არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხრეს უარი... მოლაპარაკებების გახსნაზე

ირაკლი კობახიძე: არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხრეს უარი... მოლაპარაკებების გახსნაზე

ვერდიქტი: ტყუილი

ანალიზი

2025 წლის 21 მაისს მედიასთან საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუწყვეტია და მოლაპარაკებების გახსნაზე უარი საქართველოს სწორედ ევროკავშირმა უთხრა. მისივე მტკიცებით, „ევროპული ბიუროკრატია“ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას „ხელოვნურ დაბრკოლებას“ უქმნის.

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.

1993 წელს ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა გაწევრიანების კრიტერიუმები (იგივე კოპენჰაგენის კრიტერიუმები), რომლებიც ყველა კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს. ესენია:

  1. პოლიტიკური კრიტერიუმი – გაწევრიანებისათვის აუცილებელია, რომ კანდიდატმა ქვეყანამ მიაღწიოს იმ ინსტიტუტების სტაბილურობის, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობათა პატივისცემასა და დაცვას;
  2. ეკონომიკური კრიტერიუმი – ჰქონდეს ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა, გააჩნდეს შესაძლებლობა, გაუმკლავდეს ევროპის კავშირის ბაზარზე არსებულ კონკურენციას და მასთან დაკავშირებულ ზეწოლასა და სიძნელეებს;
  3. მზადყოფნის კრიტერიუმი - წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების აღების უნარი, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული კავშირის მიზნების დაცვა.

ეს კრიტერიუმები განმტკიცებულია „ევროპული კავშირის შესახებ“ ხელშეკრულებით და ევროკომისია კანდიდატ-ქვეყნებს სწორედ ამ კრიტერიუმებით აფასებს. რომელიმე კრიტერიუმთან მიმართებით ფუნდამენტური გამოწვევების არსებობის შემთხვევაში კანდიდატი-ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ამის ნათელი მაგალითი არის თურქეთი. კერძოდ, დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევების გამო, თურქეთთან მოლაპარაკებები 2018 წლიდან შეჩერებულია და ის დღემდე კანდიდატი-ქვეყნის სტატუსს მხოლოდ ფორმალურად ატარებს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადაიდგმებოდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი, რომლებიც ძირითადად დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში განსახორციელებელ რეფორმებს ეხებოდა. ევროკომისიის ამ რეკომენდაციის საფუძველზე, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, საქართველო გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადავიდოდა, რაც ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას გულისხმობს.

მას შემდეგ, რაც 2024 წელს „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის და სხვა საკანონმდებლო ინიციატივების ინიციირება მოახდინა, ევროკავშირმა სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯები შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯთან წინააღმდეგობაში მოდის და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დე ფაქტო შეჩერებას გამოიწვევს. მათ შორის, 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო დასკვნები, რომლითაც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს“.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ევროკავშირის მოწოდებები და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი არ შეასრულა, 2024 წლის 30 ოქტომბერს მიღებული კომუნიკაციის დოკუმენტით, ევროკომისიამ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას რეკომენდაცია არ გაუწია. ამავე კომუნიკაციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, უპირველესად უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონისა და სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მიღებამ, ასევე ოფიციალური პირების მხრიდან ანტი-ევროპული რიტორიკის გაძლიერებამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააზიანა, რამაც გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა.

2024 წლის 28 ნოემბერს, გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად შეაჩერა. 19 დეკემბერს მიღებულ დასკვნებში, ევროპული საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა „სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით“ და სინანული გამოთქვა მის „გადაწყვეტილებაზე, 2028 წლამდე შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი “.

გაწევრიანების პროცესის ოფიციალურ შეჩერებასთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“ განაგრძო ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელი კანონპროექტების მიღება, რომელთა შორის არის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ „ასეთი ქმედებები არსებითად შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მედიის პლურალიზმი და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან მოველით“.

ამავდროულად, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან მაღალ დონეზე არაერთი განცხადება კეთდება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქვეყანას დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება სჭირდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დამოკიდებული და ყოველ შემდგომ ეტაპზე გადასვლისთვის სახელმწიფომ კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე დაფუძნებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ირაკლი კობახიძე კი საკუთარი განცხადებებით ევროინტეგრაციის პროცესის დამახინჯებულად წარმოჩენას ცდილობს და მის შეჩერებას არა საკუთარ, ევროკავშირის პრინციპებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, არამედ „ევროპული ბიუროკრატიის“ „უსამართლო“ მიდგომას აბრალებს.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.