 9.4%-ით (45 ათასი ხმა) გიორგი გახარია გავიდა „პარტიიდან გახარია საქართველოსთვის“. 2025 წელს მეორე ადგილი „ლელოს“ კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ აიღო 12.4% (37 ათასი ხმა). ირაკლი კუპრაძეს მხარს ასევე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უჭერდა, მესამეზე კი 7.5%-ით (23 ათასი ხმა) „გირჩის“ კანდიდატი იაგო ხვიჩია გავიდა.

ინდივიდუალური კანდიდატისგან განსხვავებით, 2025 წელს თბილისში „ქართული ოცნების“ პარტიული მხარდაჭერა რაოდენობრივადაც გაიზარდა. რაოდენობრივი ზრდა გაცილებით უფრო თვალში საცემი რეგიონებშია. პარტიამ 2021 წელთან შედარებით თბილისში 19 ათასით და ქვეყნის მასშტაბით 281 ათასით მეტი ხმა მიიღო. რაც შეეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ცესკო-ს მონაცემებით ქართულმა ოცნებამ საქართველოს მასშტაბით 1 მილიონ 120 ათასი ხმა მიიღო რაც წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებზე თითქმის გაიმეორა. რაც შეეხება დედაქალაქს, საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ქართულმა ოცნებამ თითქმის 50 ათასით ნაკლები ხმა მიიღო.

გრაფიკი 4: პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა


წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

2021 წელს ყველა თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი) მეორე ტური დაინიშნა, ქუთაისსა და ბათუმში მმართველი პარტიის კანდიდატი პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა. წალენჯიხაში კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გია ხარჩილავამ გაიმარჯვა. 2025 წელს თვითმმართველ ქალაქებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა თბილისის გარდა ყველგან 80%-ზე მეტი აიღეს, მათ შორის ფოთში 100%. ფოთში კენჭს მხოლოდ ბექა ვაჭარაძე იყრიდა.

პარტიებმა „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 2021 წელსაც მიიღეს და 2025 წელსაც. 2021 წელს როგორც თბილისში, ასევე მთელ საქართველოში პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მესამე ადგილი დაიკავა.

2025 წელს პარტიის მხარდაჭერა მკვეთრად შემცირდა, მან 2021 წელთან შედარებით საქართველოს მასშტაბით 3.2-ჯერ, ხოლო თბილისის მასშტაბით 5.2-ჯერ ნაკლები ხმა მიიღო და თბილისის საკრებულოში 1 მანდატიც კი ვერ მოიპოვა.

გრაფიკი 5:პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მხარდაჭერა


წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

გიორგი გახარიას პარტიისგან განსხვავებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით „ლელოს“ მხარდაჭერა როგორც რაოდენობრივად, ასევე პროცენტულად გაზრდილია. წინა იმავე ტიპის არჩევნებთან შედარებით დაფიქსირებულ ზრდის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ლელოს მხარდაჭერა მაინც შემცირებულია. 2024 წელს „ლელომ“ ქვეყნის მასშტაბით ორჯერ მეტი - 183 ათასი ხმა აიღო, რაც პროცენტულად 8.8%-იან მხარდაჭერას ნიშნავდა.

გრაფიკი 6: პარტია „ლელოს“ მხარდაჭერა


წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

„ლელოს“ შედეგის გაუმჯობესების მიუხედავად, ჯამში ორმა პარტიამ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, თბილისში 20 ათასით, ხოლო საქართველოს მასშტაბით 45 ათასით ნაკლები ხმა მიიღო.

ცხრილი 1: „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ჯამური მხარდაჭერა


წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

„ლელოში“ აცხადებდნენ, რომ რაკი 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიციამ საერთო ჯამში თბილისში მეტი ხმა მიიღო, შანსი რომ მერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატს გაემარჯვა, იზრდებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში 2020 წელსაც 42% აიღო, თუმცა მომდევნო წელს კახა კალაძემ მეორე ტურში, მაგრამ მაინც გაიმარჯვა. ცესკო-ს მონაცემებით, 42%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ თბილისში 2024 წელსაც, უფრო მაღალი შედეგი მან რეგიონების ხარჯზე აჩვენა. რამდენ პროცენტს აიღებდა საერთო ოპოზიციური კანდიდატი 2025 წელს, ამის ზუსტად თქმა შეუძლებელია, თუმცა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით დასკვნის გამოტანაც არაა რელევანტური და ის ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს თბილისში საერთო ჯამში ოპოზიციურ პარტიებზე ნაკლები ხმა აიღო, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ 2025 წელსაც თბილისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე ნაკლებ ხმას აიღებდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქტივობის ბარიერი არ არსებობს. თბილისში 1.043 მლნ ამომრჩეველია რეგისტრირებული და მათგან მხოლოდ 10 ათასი, ანუ ამომრჩეველთა 1%-ზე ნაკლებიც რომ გამოცხადებულიყო, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა და თუ იმ 10 000-დან, რომელიმე კანდიდატი 5000-ზე მეტ ხმას აიღებდა, ის ავტომატურად პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდებოდა. კითხვები ჩნდება არა იმდენად იურიდიულ, რამდენადაც პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე. პოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება, თუ - არა ლეგიტიმურად ჩაითვალოს ის არჩევნები, სადაც ორი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია მონაწილეობაზე უარს აცხადებს, ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილი არჩევნების დღეს ბრალდებულისა თუ მსჯავრდადებულის სტატუსით ციხეში ხვდება და არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდ ნაწილს არჩევნებზე დაკვირვების საშუალება არ ეძლევა.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

    2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე და...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • საქართველოს ეკონომიკა რუსეთს მიება

    საქართველოს ეკონომიკა რუსეთს მიება

    ვერდიქტის გარეშე
    განცხადების ვერდიქტით შეფასება შეუძლებელია
  • პროექტის მიხედვით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 30 მლრდ ლარს გადააჭარბებს

    პროექტის მიხედვით, 2026 წლის სახელმწიფო...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა