• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
უწყვეტი პროტესტის სამასი დღე  ბათუმში - უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მოსალოდნელ საფრთხეებზე, მოლოდინებსა და შედეგებზე

უწყვეტი პროტესტის სამასი დღე ბათუმში - უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მოსალოდნელ საფრთხეებზე, მოლოდინებსა და შედეგებზე

„ფაქტ-მეტრი“ ბათუმის უწყვეტი აქციის მონაწილეებს ესაუბრა.

27/09/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ საჯაროდ და ღიად განაცხადა: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“
საზოგადოების ნაწილმა განცხადება ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლის რეალურ საფრთხედ აღიქვა და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, ქუჩაში გავიდა. იმ დღის შემდეგ, საპროტესტო აქციები არც შეწყვეტილა. ბათუმში, ისევე, როგორც თბილისსა და სხვა არაერთ ქალაქში, პროტესტი წელიწადის ოთხივე დროს უწყვეტად მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება. აქციაზე მყოფი ადამიანების რაოდენობა პერიოდულად იკლებს, მაგრამ არის დღეები, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან, პროტესტის გამოსახატად, ასეულობით ადამიანი გამოდის. აქცია მათთვის ახალ სოციალურ სივრცედ იქცა.
„ფაქტ-მეტრი“ ბათუმის უწყვეტი აქციის მონაწილეებს ესაუბრა. ისინი გვიყვებიან, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ამ სამასი დღის განმავლობაში, რა შედეგი მოიტანა უწყვეტმა პროტესტმა, როგორ პოულობენ საკუთარ თავში ძალას, რომ, მოსალოდნელი საფრთხეების მიუხედავად, ჯიუტად დაიცვან მთავარი მონაპოვარი - თავისუფლება, როგორია მათი მოლოდინი და სადამდე შეუძლიათ ქვეყნის სამსახურში ყოფნა. მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ეს აქცია, რომელიც სამოქალაქო გამძლეობის მაგალითად იქცა, „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური გზავნილია, დასავლელი პარტნიორებისთვის - არგუმენტი, რათა ხელი არ გაგვიშვან, ხოლო საზოგადოებისთვის - მაგალითი, რომ დემოკრატიას მუდმივად ფხიზლად ყოფნა და დაცვა სჭირდება.


გოჩა მჟავანაძე: ამ აქციებზე ვდგავარ, როგორც მოქალაქე და ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ სტატუსით. ჩვენმა უწყვეტმა პროტესტმა მოიტანა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთშიც და საქართველოშიც, მოიხსენიებენ ბიძინას მთავრობად. ეს არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაცია იქნება ერთგვარი ტესტი, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ არავინ არ აღიარებს ამათ, როგორც ხელისუფლებას. ამ აქციების დამსახურებაა სანქციები და ეს ეტაპი გრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიული სამყარო საკადრის პასუხს გასცემს. ამ აქციებმა იმუშავა საინფორმაციო კუთხითაც. შეიძლება, აქ მცირე რაოდენობით ვდგავართ, მაგრამ აქციის მხარდამჭერების რიცხვი გაიზარდა. ეს იგრძნობა სოციალურ ქსელებშიც, მაგალითად, ამ არჩევნებისადმი დამოკიდებულებაში. როცა ხალხი მნიშვნელოვან მომენტს იგრძნობს, გამოვა და დაადასტურებს, რომ პროტესტი გაფართოვდა, უფრო მასშტაბური და მასობრივი გახდა. მჯერა, ეს პროტესტი მიაღწევს სანუკვარ შედეგს - სამართლიან არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას. 4 ოქტომბრის მიმართ გაჩნდა მოლოდინი, რომ პროტესტის ახალი ტალღა უნდა დაიწყოს. რომ არა ეს ქუჩის აქციები საქართველოს ქალაქებში, ადამიანებში ასეთი მოლოდინი არ შეიქმნებოდა.

ხალხი უკანონოდაა დატყვევებული და ვალდებული ვარ, სანამ არ დავიხსნით თითოეულ მათგანს, ვიდგეთ აქ, აქედან გავაძლიეროთ მორალურად, თავი მარტო არ ვაგრძნობინოთ. იმ [„ქართული ოცნების“ მიერ გამართულ] ღონისძიებებზე დგას ხალხი, რომელიც ჩვენზე ამბობს, რომ ფულს გვიხდიან. მათი მენტალობა ასეთია, რომ ყელაფერი ფულის ან პირადი სარგებლის სანაცვლოდ უნდა აკეთო. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ენთუზიაზმით, პირადი ინტერესის გარეშე გავა ადამიანი და დააფიქსირებს საკუთარ პროტესტს ქარში, წვიმასა და თოვლში, სამასი დღის განმავლობაში; საკუთარი ხარჯით წავა დედაქალაქში და მხარდაჭერას გამოუცხადებს უკანონო პატიმარს; გააპროტესტებს ქვეყანაში არსებულ უბედურებას... გაცილებით მაღლა ვდგავართ მორალურადაც და სიმართლეც ჩვენს მხარესაა. ეს სამასი დღე ჩემთვის ლუსტრაციის პერიოდიც იყო. ბევრი ჩემი თანამოაზრის, კოლეგის სახე დამანახა, იქნება ეს საჯარო სამსახურში თუ საჯარო სამსახურს მიღმა, მათ შორის, არასამთავრობო სექტორში. ბევრი მეგობარი და თანამებრძოლიც შემძინა, როგორც აქტივისტსა და ამ ქვეყნის მომავლისთვის მებრძოლს. ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის და ვფიქრობ, ეს კონტაქტები დიდ წვლილს შეიტანს უკეთესი ქვეყნის მშენებლობაში. შესაძლოა, ზოგმა გამარჯვების რწმენა დაკარგა, ზოგი დაიღალა და მივმართავ მათ: ირწმუნონ, რომ გამარჯვება გარდაუვალია. უნდა მოვიკრიბოთ ძალა და ვიბრძოლოთ რეჟიმის დასამარცხებლად. სხვა გზა არ გაგვაჩნია, სახელმწიფოს დავკარგავთ და დაგვრჩება ქვეყანა, რომელიც იქნება რუსეთის სათარეშო ტერიტორია და მათი ინტერესების სივრცე, სადაც ჩვენ, როგორც მოქალაქეები, ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ.

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი, სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი: ამ პროცესებმა წაგვართვა ნორმალური ცხოვრების, განვითარებისა და პერსპექტივის განცდა მოქალაქეებს, ამ ქვეყანას. ის, რაც ამ ქვეყანაში თაობების ნაბრძოლი, ნაფიქრი და ნამუშევარი იყო, ერთ დღეში გადაიყარა - ჯერ არჩევნების მასობრივი გაყალბებით და მერე 28 ნოემბრის ძალიან ცნობილი განცხადებით, რომელმაც მკვეთრად შეცვალა ქვეყნის კურსი. „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ თქვა, რომ ძველი პარტნიორები და მეგობრები არიან მტრები, ჩვენ რაღაც ახალ ვარსკვლავს უნდა მივსდიოთო. როცა შენი შინაგანი და მორალური კონსტიტუცია აგებულია ამ ქვეყნის ევროპულობაზე, შეუძლებელია, იჯდე და ელოდო, სხვა როდის გააკეთებს შენს გასაკეთებელს. ყოველი ჩვენი დღე იყო საკუთარ თავზე გამარჯვების, ტირანიის დამყარების მცდელობაზე გამარჯვების დღე. და რაც მთავარია, ყოველი დღე არის ჩვენი პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სოლიდარობის დღე. სოლიდარობაა ის, რამაც გადაგვარჩინა, გადაგვახდევინა უზარმაზარი ჯარიმები, არ დაგვშალა, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა და მსოფლმხედველობის ადამიანები ვდგავართ აქ - კონსერვატორიც, ლიბერალიც, მემარცხენეც და მემარჯვენეც. ის ერთადერთი მიზანი, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, არის ამ ქვეყნის გადარჩენა და ევროპულ ვექტორზე დაბრუნება.

რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, რომ ხშირად ორმოცდაათი ვართ და არა - ხუთასი. ვიღაცას ბრაზი ნელა უნელდება, ვიღაცას - სწრაფად, ვიღაცას უფრო ადრე უქრება საკუთარი ადგილის წარმოსახვა ამ მოძრაობაში, ვიღაც სულ ხედავს, ვიღაცას სინდისი ღამეც არ აძინებს, ვიღაცის გონება კი მუშაობს ამგვარად: ხომ გავედი, ვიდექი, როცა ბათუმში 8-10 ათასი ადამიანი გამოდიოდა, როცა თემურ ქათამაძე დროშას იქნევდა, მზია [ამაღლობელი] არ იყო დაკავებული, ზვიადიც [ცეცხლაძე] არ იყო დაკავებული, ხომ გამოვხატავდი ბრაზს, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ შემიძლია. ამიტომაც იწყებს ამ წინააღმდეგობაში დარჩენილ ადამიანებში მიზეზების ძებნას. ვერ ვიტყვი, რომ ამ ადამიანებმა ღირებულებებზე უარი თქვეს. ალბათ, ჩათვალეს, რომ თავიანთი საქმე გააკეთეს და ახლა თქვენ მიდით, ჩვენ მოგყვებით, როცა საჭირო იქნებაო.

ვიცი, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ამ მცირე დროში გაცილებით მეტმა ადამიანმა დაინახა ევროპასთან ურთიერთობის სიკეთეები. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ აქ შეიძლება უსასყიდლოდ ვიდგეთ, გზის ფული მივცეთ ხოლმე ერთმანეთს, ხელი მოვუმართოთ. რაღაც მრავალათასიან ფესტივალებს მართავენ ქართულ კულტურაზე და ვეკითხები მათ: ეს კულტურა მტერთან გარიგებულმა ქართველმა ხალხმა შექმნა, თუ მებრძოლმა ხალხმა, რომელიც შეიძლება მტერთან დიდ უმცირესობაში ყოფილიყო, მაგრამ მაინც იბრძოდა.

გამარჯვებას დრო დასჭირდება. ისტორიისთვის და ერთი კონკრეტული ქვეყნისთვის სამასი დღე შეიძლება არაფერი არ იყოს, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ გარდამავალი დემოკრატიების მქონე ქვეყნების და ზოგადად, დემოკრატიის ისტორიაში ვწერთ ახალ ფურცელს - სამასი დღის განმავლობაში, არც ერთ ქვეყანაში, არ გაგრძელებულა წინააღმდეგობა. შეიძლება, გაფიცვა ყოფილიყო, გვახსოვს მშვიდობიანი პროტესტის ტალღები და ფილოსოფია მაჰათმა განდის, მაგრამ ის, რომ ამდენი ადამიანი გამოდიოდეს, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს სოლიდარული ერთმანეთისადმი და იბრძოდეს ამ უზარმაზარი მონსტრის წინააღმდეგ, წარმოუდგენელია. მზია ამაღლობელის დასახელება სახაროვის სახელობის პრემიის ლაურეატებში ნიშნავს, რომ ამ პროტესტმა მოიტანა შედეგი, თან ფორმულირება როგორი მისცეს - მზია ამაღლობელი და საქართველოს დემოკრატიული წინააღმდეგობა. იმდენად კარგი კომბინაცია აქვთ ნაპოვნი - არც ცალკე ეს ადამიანი და რაც ცალკე ჩვენი წინააღმდეგობა... დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მზიას ამბავი შევა ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში.

რამდენი წელია, „ქართული ოცნება“ ცდილობს, გააქროს დამოუკიდებელი მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ან მიაკეროს აგენტების იარლიყი, გააქროს კრიტიკული ხმა ქვეყანაში. რიტორიკული კითხვაა: რომელი შეძლო? გვიჭირს ძალიან, არსებობის კიდეზე ვართ, მაგრამ ონლაინმედია ძალიან ყოჩაღობს, გამოინახა გზები და არსებული რესურსებით გადარჩა. კიდევ უფრო მეტად შეიძლება უჭირდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან ჩვენს ქვეყანაში ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივი დაფინანსების პრაქტიკა არ გვქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კორუფციის კვლევას, ხალხის გასაჭირის მიტანას და ახსნას, რომ ქვეყანაში არის ფუნდამენტური პრობლემები და ამ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია, მოვახერხებთ, სანამ ტელეფონი იქნება ქსელში ჩართული. ვერ დაბნელდება ამ ქვეყანაში. არ მინდა, რამდენიმე წლის შემდეგ ემიგრაციიდან მოვყვე რაღაცებს. თუ მაინცდამაინც საიდანმე უნდა მოვყვე, იყოს ციხე და ღირდეს ეს პატიმრობა შედეგად.

ლარა ქარცივაძე, სტუდენტი, აქტივისტი: ამ პროტესტმა შემძინა ერთიანობა და ამ ერთიანობაში დაბადებული მრავალფეროვანი საზოგადოება. ჩვენ გვაერთიანებს მიზანი - ჩამოვაშოროთ ეს რუსული რეჟიმი საქართველოს და გავათავისუფლოთ განვითარების არეალი, რომელიც ახლა შეფერხებულია და ეს ჩანს ყველა სფეროში, მით უმეტეს, განათლების სფეროში. რა თქმა უნდა, დღის წესრიგი შემეცვალა. ამ აქციებამდე თუ საღამოს ნაწილს გართობაში ვატარებდი, ახლა ვარ პროტესტში. ვიცი, რომ 8 საათზე უნდა გავიდე და ჩემი წილი პასუხისმგებლობა და პროტესტი აქ გამოვხატო. ჩემი პიროვნული განვითარება მაშინ დაიწყო, როცა „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებში აქტიურად ჩავერთე და სტუდენტურ მოძრაობას შევუერთდი. მივხვდი, რამდენად ღირებულია ეს ქვეყანა და ამ ქვეყანაში დაბადებული დემოკრატიის იდეა ჩემთვის. ოფიციალურად ვდგავართ აქ სამასი დღე, თუმცა პროტესტი მანამდეც არსებობდა. მგონია, უკვე იქით ვუჭერთ მარწუხებს რუსულ რეჟიმს, მისი გაუმჭვირვალობა გავხადეთ შუშასავით გამჭვირვალე და ყველაფერი ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ მონდომებით ცდილობენ დამალვას.

სამწუხაროდ, უკვე შეუძლებელია ბსუ-ის სტუდენტების იმ ნაწილთან საუბარი და დისკუსია პრიორიტეტებზე, რომელსაც უნივერსიტეტისგან 150-ნაჭრიანი ტორტის მიღება განათლების მიღებაზე მეტი ჰგონია. განათლების სამინისტროს სტუდენტების ინტელექტუალურ განვითარებაზე უნდა ეზრუნა. სინამდვილეში, პროპაგანდამ იმუშავა და ამ სტუდენტებს რაციონალური და კრიტიკული აზროვნება აღარ აქვთ. ოცი წლის ვარ და ვდგავარ აქ. მჯერა, 4 ოქტომბერს უნდა დაიწყოს ცვლილებები, რომლებსაც მოჰყვება განვითარება. მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს ერთ სივრცეში - რუსთაველზე და დაიწყოს ცვლილებები. ამას ჩვენ რევოლუციური ცვლილებები დავარქვით და არ გვეშინია ამ სიტყვის. ჩემს თანატოლებს მივმართავ, რომ დღევანდელი განათლების სისტემა არ მისცემს მათ ღირსეული მომავლის პერსპექტივას. ვიბრძოლოთ ევროპული ხარისხის განათლებისა და განვითარებისთვის, რათა ეს წლები [უნივერსიტეტში სწავლის] არ იყოს დაკარგული.

მარიამ საჯაია, აქტივისტი, ორგანიზაცია „იდენტობა“: მეგონა, რომ კონსტიტუციით დაფიქსირებული კურსი საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის იყო მისი ნების გამომხატველი. მეგონა, რომ რუსულ იმპერიალიზმსა და მის ბოროტებას საქართველოს მოსახლეობა კარგად აცნობიერებდა. ახლაც ვფიქრობ, რომ აცნობიერებს. თუმცა ახალი უბედურება დაგვერთო „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც, ამ სამასი დღის განმავლობაში, უფრო და უფრო ბოროტდებოდა და ადამიანის უფლებებს ხელყოფდა. წლების წინ დაგვანახეს, რა ღირებულებებზეც დგანან, მაგრამ თუ მოკლე დროში დაატრიალებდნენ იმას, რაც რუსეთში წლების განმავლობაში ხდებოდა, ამას არ ველოდებოდი. პროპაგანდამ, ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ, სიღარიბემ, რომელშიც მიზანმიმართულად ამყოფებენ ადამიანებს, იმუშავა. ამით შეიქმნეს ბერკეტები, რომლითაც მართავენ ადამიანების მოწყვლად ჯგუფებს. მგონია, რომ ეს ჯაჭვები, რომლითაც დაბმული ვართ, გაწყდება.

ხვალ შეიძლება ის სივრცეც დავკარგოთ, რომელიც [მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისთვის] დაგვრჩა. შეიძლება, ორი ადამიანი ერთად რომ დადგება, ეგეც დანაშაული გახდეს, ყველაფრის კრიმინალიზება მოხდეს. რესურსად გვრჩება სიმართლე. იმ ადამიანებმაც, დღეს რომ უტყვ მორჩილებაში არიან, იციან სიმართლე და ეს ნიშნავს ძალიან ბევრს. ყველა ვართ ჩაგრული მოქალაქეები. უნდა შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, გაძლიერება და შეთანხმება - როგორ საზოგადოებად უნდა ვიქცეთ. თუ ამას შევძლებთ, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ იქამდე რთული გზაა გასავლელი და უნდა ვემზადოთ გრძელვადიანი, სკრუპულოზური მუშაობისთვის. მგონია, სანამ ჩვენ ამ სახალხო შეთანხმებას შევძლებთ, რეჟიმის წარმომადგენლებმა შეიძლება ფულისთვის ერთმანეთი შეჭამონ.

ქეთი გოგიტიძე, ფსიქოლოგი, აქტივისტი: ჩემთვის ეს აქციები ის ხავსია, რომელსაც ვეჭიდები. ჩემი ბრძოლის ერთადერთი ხერხია, რათა ადამიანებს, ევროპას, „ქართულ ოცნებას“ ვაჩვენო, რომ ჩვენ არ ვიღლებით, მას არ ვაღიარებთ და აქ ვიდგებით, სანამ არ გავიმარჯვებთ. ამ სამას დღეში ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. მაგალითად, მეგობრებს ვეუბნები, ვისაც ჩემი ნახვა გინდათ, მოდით აქციაზე და აქ მოდიან. აღმოვაჩინე, რომ ძალიან პატრიოტი ვყოფილვარ და ჩემთვის ჩემი ქვეყანა ასეთი მნიშვნელოვანია. არ მინდა, რომ ჩემი თავისუფლება, რომელიც ასე მიყვარს, წამართვან. [„ქართული ოცნება“] ცდილობს ისეთი გარემო შექმნას, არავის არჩევანის უფლება არ გვექნება, ან ჩეჩნეთად ვიქცევით, ან ჩრდილოეთ კორეად. მართალია, ყველას გვაქვს საფრთხის შეგრძნება იმ ძალადობის გამო, რაც ხდება, მაგრამ რომ წარმოვიდგინე, რა ემუქრება ჩემს მომავალს, ეს უფრო საშიშია ჩემთვის. მირჩევნია, მუშტი მომხვდეს, ვიდრე იმ საშინელებაში ვიცხოვრო.

და ბიძინას მადლობა, ერთი კარგი საქმე გააკეთა - ბევრი ადამიანის სახე გვაჩვენა. ადრე ინტერნეტი არ არსებობდა, ვერ ვხედავდით, ვინ იყო მოღალატე. ახლა ყველამ ყვველაფერი ვიცით.

ქეთი დოჭვირი, აქტიური მოქალაქე: ცამეტი წელია, პროტესტში ვარ. უბრალოდ, ამ სამასმა დღემ დამანახა, რომ ქართული საზოგადოება არის ერთიანი. ბოლო წლებში ქართული საზოგადოების მიმართ სიამაყის გრძნობა ცოტა დაკარგული მქონდა და ეს დამიბრუნდა. ჩემთვის ეს მოთმინების სამასი დღეა, რადგან ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად იქნება ახალი ტალღა, რომელსაც ვერც ერთი რეჟიმი ვერ შეეწინააღმდეგება, თუ სტაბილურად გარეთ ვიდგებით. მჯერა, ეს სამასდღიანი უწყვეტი პროტესტი არის ძალიან ხმამაღალი და მოიტანს სასურველ შედეგს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამოაზრეების რიცხვი გაცილებით მეტია დღეს, ვიდრე იყო შარშან ნოემბერში. ჩვენ არ გვაქვს უკანდასახევი გზა. გვაქვს ორი არჩევანი - შეგუების ან ბრძოლისა და გამარჯვების.

ჩვენი ემოციები აღარ არის პირვანდელივით მძაფრი, იმხელა ზეწოლას ვუძლებთ და უკვე საკმაოდ ამტანები ვართ. მჯერა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც გარეთ ჩვენთან ერთად აღარ დგანან, გაბრაზება დაგროვდა და ჩვენი ერთობლივი ენერგია მოგვცემს საშუალებას, რომ გავიმარჯვოთ უახლოეს მომავალში, კონკრეტული თარიღების დათქმის გარეშე. „ოცნება“ ჰგავს გახვრეტილ ნავს, რომლის დაგმანვასაც ცდილობენ, მაგრამ ამ ზეწოლას ვერაფერი ვერ გაუძლებს. ესაა აქციების შედეგი. ეს შედეგი იქნებოდა უფრო სწრაფი, მეტი ადამიანი რომ იდგეს გარეთ, თუმცა ეს დროც მოვა. მანამდე ჩვენ შევეცდებით, რომ პროტესტის უწყვეტობა შევინარჩუნოთ. მაგრამ ძალა არის ერთობაში და ეს საქმე საქართველოს უმრავლესობის გასაკეთებელია.

შოთა გუჯაბიძე, რეჟისორი, ბათუმის ისტორიის მკვლევარი, სამოქალაქო აქტივისტი: დასაწყისში რომ ვინმეს ეთქვა, სამასი დღე დავდგებით ქუჩაშიო, არ დავიჯერებდი. ქვეყნის ისტორიის განმავლობაში, ასეთი ხანგრძლივი, ალბათ, არაფერი არ გვქონია. ბრძოლებს ვიგებდით უმეტესად ემოციისა და მკლავის ხარჯზე. სადაც დისციპლინა და სტრატეგია იყო საჭირო, იქ გვიჭირდა. თუმცა როგორც სახელმწიფო, როგორც საზოგადოება ვვითარდებით. ალბათ, ძირითადად, ახალი თაობის ხარჯზე, მაგრამ ძველებიც არ ვართ ჯაბანნი, როგორც ჩანს.

ახლა მოვედი რამდენიმედღიანი სემინარიდან, რომელსაც პერიოდულად ვესწრები ხოლმე, ბოლო რამდენიმე წელია. ამ სემინარებზე ყოველთვის არის ყველაზე მაღალი წარმომადგენლობა დასავლეთის, ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსების. ვკითხე, როგორ ჩანდა იქიდან ჩვენი პროტესტები. ძალიან მაღალი შეფასება მისცეს [პროტესტს], თქვეს, რომ ჩვენ ვართ მაგალითი, ბევრ რამეს წყვეტს ჩვენი ასე ერთგულად და გაუტეხლად დგომა და რომ ჩვენი სახით მიიღეს საზოგადოება, რომელსაც ისურვებდნენ ევროკავშირში, რადგან ის თვისება, რომელიც თქვენ გაქვთ, ევროკავშირში აღარ არისო. ალბათ, ესაა დუენდე [შთაგონების განსაკუთრებული სახეობა, ეგზისტენციალური მდგომარეობა, რომელიც გადმოიცემა უსიტყვოდ, სტატიკურად, გარეგნული ხერხების მინიმალური გამოყენებით], რაზეც ლორკა წერს „დუენდეს თეორიასა და თამაშში“. მგონია, რომ ეს გამოაჩინა ამ სამასმა დღემ. არც მანამდე გვაკლდა ერთობა და გამარჯვების ჟინი, მაგრამ ამ უწყვეტობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

რას შეიძლება, შევადაროთ ჩვენი ქვეყნის დასავლური ორბიტიდან გადახვევა? ალბათ, კონსტანტინოპოლის დაცემას, რასაც, საბოლოო ჯამში, მოჰყვა ის, რომ ჩვენ ჩამოვშორდით ევროპას. შანსი მოგვეცა, რომ დავბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ სამშობლოში. ევროპა არ არის პერიფერია, სადაც ყავა უნდა დალიო. ევროპა არის ღირებულებები, ცოდნა, რომელიც ჩვენ გვაქვს - თანდაყოლილი, ან შეძენილი, თუმცა ფაქტია, რომ ეს ცოდნა გვაქვს.

ამ პროტესტში ახალგაზრდებს ვაკვირდები - რას აკეთებენ და როგორ. ვადარებ, შესაბამის ასაკში ჩვენ როგოგორ ვაკეთებდით. ცხადია, მსგავსებაც არის, მაგრამ სერიოზული სხვაობაცაა. ამ რაოდენობის პროტესტი რომ ყოფილიყო 90-იან წლებში და შემდეგაც, ხელისუფლება რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მხიბლავს მიდგომა, რომ პოლიციელი გმირია, პოლიციელთან სელფი უნდა გადაიღო და ადამიანს, რომელიც გირტყამს, შენ ბაბუაწვერებს ესვრი... არ ვიცი, მე ასე გამზარდა პოლიტიკურმა გარემომ, ამ მოცემულობამ - არაეფექტური მგონია ასეთი მეთოდი. ახალგაზრდებს აქვთ ეს ცოდნა, ალბათ, დასავლელი თანატოლების მაგალითზე შეძენილი - გამოხვალ, იმარჯვებ და ადის ტიტრები. რეალობა გაცილები უფრო მძიმეა, ვიდრე ნებისმიერი ფილმი. ამ ენერგიის რაციონალურად გამოყენება, გამოზოგვა, ბოლომდე მიტანა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ახლა შედარებით ცოტა ვართ, ვიდრე დასაწყისში ვიყავით, არის ის, რომ ადამიანებს სწრაფი მოლოდინი ჰქონდათ და დიდი ენერგია გაიღეს. თურმე, მოკრივე რომ მოწინააღმდეგეს მუშტს ააცილებს, ექვსჯერ მეტ ენერგიას ხარჯავს. ამის გათვალისწინება აუცილებლად მოგვიწევს.

რომა დოლაბერიძე, სამოქალაქო აქტივისტი: ჩემთვის ეს სამასი დღე არის გზავნილი არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი, ევროპული საზოგადოებისადმი, რომ აქ შეკრებილი ვართ მშვიდობისმოყვარე, დემოკრატიული, ლიბერალური ადამიანები, რომლებიც არ მივმართავთ ძალადობას, საერთოდ არ ვუჭერთ მხარს ძალადობას. გვინდა, ჩვენი საზოგადოება იყოს ევროპული, შეეძლოს განსხვავებული აზრის მოსმენა, ერთმანეთის პატივისცემა. ეს რუსული მთავრობა კი პროპაგანდირებს, თითქოს მოძალადეები ვართ. ჩვენ მშვიდობიანად ველოდებით მნიშვნელოვან მომენტს, როცა სიტუაცია გადატყდება და ქვეყანას ამ რუსული ვექტორიდან შემოვაბრუნებთ ევროპისკენ. ჩემ ირგვლივ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიმტკიცებდნენ, რომ ევროპული, დემოკრატიული მომავლის დასაცავად ყველაფერს გაიღებდნენ. დადგა მომენტი და ხელიც არ გაანძრიეს. ამ აქციებმა ბევრის სახე დამანახა. ჩემი გონება ამ აქციებზე, ჩემგან დამოუკიდებლად, ეძებდა იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად პროდასავლელებად პოზიციონირებდნენ. აღმოჩნდა, რომ მათი სიტყვები იყო ფუჭი. ჩემი აზრით, ამას ორი მიზეზი აქვს: ოპორტუნიზმი - უნდოდათ კონკრეტული სარგებლის მიღება იქიდან, სადაც დასაქმებული იყვნენ, ან სხვა სახის დახმარებას იღებდნენ და მეორე - შიში. ნებისმიერ შემთხვევაში, იმედი გამიცრუვდა და ეს ადამიანები დავკარგე. ჩვენ ხომ მხოლოდ ჩვენთვის არ გვინდა ის სიკეთეები, რომლებსაც ევროპული კურსი მოიტანს, მათი ოჯახებისთვისაც გვინდა. საჯარო მოხელე ვიყავი და ჩემთვის დემოკრატიული საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის. ევროპა ჩემი სახლია, ახალგაზრდობის ნახევარი იქ გავატარე. ამიტომ ჩემი მიზანი ადრეც და ახლაც არის ევროპასთან ინტეგრაცია. ეს არ შეცვლილა. შეიცვალნენ ფიგურები, რომლებთან ერთადაც ადრე ამ მიზნის მიღწევას ვგეგმავდი. თუმცა აქციებზე გაჩნდა ახალი, ევროპული, დემოკრატიული წრე და რუსულ მთავრობას, ადრე თუ გვიან, ერთად მოვიშორებთ. უფრო ხანგრძლივი ბრძოლა ამის შემდეგ მოგვიწევს - დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის.

ფოტო: ბათუმელები

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უწყვეტი პროტესტის სამასი დღე  ბათუმში - უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მოსალოდნელ საფრთხეებზე, მოლოდინებსა და შედეგებზე

    უწყვეტი პროტესტის სამასი დღე ბათუმში -...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • [ეუთოს] მისიის ხელმძღვანელმა ზეპირად ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს

    [ეუთოს] მისიის ხელმძღვანელმა ზეპირად ისა...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ისრაელთან სავაჭრო ბრუნვა 41%-ით და ვიზიტორების რაოდენობა 36%-ით გაიზარდა

    ისრაელთან სავაჭრო ბრუნვა 41%-ით და ვიზიტ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა