მარიამ ქვრივიშვილი: თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ინვესტორია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მარიამ ქვრივიშვილის განცხადება არის სიმართლე.
2024 წელს საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 3.2 მლრდ დოლარს გადააჭარბა და მთლიან ბრუნვაში თურქეთმა, 13.8%-იანი წილით, პირველი ადგილი დაიკავა. თურქეთი, უკვე 20 წელია, №1 სავაჭრო პარტნიორია და იქამდეც, 90-იანი წლების მეორე ნახევარსა და 2000-იანი წლების დასაწყისში, მეორე ადგილი ეკავა. თურქეთი პირველ ადგილს ინარჩუნებს იმპორტის ხარჯზე, რომელიც ექსპორტს 6-ჯერ და მეტად აღემატება. ცალკე აღებულ ექსპორტში, თურქეთი, პერიოდულად, ადგილს იკავებს ხუთეულშიც.
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2024 წელს, თურქეთმა მეხუთე ადგილი დაიკავა. 1996-2024 წლებში ჯამურად განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებშიც, თურქეთი და შეერთებული შტატები მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებენ. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში თურქული კომპანია TAV Georgia ოპერირებს. ორ ქვეყანას ერთმანეთთან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, შაჰ-დენიზის გაზსადენი და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა აკავშირებს. ამ პროექტების მეშვეობით, გასული სამი ათწლეულის განმავლობაში, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ბრიტანეთიდან საქართველოში მნიშვნელოვანი მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა, თუმცა, მათ გარდა, იყო კიდევ ერთი - ნამახვანჰესის 800 მილიონდოლარიანი პროექტი, რომელიც ვერ აშენდა და რომლის აუშენებლობის საკომპენსაციოდ, საარბიტრაჟო სასამართლომ საქართელოს 383 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა, რაც ეროვნულ ვალუტაში 1 მლრდ ლარზე მეტია.
სტატისტიკურად სწორი ინფორმაციის გადმოცემის გათვალისწინებით (თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ინვესტორია), „ფაქტ-მეტრმა“ მარიამ ქვრივიშვილის განცხადება შეაფასა, როგორც სიმართლე.
ანალიზი:
თურქეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა: „თურქეთი, უკვე წლების განმავლობაში, საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ინვესტორია, რაც მკაფიოდ ადასტურებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე ეკონომიკურ კავშირებს და თანამშრომლობის მზარდ დინამიკას“
2024 წელს თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ 3.2 მლრდ დოლარს გადააჭარბა და მთლიან ბრუნვაში 13.8%-იანი წილით, პირველი ადგილი დაიკავა. 2025 წლის იანვარ-ივნისში თურქეთის წილი 12.3%-მდე შემცირდა, თუმცა მან პირველი ადგილი მაინც შეინარჩუნა.
საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 2007 წლის ნოემბერში მოწერა და ძალაში 2008 წლის ნოემბრიდან შევიდა. ხელშეკრულებამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გაამარტივა, თუმცა თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი 2006 წლიდან გახდა და უკვე მეოცე წელია, პირველობა არ დაუთმია. 2006 წლამდეც თურქეთს, რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილი ეკავა.
გრაფიკი 1: სავაჭრო ბრუნვა თურქეთთან (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მთელი 30-წლიანი პერიოდის განმავლობაში, საქართველოს თურქეთთან მუდმივად უარყოფითი სავაჭო ბალანსი ჰქონდა. 2013-2024 წლებში უარყოფითმა სავაჭრო სალდომ თურქეთთან, საშუალოდ, 74% შეადგინა. იმპორტი ექსპორტს 6-7-ჯერ აღემატება.
თურქეთი სავაჭრო ბრუნვაში პირველ ადგილს სწორედ იმპორტის ხარჯზე ინარჩუნებს. 2013- 2024 წლებში თურქეთის წილი იმპორტში, საშუალოდ, 18%-ს შეადგენდა, ხოლო ექსპორტში - 7%-ს. 1995-2010 წლებში თურქეთის წილი ექსპორტში ბევრად მაღალი იყო და 17%-ს აღწევდა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თურქეთმა ექსპორტში მეშვიდე ადგილი დაიკავა. 2023 და 2024 წლებში მეექვსე ადგილს იკავებდა. მეშვიდე ადგილზე იყო 2019 წელსაც. საუკეთესო პოზიცია - მესამე ადგილი - 2015-2017 წლებში ეკავა. ადგილობრივ ექსპორტში თურქეთი, რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა და 2014 წლიდან მოყოლებული (2014 წლამდე ჩაშლილი სტატისტიკა საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა), მეოთხე პოზიციას არ გასცილებია.
