ნათია თურნავა: ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის სიმართლე.
პანდემიის შემდეგ საქართველოში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა და 2021 წელს ინფლაციის განაკვეთმა 9.6%-ს მიაღწია. პროდუქციისა და მომსახურების ღირებულება 2022 წელს კიდევ უფრო მეტად 11.9%-ით გაიზარდა.2023 წლიდან ინფლაციამ მკვეთრი კლება დაიწყო, განაკვეთი ