ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა

ირაკლი კობახიძე: ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2020 წელს დოლარში დათვლით მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 4300 დოლარი შეადგინა, 2024 წელს 2.1-ჯერ მეტი - 9140 დოლარი. დასახელებულ რიცხვებს სამი მნიშვნელოვანი პრობლემა გააჩნია: საბაზო ეფექტი, შედარება პანდემიურ 2020 წელთან გაკეთდა, როცა ეკონომიკა 6%-ზე მეტით შემცირდა; ინფლაციის უგულებელყოფა, შედარება მუდმივის ნაცვლად მიმდინარე ფასებში და გაცვლითი კურსის ეფექტი; კურსის გაუფასურება ან გამყარება მონაცემებს ამახინჯებს, ამიტომ მშპ ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს შემთხვევაში ლარში უნდა იყოს გაზომილი.
თუ მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე 2019 წლის მუდმივ ფასებში ადგილობრივ ვალუტაში დავითვლით, ის 2020-2024 წლებში 46%-ით - 12 250 ლარიდან 18 270 ლარამდე იქნება გაზრდილი, ხოლო 2019-2024 წლებში 34%-ით - 13 665-დან 18 270 ლარამდე.
მიუხედავად იმისა, რომ ოთხ წელიწადში მიმდინარე ფასებში (დოლარში დათვლით) მშპ ერთ სულ მოსახლეზე მართლაც გაორმაგდა, რეალური მშპ (ერთ სულ მოსახლეზე) ბოლო 5 წელიწადში მხოლოდ 34%-ით გაიზარდა. ფორმალურად სწორად დასახელებული რიცხვების, მაგრამ რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით, რამაც რეალური ზრდის ტემპი სამჯერ გაზვიადებულად წარმოაჩინა, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


ანალიზი:

პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა“-ში ეკონომიკაზე საუბრისას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სწრაფად იზრდება ჩვენი ეკონომიკა. დოლარში საქართველოს ეკონომიკა, სულ მოსახლეზე გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა“.

2020 წელს დოლარში დათვლით მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 4300 დოლარი შეადგინა, 2024 წელს 2.1-ჯერ მეტი - 9140 დოლარი. დასახელებულ რიცხვებს სამი მნიშვნელოვანი პრობლემა გააჩნია:

  1. 2020 პანდემიური წელია, როცა ეკონომიკა შემცირდა. შესადარებლად ან 2019 წელი უნდა იქნას აღებული, ან 2021;
  2. 2021-2024 წლებში სამომხმარებლო ფასები ჯამურად 27%-ით გაიზარდა, რამაც ნომინალურ ზრდაზეც იქონია გავლენა. რეალური სურათის დასადგენად, მშპ მუდმივ ფასებში უნდა გაიზომოს;
  3. საქართველოში ეროვნულ ვალუტას და გადახდის კანონიერ საშუალებას ლარი წარმოადგენს, მშპ თუ სხვა ქვეყნის ეკონომიკას არ დარდება, ლარში უნდა გაიზომოს.

2020 წელს პანდემიისა და კოვიდრეგულაციების მიზეზით საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდა (ყველაზე მეტად 1994 წლის შემდეგ). დოლარში დათვლით, მთლიანი ეკონომიკა 17.6-დან 16 მლრდ-მდე შემცირდა, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით შესაბამისად - 4740-დან 4300-მდე. შედეგად, მართალია, 4 წელიწადში ნომინალურმა ზრდამ 112%-ს მიაღწია, მაგრამ 5 წელიწადში 93% შეადგინა.

გრაფიკი 1: მშპ ერთ სულ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში (აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პანდემიის გამორიცხვითაც, 5 წელიწადში 93%-იანი ზრდა მაინც საუკეთესო შედეგი იქნებოდა, თუმცა აქ კიდევ ერთი პრობლემაა - ინფლაცია. ამიტომ საჭიროა მშპ-ის მუდმივ ფასებში დათვლა. საქსტატს მუდმივ 2019 წლის ფასებში მშპ მხოლოდ ლარში აქვს დათვლილი, მსოფლიო ბანკს მშპ დოლარშიც აქვს დათვლილი, მაგრამ 2024 წლის მონაცემები ჯერ არ არის.

2015 წლის მუდმივ ფასებში დათვლით, 2020-2023 წლებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 33%-ით - 4660-დან 6180 დოლარამდე გაიზარდა, 2019-2023 წლებში 24%-ით - 4980-დან 6180-მდე. იმავე პერიოდში ნომინალურმა ზრდამ 2020-2023 წლებში 93% და 2019-2023 წლებში 75% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის მონაცემი ამ დროისთვის უცნობია, წინა წლების მაგალითის მიხედვით სხვაობა რეალურ და ნომინალურ ზრდებს შორის მაინც მკაფიოა.

გრაფიკი 2: მშპ ერთ სულ მოსახლეზე მიმდინარე და მუდმივ ფასებში (აშშ დოლარი)


წყარო: მსოფლიო ბანკი

მშპ-ის მიმდინარე ფასებში და თან უცხოურ ვალუტაში დათვლით, გაცვლითი კურსის უგულებელყოფაც ხდება. კურსის ეფექტით ეკონომიკური ზრდის ტემპი ხან გაზვიადებულად წარმოჩინდება ხან შემცირებულად. უფრო მეტიც, ყოფილა შემთხვევები, როცა რეალური ეკონომიკა გაზრდილა, მაგრამ ლარის გაუფასურების გამო დოლარში დათვლით, შემცირებულა. მაგალითად, 2015 წელს ეკონომიკა 3.5%-ით გაიზარდა, მაგრამ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 15%-ით - 4830-დან 4090 დოლარამდე შემცირდა. 2019 წელს 6.1%-იანი ზრდის პირობებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე მაინც 1.3%-ით - 4800-დან 4740 დოლარამდე შემცირდა. მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით მტკიცება, რომ 2015 წელს ეკონომიკა 15%-ით და 2019 წელს 1.3%-ით შემცირდა, არასწორი იქნებოდა. ანალოგიურად, მცდარია მტკიცება, რომ 2022 წელს ეკონომიკა 32%-ითა და 2023 წელს 23%-ით გაიზარდა.

თუ გვაინტერესებს რამდენით გაიზარდა მშპ ერთ სულ მოსახლეზე დროის გარკვეულ შუალედში, მშპ მუდმივ ფასებში და ეროვნულ ვალუტაში უნდა ვიანგარიშოთ.

გრაფიკი 3: მშპ ერთ სულ მოსახლეზე მიმდინარე და მუდმივ ფასებში ეროვნულ ვალუტაში


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მუდმივ ფასებში დათვლით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2020-2024 წლებში 46%-ით - 12 250 ლარიდან 18 270 ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2019-2024 წლებში 34%-ით - 13 665-დან 18 270 ლარამდე.

ირაკლი კობახიძემ მართალია, აღნიშნა საანგარიშო ვალუტა, მაგრამ ის აღარ უთქვამს, რომ მშპ-ს მიმდინარე ფასებში ითვლიდა. მხოლოდ მიმდინარე ფასებში მოყვანილმა სტატისტიკამ გააჩინა განცდა, რომ თითქოს ოთხ წელიწადში ეკონომიკა გაორმაგდა, მაშინ, როცა სინამდვილეში ხუთ წელიწადში 34%-ით გაიზარდა. პირველ შემთხვევაში, საჭიროა საშუალო წლიური 19%-იანი ზრდა, ხოლო მეორე შემთხვევაში - 6%-იანი ზრდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპი პრაქტიკულად 3-ჯერ გაზვიადებულად წარმოაჩინა (მაშინაც კი, თუ 2020 წელს შესადარებლად რელევანტურად მივიჩნევთ, ორჯერ გაზვიადებულად). ფორმალურად სწორად დასახელებული რიცხვების, თუმცა ინფლაციის, გაცვლითი კურსის ცვლილებისა და საბაზო ეფექტის უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები
ირაკლი კობახიძე

ყველა სიახლე