ლევან ხაბეიშვილი: რიყის დოქები, ქუთაისის პარლამენტი და ზუგდიდის სტადიონი - ეს არის მაგალითები, როგორ ანადგურებს ივანიშვილის ხელისუფლება სახელმწიფო ქონებას
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ლევან ხაბეიშვილის მიერ დასახელებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება სახელმწიფოს სოლიდური თანხა დაუჯდა. კერძოდ, ე.წ „რიყის დოქების“ მშენებლობა 75 მლნ ლარი, ქუთაისის ყოფილი პარლამენტის 320 მლნ ლარი, ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა ჯამში 15 მლნ ლარი დაჯდა. მიუხედავად ამისა, პირვანდელი ფუნქცია ვერც „რიყის დოქებმა“ და ვერც ქუთაისის პარლამენტმა შეინარჩუნა. პირველი მათგანი, 10 მლნ ლარად გაიყიდა, უფრო სწორად გაიყიდა ტერიტორია, სადაც „რიყის დოქები“ მდებარეობს, რადგან მთავრობამ შენობების დემონტაჟის ნებართვა გასცა.
ქუთაისის პარლამენტის შენობის ნაწილში ტექნოლოგიური პარკის მოწყობა გადაწყდა. აღნიშნულის გამო, შენობის რეაბილიტაციაზე უკვე 21 მლნ ლარია დახარჯული, კონკრეტულად ტექნოპარკის მოწყობის ხარჯი კიდევ ცალკეა. ყოფილი პარლამენტის შენობა რეალურ ფუნქციას შეიძენს და მოხდება მისი ეფექტიანად გამოყენება, თუ ხარჯი ხარჯად დარჩება, ჯერ ამაზე მკაფიო პასუხი არ არსებობს.
რაც შეეხება ზუგდიდის სტადიონს, 10 მილიონი ლარის დახარჯვის მიუხედავად, ის უეფას სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. ხარვეზებს შორის იყო უსაფრთხოების სისტემების გაუმართაობა, ამასთან, 370 სკამიდან მოედანი სრულყოფილად არ ჩანდა, ხოლო სტადიონის გარშემო იყო ბეტონის კედელი, რომელიც ფეხბურთელებისთვის შეჯახებისას ჯანმრთელობის რისკებს ქმნიდა. ხარვეზების გამოსასწორებლად საჭირო გახდა მეორე ტენდერის გამოცხადება, რომლის თავდაპირველი ღირებულება 9.9 მლნ ლარი იყო, თუმცა საბოლოოდ 4.4 მლნ ლარამდე შემცირდა. აღნიშნული იმით იყო განპირობებული, რომ დასავლეთი ტრიბუნა აღარ გადაიხურა, რადგან კონსტრუქციას უჩნდებოდა ბზარები და უსაფრთხოებისთვის დამატებით პროექტირება იყო საჭირო, რაზეც განმახორციელებელმა უარი განაცხადა. საბოლოოდ, დამკვეთმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა სტადიონი, როგორც ხარისხიანად შესრულებული პროექტი, ისე ჩაიბარა.
როგორც ვხედავთ, სამივე პროექტის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები დაიხარჯა და ამის მიუხედავად, ორმა ობიექტმა პირვანდელი ფუნქცია დაკარგა, მესამე ობიექტი კი ხარვეზიანია. სამი პროექტიდან ორი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს განხორციელდა, თუმცა „ქართულ ოცნებას“ 12 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ შენობების ეფექტურად გამოყენების გზები მოეძებნა. ზუგდიდის სტადიონის შემთხვევაში კი, რომელიც „ქართული ოცნების“ დროს აშენდა, არასწორად შესრულებული პროექტის ხარვეზების გასწორებას ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები დასჭირდა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფო ქონების განადგურებაზე ისაუბრა და მაგალითად რიყის დოქები, ქუთაისის პარლამენტი და ზუგდიდის სტადიონი მოიყვანა.
„სამწუხაროდ, სახელმწიფოს ქონებას მიზანმიმართულად ანადგურებენ ხოლმე ან ცდილობენ კერძო საკუთრებაში გადავიდეს, მაგალითად, როგორც გააკეთეს რიყის დოქებთან დაკავშირებით - 95 მილიონით დაიწყეს აუქციონი და 10-ჯერ უფრო ნაკლებად გაასხვისეს, კონკრეტული პირობები იყო და ეს პირობებიც დარღვეულია, ახლა საერთოდ აპირებენ დაანგრიონ. იგივე გაუკეთეს ქუთაისის პარლამენტს და მიმდებარე შენობებს, რომლებიც სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ობიექტებს წარმოადგენდა. ახლა შეგიძლიათ შეხვიდეთ იქ და ნახოთ, რომ ბალახებია ამ შენობებში.... აი, მაგალითად ზუგდიდის სტადიონი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ათობით მილიონი დახარჯეს და აბსოლუტურად უფუნქციოა. ახლა იქ, რომ მიხვიდეთ და დასხდეთ, ვერ უყურებთ ფეხბურთს, რადგან არასწორად არის აშენებული. ჩაბრძანდით ზუგდიდში და ნახეთ რას ჰგავს, “ქოცური” მშენებლობის ნათელი მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონზე, რომელიც გავერანებულია, მიუხედავად იმისა, რომ 20-მდე მილიონი დაიხარჯა იქ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
რიყის დოქები
თბილისში მდებარე ერთ-ერთი ძვირადღირებული დაუმთავრებელი შენობა, რომელმაც თავისი თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა, ე.წ „რიყის დოქებია“. „რიყის დოქები“ მილის ფორმის ორ შენობას წარმოადგენს, სადაც მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრი უნდა განთავსებულიყო. პროექტის ავტორი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასია. 2016 წელს რიყის ე.წ „დოქები“ მსოფლიოს ათ საუკეთესო კულტურის ცენტრს შორის მოხვდა. ვებგვერდ Designboom.com-ის მიერ გამოქვეყნებულ კულტურის ცენტრების ტოპ-ათეულში, პროექტმა მე-10 ადგილი დაიკავა.
პროექტის დაწყებისას ცნობილი იყო, რომ ე.წ. „დოქებში“ მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრი უნდა განთავსებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ 2011-2012 წლებში „რიყის დოქების“ პროექტზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა, ეს შენობები დღემდე უფუნქციოდ არის დარჩენილი.
2019 წლის თებერვალში თბილისი მერმა ჟურნალისტებს „რიყის დოქებით“ რამდენიმე ინვესტორის დაინტერესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მოგვიანებით, უკვე 2020 წლის დასაწყისში, კახი კალაძე ამბობდა, რომ შენობა, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარადაც, კი არცერთ ინვესტორს არ სურდა, რადგან შენობის დასამთავრებლად სულ მცირე 20 მლნ ლარი მაინც იყო საჭირო.
„რიყის დოქები“ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იმყოფებოდა. 2020 წლის 31 იანვარს პირველი აუქციონი გამოცხადდა, სადაც შენობების საწყისი ღირებულება 95 მლნ ლარი იყო. აუქციონი წარუმატებლად დასრულდა და „რიყის დოქები“ ვერ გაიყიდა.
შემდგომი აუქციონი უკვე 2021 წლის მარტში გამოცხადდა, კომპლექსის საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარი იყო, თუმცა ისიც უშედეგოდ დასრულდა. მესამედ „რიყის დოქები“ აუქციონზე მთავრობამ აპრილის დასაწყისში გამოიტანა და ობიექტის საწყისი ღირებულება კვლავ 71.2 მლნ ლარი იყო. შემდგომი აუქციონი უკვე 2021 წლის 29 აპრილს დაიწყო, ამ ეტაპზე „რიყის დოქების“ საწყისი ფასი გაცილებით ნაკლები, 47.5 მლნ ლარი იყო, ბიჯი კი - 20 000 ლარი.
