მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლნ ლარი დაჯდება

რომან გოცირიძე: მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლნ ლარი დაჯდება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

ვაკის პარკის რეაბილიტაცია სამ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი უშუალოდ პარკის ინფრასტრუქტურის, მცენარეული საფარის, განათებების რეაბილიტაციას მოიცავდა. მეორე და მესამე ეტაპი ვაკის პარკის შადრევნის და მცირე და ძირითადი კასკადის რეაბილიტაციას გულისხმობდა.

ვაკის პარკის რეაბილიტაციის ორ ეტაპზე ჯამში 28 825 498 ლარი უკვე დაიხარჯა, თანაც, როგორც ცნობილია, შადრევნის რეაბილიტაცია უხარისხოდ განხორციელდა, რასაც სამწუხაროდ, 13 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.

მიმდინარე წელს თბილისის მერიამ ვაკის პარკის შადრევნის და კასკადის რეაბილიტაციაზე ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომლის საბოლოო ღირებულებამ 31 870 000 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ვაკის პარკის რეაბილიტაცია ჯამში 60 695 498 ლარი დაჯდება.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ საკუთარ facebook-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვაკის პარკის რეაბილიტაციის ხარჯები განიხილა: „ვაკის პარკის რეაბილიტაციისათვის თავდაპირველი პროექტით უნდა დახარჯულიყო 29 მილიონი ლარი, საიდანაც 17,2 მილიონი ლარი უშუალოდ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უნდა მოხმარებოდა, ხოლო კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციაზე 11,8 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო. 2022 წლის მდგომარეობით ვაკის პარკის სამუშაოებზე 33 მილიონი ლარი დაიხარჯა და საქმე ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ამ თანხიდან 6,5 მილიონი ლარი კასკადის რეაბილიტაციას მოხმარდა.

გუშინ შევიტყვეთ, რომ დასრულდა ტენდერი და კასკადის რეაბილიტაციაზე 31,8 მილიონი ლარი დაიხარჯება. მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მილიონი ლარი დაჯდება. ესეც არ იქნება საკმარისი, თუ ხელისუფლების კორუფციულ მადას გავითვალისწინებთ. კიდევ წაუმატებენ მერიაში მისატან წილს მშენებლობის პროცესში.

ეს მერიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებია. აღვირახსნილ კორუფციასთან გვაქვს საქმე. ამ ფასად ორი ვაკის პარკი აშენდებოდა.

ასეა ყველა პროექტში-თავდაპირველი სატენდერო ფასი ერთია, რომელსაც სახელისუფლებო კომპანიები იგებენ, საბოლოოდ კი მნიშვნელოვნად მეტს უხდიან“.

თბილისის მერიამ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი (NAT200008864) 2020 წლის ზაფხულში გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადად 2 წელი განისაზღვრა, ტენდერის სავარაუდო ღირებულება 19 მლნ ლარი იყო, გამარჯვებულ კომპანიას სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად სარწყავი სისტემის და განათების მონტაჟიც უნდა განეხორციელებინა. საბოლოოდ, გამარჯვებულად კომპანია „დაგი“ გამოცხადდა, რომელთანაც 16 784 244 ლარის ხელშეკრულება 2020 წლის აგვისტოში გაფორმდა. ხელშეკრულებაში სულ 8 ცვლილება შევიდა, რომელთა მიხედვით ხარჯთაღრიცხვა დაკორექტირდა და სამუშაოების დასრულების ვადა გახანგრძლივდა. შესრულებული სამუშაოების საბოლოოო ღირებულება 17 025 609 ლარი იყო, ანუ საწყის ღირებულებასთან შედარებით, 242 365 ლარით გაიზარდა.

თბილისის მერიამ 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა და პარკი რამდენიმე კვირაში გაიხსნებოდა. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ პირველი ეტაპის ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ადაპტირებული ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, საპიკნიკე ზონები და სხვ. მისივე თქმით, ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ისტორიული შადრევანი პირვანდელი სახით აღდგებოდა და მცენარეული საფარი სრულად განახლდებოდა.

ვაკის პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ტენდერი, რომელიც ვაკის პარკის შადრევნის და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებდა, 2021 წლის სექტემბერში გამოცხადდა (NAT210017848). ტენდერის სავარაუდო ღირებულება 13 452 206 ლარი იყო. ტენდერს სამი პრეტენდენტი ჰყავდა. საბოლოოდ, გამარჯვებულად შპს „გრინსერვის+“ გამოცხადდა, რომელთანაც 11 799 889 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ოქტომბერში გაფორმდა და სამუშაოების შესრულების ვადად 2 წელი განისაზღვრა. კონტრაქტორ კომპანიას კასკადის და შადრევნის როგორც დემონტაჟის, ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა.

შპს „გრინსერვის + -მა“ ვაკის პარკში შადრევნის რეაბილიტაცია 2022 წლის ოქტომბერში დაასრულა და შადრევანი საზეიმოდ გაიხსნა. შადრევნის გახსნიდან ზუსტად 1 დღის შემდეგ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მათგანი, 13 წლის მარიტა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. თბილისის მერმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პასუხი იმ კომპანიებს მოეთხოვებოდათ, რომლებიც შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდნენ, თუმცა საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

2023 წლის ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლის მარიტას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და შპს „გრინსერვის +-ის“ დირექტორს 6 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობა შეეფარდა დანარჩენ 8 ბრალდებულსაც. აღსანიშნავია, სახელმწიფოს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყურადღება არავის გაუმახვილებია.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ვაკის პარკის ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, 2022 წლის ბოლოს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში „გრინსერვის+-მა“ მონაწილეობა მიიღო და მიუხედავად აღნიშნული ტრაგედიისა, კომპანიასთან 3 134 155 (NAT220026942) ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დაზიანებული ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენას ითვალისწინებდა.

თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის კიდევ ერთი ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა (NAT250003979). ტენდერი ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნის და კასკადის სარეაბილიტაციო და პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 47 მლნ ლარი იყო. ტენდერს ორი პრეტენდენტი: შპს „საბა ქონსთრაქშენი“ და შპს „დაგი“ ჰყავდა. საბოლოოდ, შპს „დაგმა“ გაიმარჯვა, რომელთანაც 31 870 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე წლის 8 მაისს შევიდა და მოქმედების ვადა 2029 წლის 10 სექტემბრამდეა.

განხილული ტენდერების მიხედვით, ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე 28 825 498 ლარი უკვე დახარჯულია. მიმდინარე წელს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ვაკის პარკის შადრევნის და კასკადის რეაბილიტაციაზე დამატებით 31 870 000 ლარი დაიხარჯება. თანაც უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის სექტემბერში გამოცხადებული ტენდერიც, რომლის ფარგლებში თითქმის 12 მლნ ლარი დაიხარჯა (6 მლნ ლარი კასკადის რეაბილიტაციას მოხმარდა), მიმდინარე ტენდერის მსგავსად, ვაკის პარკის შადრევნის და კასკადის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. შადრევნის უხარისხო რეაბილიტაციამ რა ტრაგედიაც გამოიწვია, ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. შესაბამისად, ვაკის პარკის რეაბილიტაცია ჯამში 60 695 498 ლარი დაჯდება.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.