ეროვნულმა ბანკმა იანვარ-აგვისტოში 1.3 მლრდ დოლარის ღირებულების საერთაშორისო რეზერვი შეიძინა, თუმცა რეზერვების რაოდენობა მხოლოდ 570 მლნ-ით გაიზარდა. ივლისში რეზერვების მოცულობამ, 2023 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად, 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა, მაგრამ ის თანხობრივადაც კი რეკორდულ მაჩვენებელზე 417 მლნ დოლარით ნაკლებია. თანხობრივი ზრდის მიუხედავად, პრობლემად რჩება რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი და ის რეკომენდებულ დონეს ვერ აკმაყოფილებს.
ფინანსური კრიზისის პერიოდში, საგარეო შოკების ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად, ლიკვიდურობის უზრუნველყოფისთვისა და საქართველოს მთავრობისათვის უცხოური ვალუტით გადახდების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობისთვის, ეროვნულ ბანკს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული საერთაშორისო რეზერვები გააჩნია. რეზერვების მართვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქციაა (ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, მუხლი 3).
რეზერვები შეიძლება რამდენიმე გზით შეივსოს/დაიხარჯოს. პირდაპირი შესყიდვებით ან ვალის აღებით რეზერვების მოცულობა იზრდება, ვალის დაფარვითა და სავალუტო ინტერვენციებით კი პირიქით, მცირდება.
დოლარის ყიდვა/გაყიდვა სავალუტო აუქციონსა და Bmatch პლატფორმაზე ხორციელდება. სავალუტო აუქციონების შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს, Bmatch პლატფორმაზე, ვაჭრობის კი მხოლოდ მომდევნო თვის 25 რიცხვში ვრცელდება. 2025 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში სავალუტო აუქციონი არ გამართულა და რეზერვები სრულად Bmatch პლატფორმაზე იქნა შეძენილი.
სავალუტო აუქციონსა და და Bmatch პლატფორმაზე ვაჭრობა რეზერვების მოცულობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუმცა ეს გავლენა პირდაპირპრპორციული არ არის. 2020 წელს, პანდემიისა და კოვიდრეგულაციების პირობებში, ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონებზე ჯამში 873 მლნ დოლარის გაყიდვა მოუწია, თუმცა იმავე წელს რეზერვების მოცულობა 400 მლნ დოლარით 3.5-დან 3.9 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. სავალუტო ინტერვენციების პირობებში რეზერვების ზრდის მიზეზი საგარეო ვალის ზრდა გახდა.
იგივე პროცესი, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით, განვითარდა 2025 წელს. საგარეო ვალდებულებების დაფარვის და პარალელურად ახალი ვალის აღებაში გეგმასთან მნიშვნელოვნად ჩამორჩენის ხარჯზე, 1.3 მლრდ-ის დოლარის შესყიდვის შემდეგ რეზერვები მხოლოდ 570 მლნ-ით გაიზარდა. სხვაობა ამ ორ რიცხვს შორის 730 მლნ დოლარია.
გრაფიკი 1: 2025 წლის იანვარ-ივლისში შესყიდული რეზერვები და რეზერვების თანხობრივი ზრდის მაჩვენებელი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
6 თვეში, გეგმის მიხედვით, საგარეო ვალდებულებები 796 მლნ დოლარით უნდა გაზრდილიყო, რეალურად, მხოლოდ 377 მლნ-ით (419 მლნ-ით ნაკლებით) გაიზარდა. ვალდებულებების დაფარვის კუთხით კი გეგმა თითქმის 100%-ით შესრულდა (684 მლნ 689 მლნ-დან). შესრულების ნაწილში ხაზინას 7 თვის მაჩვენებელიც გამოქვეყნებული აქვს, თუმცა გეგმები მხოლოდ კვარტალურია, რაც ართულებს იმის გაგებას, თუ რამდენი პროცენტით შესრულდა გეგმა.
დაგეგმილზე ნაკლები ვალის აღება, რეზერვების შესყიდვებთან შედარებით, დაბალი ზრდის ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ არა ერთადერთი. მასზე გავლენა შესაძლოა მოეხდინა შიდა სამთავრობო კონვერტაციებს ან იმ ვალუტის გაუფასურებას, რომელშიც იყო რეზერვების ნაწილი განთავსებული. ოქროს ფასის ცვლილებამ რეზერვებზე დადებითი გავლენა იქონია და ის 158 მლნ დოლარით გაზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში რეზერვების მოცულობა 570 მლნ-ით გაიზარდა, ის ჯერ კიდევ შორსაა რეკორდულ მაჩვენებელთან. 2023 წლის ივლის-აგვისტოში რეზერვების მოცულობა 5.4 მლრდ-ს აჭარბებდა.
რეზერვები მხოლოდ თანხობრივად არ იზომება. ეკონომიკისა და ვაჭრობის მოცულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ადეკვატურობის კოეფიციენტიც, რომელსაც სავალუტო ფონდი საკუთარი მეთოდოლოგიით განსაზღვრავს.
