კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირობებით უნდა აშენებულიყო 70 მილიონ ლარად, სინამდვილეში კი მერიამ 90 მილიონი ლარი გადაუხადა „გამარჯვებულ“ კომპანიას

რომან გოცირიძე: კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირობებით უნდა აშენებულიყო 70 მილიონ ლარად, სინამდვილეში კი მერიამ 90 მილიონი ლარი გადაუხადა „გამარჯვებულ“ კომპანიას

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

2019 წელს საქართველოში 2021 წელს გასამართი ევრობასკეტის ჯგუფური ტურნირის ჩატარება გადაწყდა. სპეციალურად ამ ტურნირისთვის თბილისში ახალი 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლე აშენდა.

პანდემიის მიზეზით, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი 1 წლით - 2022 წლამდე, გადავადდა. გადაიწია მშენებლობის ვადებმაც. თავდაპირველი გეგმით, მშენებლობისთვის 70 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. თუმცა, მას შემდეგ რაც 2021 წლის დეკემბერში მშენებლობის ტემპის გამო, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა უკმაყოფილება გამოხატა, ობიექტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 20 მლნ ლარით გაიზარდა და 90 მლნ ლარი შეადგინა. ფაქტობრივი სიზუსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმარომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.

ანალიზი

პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ საკუთარ facebook-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად კალათბურთის ახალი სასახლის მშენებლობის ხარკებიც განიხილა და აღნიშნა: „კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირობებით უნდა აშენებულიყო 70 მილიონ ლარად, სინამდვილეში კი მერიამ 90 მილიონი ლარი გადაუხადა “გამარჯვებულ” კომპანიას. 20 მილიონი ლარი მშენებლობის ბოლოს “წაუმატა”.

2022 წლის სექტემბერში თბილისმა, ევროპის სამ ქალაქთან (კიოლნი, პრაღა, მილანი) ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. დედაქალაქში ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მატჩები 2-19 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. ევრობასკეტი 2021 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთი წლით გადავადდა.

კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველომ 2019 წელს, სხვა სამ ქვეყანასთან ერთად, მოიპოვა. რადგან ამ რანგის შეჯიბრების მასპინძლობისთვის შესაბამისი დარბაზი საქართველოში არ არსებობდა, მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე ახალი სპორტის სასახლე უნდა აშენებულიყო, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებდა. თავდაპირველი გეგმით, სპორტის სასახლე 15 ათასს მაყურებელზე უნდა ყოფილიყო გათვლილი და ბიუჯეტს დაახლოებით 200 მლნ ლარი დაუჯდებოდა. მოგვიანებით, პროექტის სიძვირის გამო, მისი ბიუჯეტი 70 მლნ-მდე შეიკვეცა და დარბაზის ლოკაციაც შეიცვალა. საბოლოოდ, სპორტდარბაზის მშენებლობა უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი ოლიმპიური სასახლის ტერიტორიაზე გადაწყდა. დარბაზი 10 500 მაყურებელს დაიტევდა და ის 2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებულ კომპლექსს გვირაბის და ხიდის მეშვეობით დაუკავშირდებოდა.

სპორტდარბაზის ასაშენებლად შპს „სპორტმშენ სერვისსა“ და „საბა კონსტრაქშენს“ შორის ხელშეკრულება 2020 წლის 29 თებერვალს გაფორმდა (CMR200047764). ხელშეკრულების ღირებულება 70 800 000 ლარი იყო. დარბაზის მშენებლობა 2021 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო. შემდგომში, თავდაპირველი გეგმა შეიცვალა და დარბაზის გახსნა ივნისამდე გადავადდა. მოგვიანებით, ფიბას გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო. რომ არა ეს გადაწყვეტილება, საქართველო ევრო 2021 მასპინძლობას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებდა.

აღნიშნულის შემდეგ, დარბაზის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ შეიცვალა და 2021 წლის ბოლო განისაზღვრა. 2021 წლის დეკემბერში თბილისს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი ეწვია, რომელმაც ფედერაციის სახელით, მშენებლობის ტემპთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

კამილ ნოვაკის ვიზიტიდან 6 დღეში, კულტურის, შპს „სპორტმშენსერვისმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მშენებლობაზე 20 მლნ ლარის დამატების მოთხოვნის განცხადება წარუდგინა. 24 დეკემბერს, შესყიდვების სააგენტომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად, სპორტის სასახლის მშენებლობის ღირებულება 90 მლნ ლარამდე გაიზარდა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე ერთი თვით ადრე, საკალათბურთო დარბაზს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი დაზიანდა. რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა მშენებლობის დასრულებამდე მაინცდამაინც ერთი თვით ადრე, ცნობილი არ არის.

საბოლოოდ, ახალი სპორტის სასახლე 2022 წლის ივნისში გაიხსნა. ახალ დარბაზში პირველი მატჩი 4 ივლისს, საქართველოსა და ესპანეთს შორის გაიმართა. სექტემბერში კი სპორტ-კომპლექსმა ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლა.

საბოლოოდ, მშენებლობის დასასრულებლად ბიუჯეტის 20 მლნ ლარით ანუ თითქმის 30%-ით გაზრდა გახდა საჭირო. შესაბამისად, კალათბურთის ახალი სასახლის მშენებლობა ჯამში 90 მლნ ლარი დაჯდა.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.