გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელის რეაბილიტაციას 2024 წელს უნდა დაწყებულიყო

ალეკო ელისაშვილი: გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელის რეაბილიტაციას 2024 წელს უნდა დაწყებულიყო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სიმართლე.

მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის საჭიროებაზე კალაძე ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში საუბრობდა. შემდგომ, უკვე 2023 წლის ბოლოს აცხადებდა, რომ „ახმეტელის მეტროს“ მეორე ამოსასვლელის პროექტირება 2024 წლის ნოემბერში დასრულდებოდა და რეაბილიტაციის პროცესი დაიწყებოდა. 2024 წლის ნოემბრიდან უკვე 10 თვეა გასული და პროექტი არა თუ არ დაწყებულა, არამედ თბილისის მერისვე განცხადებით, ჯერ პროექტირებაც არ არის დასრულებული. მისივე განცხადებით, მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების პროექტი 2026 წლის დასაწყისისთვის იქნება მზად და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება რეაბილიტაციის პროცესი. შესაბამისად, კახა კალაძის დაპირება არ შესრულდა. აქედან გამომდინარე, ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ალეკო ელისაშვილმა გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელის აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ კახა კალაძის დაპირებით, გლდანის მეორე ამოსასვლელის რეაბილიტაცია 2024 წელს უნდა დაწყებულიყო: „გლდანი არის ყველაზე დიდი რაიონი თბილისში, ყველაზე მეტი ხალხი ცხოვრობს და ერთადერთი მეტრო ემსახურება. ამ მეტროს ერთადერთი ამოსასვლელი აქვს და ხალხი ძალიან წვალობს ჩასვლა-ამოსვლაზე, საცობებია. ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს ძალიან მარტივად, რადგან საბჭოთა დროიდან არსებობს ახმეტელის მეტროს მეორე ამოსასვლელი გვირაბი, რომელიც 90%-ით დამთავრებულია, უბრალოდ უნდა მოპირკეთება, კომუნიკაციების გაყვანა და ესკალატორის დადგმა. მეორე ამოსასვლელი ხალხისთვის ძალიან დიდი შვება იქნებოდა. ბოლო-ბოლო კალაძემაც თქვა რომ, ვიცით გლდანელების პრობლემა და მეორე ამოსასვლელს გავაკეთებთ 2024 წლის ნოემბრიდანო. მანამდე ტენდერს გამოვაცხადებთ, ხელშეკრულება გვექნება და დავიწყებთ რეაბილიტაციასო. 2025 წლის აგვისტოა და ამ ადგილს რეაბილიტირებულის არაფერი ეტყობა“.

მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის საჭიროებაზე კალაძე ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში საუბრობდა: „ კომუნისტების დროს იყო მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი და მასზე ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან ერთად. მიმდებარე ტერიტორია გასხვისებულია, მაგრამ მუნიციპალიტეტი, რადგან ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამ ტერიტორიას დაიბრუნებს“.

2023 წლის დეკემბერში კახა კალაძე ახმეტელის მეტროს მეორე ამოსასვლელის რეაბილიტაციის დაწყებას 2024 წლის ნოემბრისთვის აანონსებდა: „მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ იყო დისკომფორტი შესვლასთან დაკავშირებით, რაც მოხსნილია, რადგან დავამონტაჟეთ ახალი, უფრო მეტი ტურნიკეტი და დღეს მეტროში შესვლა პიკის საათებშიც არ წარმოადგენს პრობლემას. რაც შეეხება, მეორე უფრო გრძელვადიან პროექტს, ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ. აზიის განვითარების ბანკი (ABD) ძალიან გვეხმარება, კვლევები დაწყებულია ამ მიმართულებით, 2024 წლის ნოემბერში უკვე უნდა გვქონდეს ფასები, პროექტები. 5-ეტაპიანი კვლევაა გასაკეთებელი, ორი ეტაპი უკვე დასრულებულია და ნოემბერში გვექნება პროექტი მზად, იმისთვის, რომ გამოვაცხადოთ ტენდერი უშუალოდ სამუშაოებზე“.

მას შემდეგ, რაც ალეკო ელისაშვილმა ზემოთ განხილული განცხადება 15 აგვისტოს გააკეთა, კახა კალაძემ დედაქალაქის 27 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ და „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „აღნიშნული მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობა პროექტირების ეტაპზეა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შექმნილი კონცეფციის მიხედვით მზადდება. პროექტირება 2026 წლის დასაწყისისთვის დასრულდება, რის შემდეგაც, გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე. აზიის განვითარების ბანკს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის ამ ტიპის სამუშაოების განხორციელება მნიშვნელოვანია.

გვახსოვს, პიკის საათებში მგზავრთა რაოდენობიდან გამომდინარე, პრობლემური იყო მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ შესვლა. შემდეგ გარკვეული პროექტი განვახორციელეთ და ამით აღნიშნული პრობლემა მოიხსნა, თუმცა მაშინვე დავაანონსეთ, რომ ახალი ჩამსვლელ-ამომსვლელების მოწყობის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნებოდა“.

კალაძის განცხადებას ალეკო ელისაშვილი ისევ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თბილისის მერს მეტროს მეორე ამოსასვლელები მხოლოდ წინა საარჩევნოდ გაახსენდა: „კაცი, რომელიც 8 წელია არის თბილისის მერი და არჩევნებამდე დარჩენილია თვეზე ოდნავ მეტი, ახლა ამბობს, ტენდერს ვაცხადებ მარჯანიშვილის და ახმეტელის მეტროს მეორე ამოსასვლელის გასაკეთებლადო. აქამდე სად იყო? არ იცოდა? თვლემდა? ეძინა?“

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ კახა კალაძის დაპირება ნამდვილად იყო, რომ „ახმეტელის მეტროს“ მეორე ამოსასვლელის პროექტი 2024 წლისთვის უკვე მზად იქნებოდა და ობიექტის რეაბილიტაცია დაიწყებოდა. ახლა კახა კალაძე აცხადებს, რომ პროექტი მხოლოდ 2026 წლისთვის იქნება მზად. შესაბამისად, თბილისის მერის თავდაპირველი დაპირება, არ შესრულდა. აქედან გამომდინარე, ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სიმართლე.