აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 107 ქვეყანაში განხორციელდა. ექსპორტის მოცულობამ 1.7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

ირაკლი კობახიძე: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 107 ქვეყანაში განხორციელდა. ექსპორტის მოცულობამ 1.7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 107 ქვეყანაში განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 1 680 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტს, 2024 წელს მართლაც 180 მლნ აშშ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია იყო ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11%-ით სჭარბობს.
ირაკლი კობახიძე განცხადებაში რიცხვებს სწორად ასახელებს, თუმცა ყურადღების მიღმა ტოვებს აგროსასაურსათო პროდუქციის იმპორტსა და სავაჭრო ბალანსს, რის გარეშეც საგარეო ვაჭრობის სრული სურათი არ მიიღება. სავაჭრო ბალანსი მუდმივად უარყოფითი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტის აგროსასურსათო პროდუქტი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას სოფლის მეურნეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს 107 ქვეყანაში ხორციელდება. მთლიანობაში, ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 1.7 მლრდ დოლარი, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი.2023 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაიზარდა 250 მლნ დოლარზე მეტით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში 180 მლნ ლარის ექსპორტი“.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 107 ქვეყანაში განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 1 680 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს (1 437 მლნ) 17%-ით აღემატება. კობახიძის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა.

გრაფიკი 1: საგარეო ვაჭრობა (მლნ აშშ დოლარი)


წყარო: საქსტატი

საანგარიშო წელს ძირითადად ექსპორტირებულია: სპირტიანი სასმელები - მთლიანი ექსპორტის 17%, ღვინო - 16%, მინერალური და მტკნარი წყლები - 10%, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები - 8%, კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი ) - 6% , გადამუშავებული ხილი (ძირითადად კაკლოვნები) – 3% და სხვა.

2024 წელს აგროსასურსათო პროდუქცია ძირითადად შემდეგ ბაზრებზე გავიდა: რუსეთი (624 მლნ - 37%, ევროკავშირი (180 მლნ -11%), აზერბაიჯანი (174 მლნ -10%), სომხეთი (160 მლნ - 9.5%), ყაზახეთი (71 მლნ - 4.2%), ყირგიზეთი (61 მლნ - 3.6%) და ა.შ.

როგორც აღვნიშნეთ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული იყო 180 მლნ აშშ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11%-ით (17.3 მლნ ლარით) აღემატება. ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში 11%-ს შეადგენს. ძირითადად ექსპორტირებული იყო: თხილი (პირველადი და გადამუშავებული სახით) - 46%, ღვინო - 19%, სპირტიანი სასმელები - 11%, მინერალური და მტკნარი წყლები - 8 %.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: გერმანია - 21%, პოლონეთი -14%, საფრანგეთი - 14%, იტალია -11%, ლიეტუვა - 9%, ესპანეთი - 9%, ლატვია - 5%, ნიდერლანდები - 5%, ჩეხეთი - 3%.

ირაკლი კობახიძე განცხადებაში არც აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტზე და, მით უმეტეს, სავაჭრო ბალანსზე (ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა) არ საუბრობს.

ჩვენ აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტზე და სავაჭრო ბალანსზეც გავამახვილებთ ყურადღებას.

2024 წელს აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტმა 2 196 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 9%-ით აღემატება (2 018 მლნ აშშ დოლარი).

ძირითადად იმპორტირებული იყო სიგარეტი - მთლიანი იმპორტის 9%, შინაური ფრინველის ხორცი და საკვები სუბპროდუქტები - 5%, შოკოლადის ნაწარმი - 5%, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი - 4%, შაქარი - 4%, საკვები დანამატი - 4%, ხორბალი - 3%, სპირტიანი სასმელები - 3%, ღორის ხორცი - 2%, დანარჩენი პროდუქტები - 63%.

აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი ძირითადად შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა: ევროკავშირი - 28%, რუსეთი - 22%, თურქეთი - 13%, უკრაინა - 6%, ბრაზილია - 5%, აზერბაიჯანი - 3%, ჩინეთი - 3% და სხვა.

ევროკავშირიდან სულ იმპორტირებულია 627 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც წინა წლის მაჩვენებელს - 106 მლნ აშშ დოლარს, 20%-ით აღემატება. ევროკავშირის ქვეყნებში პირველ ადგილზე გერმანიაა, მთლიანი იმპორტის 13%, შემდეგ მოდის საფრანგეთი - 12%, 12%-იანი წილით მესამე ადგილზე პოლონეთია, ნიდერლანდები -11%, იტალია - 10%, ლიეტუვა - 9% და ა.შ.

რაც შეეხება ევროკავშირიდან იმპორტირებულ აგროსასურსათო პროდუქციას, ყველაზე დიდი რაოდენობით სიგარეტი შემოგვაქვს - მთლიანი იმპორტის 9%, შაქარი - 7%, საკვები დანამატები - 7%, შოკოლადის ნაწარმი - 6%, ცხოველური საკვები - 5%, სპირტიანი სასმელები - 4%, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი - 4%, შინაური ფრინველის ხორცი - 4%, ყველი, ხაჭო, კარაქი და რძის სხვა ცხიმები - 3%, მცენარეთა ნერგები - 3%, დანარჩენი პროდუქტები - 41%.

აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტზე საუბრისას, ყურადღება სავაჭრო ბალანსზეც უნდა გავამახვილოთ (ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობაზე). სავაჭრო ბალანსი წლების განმავლობაში სულ უარყოფითია (იმპორტი აჭარბებს ექსპორტს).

2013-2014 წლებში კლების ტენდენცია იყო, შემდგომ 2015, 2017 წლებში ზრდა გვაქვს, 2018-2021 წლებში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ისევ მცირდება. 2022 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 590 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 185%-იანი ზრდა იყო. 2023 წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი თითქმის იმავე ნიშნულზე შენარჩუნდა - 580 მლნ აშშ დოლარი ( 2022 წელთან შედარებით, 1.7% -ით ნაკლები). 2024 წელს სავაჭრო ბალანსმა -516 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-იანი კლებაა.

გრაფიკი 2: აგროსასურსათო პროდუქციის სავაჭრო ბალანსი (მლნ აშშ დოლარი)


წყარო: საქსტატი

როგორც ვნახეთ, ირაკლი კობახიძე განცხადებაში რიცხვებს სწორად ასახელებს, თუმცა ყურადღების მიღმა ტოვებს აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტს და სავაჭრო ბალანს. აღნიშნულის გარეშე კი, საგარეო ვაჭრობის სრული სურათი არ იქმნება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აგროსასურსათო პროდუქციის სავაჭრო ბალანსი სულ უარყოფითი გვაქვს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.