გრაფიკი 2: სავაჭრო ბრუნვა თურქეთთან (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რას ვყიდით თურქეთში და რას ვყიდულობთ თურქეთიდან? 2024 წელს საქართველომ თურქეთში 145 მლნ დოლარის ფეროშენადნობი, 62 მლნ-ის ტანსაცმელი და 40 მლნ-ის ელექტროენერგია გაყიდა, 2023 წელს - 83 მლნ დოლარის ელექტროენერგია, 57 მლნ-ის ტანსაცმელი და 38 მლნ-ის ფეროშენადნობი. რაც შეეხება იმპორტის სამეულს, 2024 წელს საქართველომ თურქეთისგან 170 მლნ-ის სამკურნალო საშუალებები, 77 მლნ-ის ნავთობი და ნავთობპროდუქტები და მეტალოკონსტრუქციები შეიძინა, ხოლო 2023 წელს - 153 მლნ-ის სამკურნალო საშუალებები, 85 მლნ-ის მსუბუქი ავტომობილები და 63 მლნ-ის მეტალოკონსტრუქციები.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადების მეორე ნაწილი ინვესტიციებს ეხებოდა. 2024 წელს თურქეთიდან საქართველოში 93 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა და ამ მაჩვენებლით, მეხუთე ადგილი დაიკავა. თურქეთი ბოლო წლებში, ძირითადად, მეოთხე-მეექვსე პოზიციებს იკავებდა, თუმცა 2010-იან წლებში ზოგჯერ მეორე ადგილზეც გასულა. აგვისტოს მდგომარეობით, ცნობილია მხოლოდ პირველი კვარტლის შედეგი, რომლის თანახმადაც, თურქეთიდან საქართველოში განხორციელდა 28 მლნ დოლარის ინვესტიცია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 15%-ზე მეტია, თუმცა მხოლოდ ერთ კვარტალზე დაყრდნობით, ტენდენციის ცვლილებაზე ლაპარაკი ნაადრევია. გასული წლის პირველ კვარტალში თურქეთის წილმა ინვესტიციებში 27%-ს გადააჭარბა, მაგრამ წლიურად 7%-მდე შემცირდა.
გრაფიკი 3: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თურქეთიდან (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
1996-2024 წლებში, ჯამურად, საქართველოში 28.8 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც თურქეთმა, 8%-იანი წილით, მეხუთე ადგილი დაიკავა. უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ თურქეთი და შეერთებული შტატები მეოთხე-მეხუთე ადგილს ინაწილებენ, რადგან სხვაობა მინიმალურია და 0.1%-ს შეადგენს.
გრაფიკი 4: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1996-2024 წლებში, ჯამურად (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქართველო თურქეთს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით, შაჰ-დენიზის გაზსადენითა და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზით უკავშირდება. უახლოეს წარსულში ამ პროექტებმა საქართველოში, აზერბაიჯანის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან, მნიშვნელოვანი მოცულობის ინვესტიცია შემოიტანა. სამიდან ორ საერთაშირისო აეროპორტშიც - თბილისსა და ბათუმში - თურქული კომპანია TAV Georgia ოპერირებს.
თურქულ კომპანიას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური - ნამახვანჰესიც უნდა აეშენებინა. პროექტის ღირებულება 800 მლნ დოლარს შეადგენდა. ჰესი სიმძლავრით 433 მგვტ უნდა ყოფილიყო და წლიურად 1.5 მლრდ კვტ/სთ უნდა გამოემუშავებინა. პროექტი ვერ შედგა. 2021 წელს იმდროინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჰესი მოქმედი ხელშეკრულების პირობებით აღარ აშენდებოდა. მოგვიანებით, საქართველომ თურქულ კომპანიასთან საარბიტრაჟო დავა წააგო და 383 მლნ დოლარის (2025 წლის აგვისტოს კურსით - 1.035 მლრდ ლარის) გადახდა დაეკისრა.
მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოსთვის №1 სავაჭრო პარტნიორია, თუმცა სავაჭრო ბრუნვის უდიდესი ნაწილი იმპორტის ხარჯზე ფორმირდება, ექსპორტის ნაწილში კი თურქეთი დროდადრო პირველ ხუთეულში ხვდება.
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში თურქეთი მეხუთე ადგილს იკავებს, ორ ქვეყანას ერთმანეთთან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები აკავშირებს. თანამშრომლობა შესაძლოა მეტად გაღრმავებულიყო, მაგრამ, რეალურად, 800 მილიონდოლარიანი ნამახვანჰესის პროექტი არ შედგა ამ თანხის თითქმის ნახევარი საარბიტრაჟომ საქართველოს პირგასამტეხლოს სახით დააკისრა.
სტატისტიკურად სწორი ინფორმაციის გადმოცემის გათვალისწინებით (თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ინვესტორია), „ფაქტ-მეტრმა“ მარიამ ქვრივიშვილის განცხადება შეაფასა, როგორც სიმართლე.