ირაკლი კობახიძე: იანვარ-ივლისში ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
2025 წლის იანვარ-ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 8.9%-ით - 3.8 მლრდ-მდე, იმპორტი 10.8%-ით - 10.3 მლრდ-მდე და სავაჭრო ბრუნვა 10.3%-ით - 14.2 მლრდ-მდე გაიზარდა.
განცხადების გაკეთების მომენტში, 13 აგვისტოს მდგომარეობით, ჩაშლილად ქვეყნებისა და პროდუქციის მიხედვით 6 თვის სტატისტიკა იყო ცნობილი, ხოლო ივლისის მონაცემები მხოლოდ თანხობრივად - ექსპორტისა და იმპორტის ნომინალური მაჩვენებლების ოდენობით იძებნებოდა.
6 თვეში ექსპორტი 13.7%-ით იყო გაზრდილი და ზრდის ძირითად განმაპირობებელ ფაქტორს მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენდა, რომელთა ექსპორტიც იანვარ-ივნისში, 2024 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა და 1.2 მლრდ-ს გადააჭარბა. ახალი რეკორდი მოხსნა მსუბუქი ავტომობილების წილმაც მთლიან ექსპორტში და მან 38%-ს მიაღწია.
6 თვეში გაიზარდა იმპორტიც, თუმცა მისი ზრდა დიდწილად ერთჯერად ფაქტორებს, კერძოდ იანვარში 514 მლნ დოლარის ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტს უკავშირდება, მათი ქვეყანაში შემოტანა რეალური ეკონომიკური აქტივობით არ ყოფილა გამოწვეული. ერთჯერადი ფაქტორების გარეშე, 7 თვეში იმპორტი მხოლოდ 5.2%-ით იქნებოდა გაზრდილი, რაც 3.3%-იანი ინფლაციის პირობებში შეიძლება უმნიშვნელო ზრდად მივიჩნიოთ.
უშუალოდ ივლისში ექსპორტი 11%-ით - 609 მლნ-მდე, იმპორტი 6.7%-ით - 1.5 მლრდ-მდე და შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვაც 8%-ით - 2.1 მლრდ დოლარამდე შემცირდა. ორმხრივი ვარდნა ვაჭრობის აქტივობის კლებაზე მიუთითებს და დეტალური ინფორმაციის გასაჯაროება მას განმცხადებლის სასარგებლოდ ვეღარ შეატრიალებს.
სტატისტიკურად სწორად დასახელებული რიცხვების, მაგრამ რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით, რამაც წარმატების გაზვიადებულად წარმოჩენის შესაძლებლობა გააჩინა, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
ანალიზი: პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში ქარდი გამოაქვეყნა აღწერით: „2025 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 8.9%-ით გაიზარდა და რეკორდულ ოდენობას - 3,843.8 მლნ. აშშ. დოლარს, გაუტოლდა.
ბოლო 7 თვეში სავაჭრო ბრუნვა 10.3%-ით გაიზარდა 14,153.9 მილიონ აშშ. დოლარამდე, რაც ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდული მოცულობაა“.
განცხადების გაკეთების მომენტში, 13 აგვისტოს მდგომარეობით, დეტალურად მხოლოდ 6 თვის მონაცემები იყო ცნობილი და ივლისის მონაცემები მხოლოდ თანხობრივად ქვეყნებისა და პროდუქციის ჩაუშლელად.
ნომინალურად ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული რიცხვები სიმართლეს შეესაბამება. 7 თვეში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.9%-ით - 3.8 მლრდ-მდე გაიზარდა, თუმცა 6-თვიანი ზრდის შემდეგ ივლისში 11%-იანი კლება დაფიქსირდა, შედეგად, თუ იანვარ-ივნისში ზრდის ტემპი 13.7%-ს შეადგენდა, იანვარ-ივლისში 8.9%-მდე შემცირდა.
გრაფიკი 1: ექსპორტი თვეების მიხედვით (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ივლისის მონაცემები ჩაშლილად არაა ცნობილი, იანვარ-ივნისის მდგომარეობით, ექსპორტი ძირითადად მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე იყო გაზრდილი. 6 თვეში ავტოექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაიზარდა, რაც თანხობრივად 283 მლნ დოლარიან ზრდას უდრის.
6 თვეში ექსპორტის ზრდის ტემპმა 13.6%-ს მიაღწია, თუმცა მსუბუქი ავტომობილების გარეშე ზრდა მხოლოდ 5.6%-იანი იქნებოდა. მართალია, მსუბუქი ავტომობილები უკვე 20 წელია ექსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს და საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში პირველ ადგილზე ადრეც გასულა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომამდე მისი წილი მთლიან ექსპორტში საშუალოდ 10%-15%-ის ფარგლებში მერყეობდა, 2023-2024 წლებში მან 32%-ს, ხოლო 2025 წლის პირველ ნახევარში 37%-საც გადააჭარბა.
ავტორეექსპორტის შედეგად, მთავარ საექსპორტო ბაზრად ყირგიზეთი იქცა, მეორე ადგილზე კი კიდევ ერთი შუა აზიური სახელმწიფო ყაზახეთია. „ფაქტ-მეტრი“ ვერ იტყვის მტკიცებით ფორმაში გადის, თუ - არა ავტომობილები ყირგიზეთიდან რუსეთში. რაოდენობა და ერთეულის საექსპორტო ღირებულება (32 ათასი დოლარი) ამ მოსაზრებას ამყარებს, მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მართლაც ასეა, საქართველო სანქციების დამრღვევი მაინც არ გამოდის, რადგან ყირგიზეთში ექსპორტი აკრძალული არ არის. ბოლო 1.5 წლის განმავლობაში რუსეთში სულ 250 ათასი დოლარის ღირებულები 12 ავტომობილი გავიდა ექსპორტზე.
საქართველო ავტომობილებს არ აწარმოებს და ყველა (49 121 ერთეული) გაყიდული ავტომობილი რეექსპორტს წარმოადგენს. ეკონომიკური თვალსაზრისით, რეექსპორტიც მომგებიანია, თუმცა ადგილობრივი ექსპორტი უფრო მეტ დამატებით ღირებულებას ქმნის.
გრაფიკი 2: ექსპორტი იანვარ-ივნისი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მსუბუქი ავტომობილების გარდა, 72%-ით - 175 მლნ დოლარამდე გაზრდილია ძვირფასი ლითონების ექსპორტი. სპირტიანი სასმელების ექსპორტი 7%-ით - 123 მლნ-მდე და ღვინის ექსპორტი 22%-ით - 122 მლნ-მდე შემცირდა.
საქართველოსთვის ღვინის მთავარ ბაზარზე, რუსეთში ღვინის ექსპორტი 6 თვეში 34%-ით - 111-დან 73 მლნ-მდე შემცირდა. ასეთი მკვეთრი ვარდნის სავარაუდო მიზეზი რუსეთის გადაწყვეტილება გახდა - გაეზარდა აქციზის გადასახადი ღვინოზე. გადაწყვეტილება გასული წლის მაისში შევიდა ძალაში. 2023 წელს რუსეთში მთლიანად 183 მლნ დოლარის ღვინო გაიყიდა, მაგრამ ეს თანხა თვეების მიხედვით არათანაბრად გადანაწილდა, კერძოდ იანვარ-აპრილში, ოთხ თვეში ექსპორტმა 100 მლნ დოლარი შეადგინა და დარჩენილ 8 თვეში 83 მლნ. მიმდინარე წლის დასაწყისშიც რუსეთში ღვინის ექსპორტის კლებაც ძირითადად საბაზო პერიოდით უნდა აიხსნას. რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებში იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღვინის ექსპორტი მცირედით - 46-დან 49 მლნ-მდე გაიზარდა.
ივლისის მონაცემები დეტალურად, რომელ სახელმწიფოში რა გაიყიდა და რა ფასად, 19 აგვისტოს გახდება ცნობილი, თუმცა რა მონაცემებიც არ უნდა გამოქვეყნდეს, წინა წლის ივლისთან შედარებით11%-იანი ვარდნა ამბავს განმცხადებლის სასარგებლოდ ვერ შემოატრიალებს.
იმპორტის ცვლილების დინამიკა ექსპორტისას მეტ-ნაკლებად ემთხვევა, 7 თვეში 10.8%-იანი ზრდა ფიქსირდება, თუმცა ივლისში იმპორტიც 6.7%-ით შემცირდა. მთავარ საიმპორტო პროდუქტს ამ შემთხვევაშიც მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენს. მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 6 თვეში 10%-ით - 1.7 მლრდ-მდე გაიზარდა.
გრაფიკი 3: იმპორტი თვეების მიხედვით (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ავტომობილების გარდა იმპორტი ერთჯერადმა ფაქტორებმაც გაზარდა. იანვარში ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტმა 514 მლნ დოლარს მიაღწია (2013-2024 წლებში ჯამურად 10 მლნ-ზე ნაკლებს). მათი ქვეყანაში შემოტანა რეალურ მოთხოვნასა და რეალურ ეკონომიკურ აქტივობასთან კავშირში არ ყოფილა. ნახატებისა და ქანდაკებების გარეშე 7 თვეში იმპორტი მხოლოდ 5.2%-ით იქნებოდა გაზრდილი, რაც 3.3%--იანი ინფლაციის პირობებში შეიძლება უმნიშვნელო ზრდად მივიჩნიოთ.
გრაფიკი 4: იმპორტი იანვარ-ივლისი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მთლიანობაში, 7 თვეში ექსპორტი ნამდვილად 8.9%-ით და სავაჭრო ბრუნვა 10.3%-ითაა გაზრდილი, მაგრამ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებაში ვერ მოხვდა, კერძოდ: ექსპორტი ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა, იმპორტის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ერთჯერადი ფაქტორები გახდა, რასაც რეალურ ეკონომიკურ აქტივობასთან კავშირი არ ჰქონია და საანგარიშო პერიოდის ბოლო თვეში ივლისში როგორც ცალკე აღებული ექსპორტი, ასევე ცალკე აღებული იმპორტი ორივე შემცირდა. სტატისტიკურად სწორად დასახელებული რიცხვების, მაგრამ რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით, რამაც წარმატების გაზვიადებულად წარმოჩენის შესაძლებლობა გააჩინა, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.