რიყის დოქები სახელმწიფო საკუთრებაში 2022 წლიდან აღარ არის. ის მეექვსე მცდელობაზე, თავდაპირველ ფასზე 10-ჯერ უფრო იაფად, 10 020 000 ლარად გაიყიდა. მყიდველი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია იყო. კომპანიას 36 თვეში 14 591 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები უნდა მოეწყო.
მიმდინარე წლის მაისში დავით ხიდაშელის კომპანია „CLOBAL VICTORY TRUST-მა“ „რიყის დოქები“ 10 მლნ ლარად გაყიდა. შენობის მფლობელი შპს „რიყე დომი“ გახდა. მთავრობამ „რიყის დოქების“ დემონტაჟის და იმ ადგილზე სასტუმროს აშენების უფლება გასცა.
სულ რაღაც ერთ თვეში, „რიყის დოქები“ ისევ გაიყიდა, ამჯერად მისი მფლობელი შპს „მაქრო ფროფერთი“ გახდა. ჯერჯერობით ახალ კერძო ინვესტორს არ წარუდგენია პროექტი, რა სახით იგეგმება რიყის პარკში მდებარე მიწის ნაკვეთის განვითარება, რამდენსართულიანი იქნება ახალი სასტუმრო, რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება მასში და რომელი ბრენდის სახელით მოხდება მისი ოპერირება.
შესაბამისად, შენობა, რომლის აშენება სახელმწიფოს 75 მლნ ლარი დაუჯდა, საბოლოოდ 10 მლ ლარად გასხვისდა და სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, დემონტაჟს დაექვემდებარა.
ქუთაისის პარლამენტი
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობამ პირვანდელი ფუნქცია მას შემდეგ დაკარგა, რაც 2018 წლის დეკემბრის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებით, პარლამენტის ადგილსამყოფლად კვლავ თბილისში, რუსთაველზე მდებარე შენობა განისაზღვრა. მალევე დაანონსდა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი განთავსდებოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ საპოლიციო ჰაბი აღარ განთავსდება და შენობა ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტის შენობა დაახლოებით 320 მლნ ლარი დაჯდა.
2024 წლის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ ქუთაისის პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის განთავსება დააანონსა. სამინისტროს განცხადებით, ტექნოლოგიური ჰაბი სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ტერიტორიაზე მოეწყობა ინტერაქციული - სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად მთავრობა ბიუჯეტიდან 12 მლნ ლარს დახარჯავდა, ამ მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 3 მლნ ლარი 2024 წელს, 9 მლნ ლარი კი 2025 წელს გამოეყოფოდა.
ქუთაისის პარლამენტის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ თბილი სახლი“ ახორციელებს. ხელშეკრულების ღირებულება 21 მლნ ლარია, რაც შენობის ელექტროგაყვანილობის სისტემის, გათბობის, გაგრილება-კონდიცირების და სხვა შიდა კომუნიკაციების რეაბილიტაციას გულისხმობს.
ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა. სააგენტომ ტექნოლოგიური ჰაბის (ყოფილი პარლამენტის C კორპუსი) აუზისა და სახურავის ჰიდროსაიზოლაციო და გუმბათის თბოსაიზოლაციო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად და სამშენებლო სამუშაოების (Design-Build მეთოდით) საწარმოებლად ტენდერი (NAT250006937) გამოაცხადა. ტენდერში შპს „ჰიდროსერვისმა“ გაიმარჯვა და ხელშეკრულების ღირებულებამ 5.3 მლნ ლარი შეადგინა.
გარდა დასახელებულისა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად რამდენიმე ტენდერი უკვე გამოცხადებულია აქვს, მათ შორის: ავეჯის შესაძენად ( NAT250013456 ) - 1 230 509 ლარის ღირებულების ტენდერი, ქუთაისის ტექნოპარკისთვის Hardware AI სასწავლო ნაკრებების და მასთან დაკავშირებული სხვა ინვენტარის შესასყიდად 40 000-ლარიანი ტენდერი და ქუთაისის ტექნოპარკისთვის რობოტული მოწყობილობების - ჰუმანოიდი რობოტი, რობოტი ძაღლი და რობოტული მკლავის 711 800-ლარიანი შესყიდვა (NAT250013116) და ა.შ.
ისიც აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბოლოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა (SMP240002594), რომლის მიხედვითაც სომხურ კომპანიაTUMO-სთან 1.8 მლნ ევროს კონტრაქტი გაფორმდა, რაც მხარეთა 5-წლიან თანამშრომლობას და ყოფილი პარლამენტის შენობაში სასწავლო ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის ივნისში ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ადგილობრივ და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის ყოფილი შენობა მოინახულა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ტერიტორიის ეფექტიანად განვითარების გზებზე და შესაძლო პროექტებზე იმსჯელეს, თუმცა კონკრეტული არაფერი თქმულა, არც 2025 წლისთვის დაანონსებული ტექნოლოგიური პარკის გახსნა უხსენებიათ. შესაბამისად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქუთაისის პარლამენტის მშენებლობაზე დაახლოებით 320 მლნ დაიხარჯა. შენობის შემდგომ რეაბილიტაციაზეც 21 მლნ უკვე დახარჯულია, ტექნოლოგიური პარკის მოსაწყობ ხარჯებზე არაფერს ვამბობთ.
ყოფილი პარლამენტის შენობა რეალურ ფუნქციას შეიძენს და მოხდება, თუ -არა, მისი ეფექტიანად გამოყენება, ჩვენ ამ საკითხს თვალს მივადევნებთ და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.
ზუგდიდის სტადიონი
ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. მუნიციპალიტეტმა 9.9 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი (SPA150028614) გამოაცხადა, რაშიც მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო, რომელშიც შპს „დაგმა“ გაიმარჯვა. შპს „დაგს“ სამუშაოები 2017 წლის 30 სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა. რეალურად, სტადიონის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დამთავრდა. თუმცა იმის გამო, რომ ის უეფას სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, ფეხბურთის ფედერაციამ არ ჩაიბარა. ხარვეზებს შორის იყო უსაფრთხოების სისტემების გაუმართაობა, ამასთან, 370 სკამიდან მოედანი სრულყოფილად არ ჩანდა, ხოლო სტადიონის გარშემო იყო ბეტონის კედელი, რომელიც ფეხბურთელებისთვის შეჯახებისას ჯანმრთელობის რისკებს ქმნიდა.
ამის შემდეგ ზუგდიდის ცენტრალური სტადიონზე სამუშაოები დაახლოებით ერთი წლით შეჩერდა და 2019 წლის სექტემბერში ახალი ტენდერი (NAT190016982) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნაცვლად ამჯერად მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვის მიხედვით, უნდა დასრულებულიყო ცენტრალური სტადიონის მშენებლობა/რეაბილიტაცია და ასევე, უნდა აშენებულიყო ახალი ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო სტადიონი.
ტენდერში მონაწილეობა კვლავ ორმა კომპანიამ მიიღო და გამარჯვებული შპს “მაქრო ქონსთრაქშენი” გახდა. კომპანიისთვის გადასახდელ თანხად 9,900,000 ლარი განისაზღვრა. საბოლოოდ, სახელშეკრულებო თანხა 4.4 მლნ ლარამდე შემცირდა, რაც განპირობებული იყო ძირითადი სტადიონის დასავლეთ ტრიბუნის გადახურვის შეჩერებით, რადგან კონსტრუქციას უჩნდებოდა ბზარები და სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მოსამზადებელი იყო ჩარჩოს რიგელების გაძლიერების კონსტრუქციული პროექტი, რის განხორციელებაზეც მიმწოდებელმა უარი განაცხადა. ასევე ხარჯთაღრიცხვიდან ამოღებულ იქნა სათადარიგო სტადიონის განათების ერთი ერთეული ანძის ღირებულება.
სტადიონი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2024 წლის დეკემბერში ჩაიბარა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში წერია, რომ სამუშაოები შესრულებულია არსებული პროექტის ხარისხის მოთხოვნათა შესაბამისად.