ის გამოითვლება ფორმულით: ARA Metric=5% × ექსპორტი + 5% × ფართო ფული + 30% × მოკლევადიანი ვალი + 15% × სხვა ვალდებულებები. უმჯობესია, თუ ადეკვატურობის კოეფიციენტი 100%-150%-ის ფარგლებში იქნება.
2015 წლიდან სები ადეკვატურობის კოეფიციენტის დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებს. გამონაკლისს 2020-2021 წლები წარმოადგენს, რა დროსაც რეზერვები დიდი ოდენობით საგარეო ვალის აღების ხარჯზე გაიზარდა. 2022 წელს ადეკვატურობის კოეფიციენტი 96%-მდე, 2023 წელს 90%-მდე, ხოლო 2024 წელს 74%-მდე შემცირდა. 2025 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 79%-ს შეადგენს, რაც მართალია, 2024 წლის მაჩვენებელზე უკეთესია, მაგრამ რეკომენდებულ დონესთან შედარებით ისევ საგრძნობლად ნაკლებია.
გრაფიკი 2: რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
რეზერვების კიდევ ერთი საზომი იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტია. რეზერვები მომდევნო 3 თვის მოსალოდნელ იმპორტს უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს მას. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2023 წლამდე (2014 წლის გარდა), ეს კოეფიციენტი დაკმაყოფილებული იყო, 2023 წელს ის 2.72-მდე, ხოლო 2024 წელს 2.33-მდე შემცირდა. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს რეზერვების ზრდის ტემპი იმპორტის ზრდის ტემპს უსწრებს (რეზერვები 12.8%-ით გაიზარდა, იმპორტი 10.8%-ით), მოსალოდნელია, რომ მცირედით ეს კოეფიციენტიც გაუმჯობესდება, მაგრამ არა მნიშვნელოვნად.
გრაფიკი 3: რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტის მიხედვით
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
რეზერვების მდგომარეობა გასულ წელს სარეიტინგო კომპანია Fitch-მაც ნეგატიურად შეაფასა. საქართველოს სავალუტო რეზერვები BB შეფასების მქონე სხვა ქვეყნების ნიშნულზე დაბალია. საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები 2024 წლის მდგომარეობით, მისი საგარეო გადახდების 2.6 თვის პერიოდს ფარავს, მაშინ, როდესაც BB რეიტინგის სხვა ქვეყნებში რეზერვების მოცულობა საშუალოდ საგარეო გადახდების 4.7 თვის ტოლია, აღნიშნული იყო Fitch-ის მიმოხილვაში. მას შემდეგ მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, მაგრამ არა იმდენად, რომ BB რეიტინგის სხვა ქვეყნების საშუალოს დასწეოდა.
რეზერვების დაგროვების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ნეგატიური 2024 წელი აღმოჩნდა. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რეზერვების მოცულობა 925 მლნ დოლარით შემცირდა. კლების ტემპი თვიდან თვემდე თანაბარი არ ყოფილა. მაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროტესტის პარალელურად, ის 214 მლნ-ით შემცირდა, ივლის-აგვისტოში, პირიქით, ჯამურად 258 მლნ-ით გაიზარდა, საპარლამენტო არჩევნების წინ ოქტომბერში კი ვარდნამ ერთთვიან ჭრილში რეკორდულ მოცულობას - 627 მლნ დოლარს მიაღწია. დეკემბერში რეზერვები მნიშვნელოვნად - 325 მლნ დოლარით, გაიზარდა, თუმცა ამ ზრდაში დიდი წვლილი საკანონმდებლო ცვლილებამ შეიტანა, რომლის ძალითაც ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნა 5 პროცენტული პუნქტით გაუზარდა. ეს უფრო ტექნიკური ზრდა იყო, ვიდრე რეალური ზრდა.
არათანაბარი იყო სავალუტო ინტერვენციებიც. თუ ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა 591 მლნ დოლარი გაყიდა (213 მლნ დოლარი სავალუტო აუქციონზე და 378 მლნ დოლარი Bmatch პლატფორმაზე), რითაც კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2.72-273-ის ფარგლებში შენარჩუნდა, დეკემბერში, როდესაც საშუალო გაცვლითმა კურსმა 2.80-ს და ერთ მომენტში 2.85-საც გადააჭარბა, ეროვნულმა ბანკმა, პირიქით, 29 მლ დოლარიანი შესყიდვა განახორციელა.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულმა ბანკმა 7 თვეში მართლაც 1.3 მლრდ დოლარის ოდენობის რეზერვები შეიძინა, თუმცა სხვადასხვა მიზეზებით, ძირითადად საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში გეგმასთან ჩამორჩენის ხარჯზე, რეზერვების მოცულობა 1.3 მლრდ-ის ნაცვლად მხოლოდ 571 მლნ-ით გაიზარდა. 2024 წელთან შედარებით რეზერვები გაზრდილია, მაგრამ 2023 წელთან შედარებით, შემცირებული. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესებულია რეზერვების ადეკვატურობის კოეფიციენტიც. მიმდინარე წელს გარკვეული პოზიტიური ძვრების მიუხედავად, ზრდის არსებული ტემპი არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ადეკვატურობის მაჩვენებელი 2024 ან 2020 წლამდელ დონეს დაუბრუნდება.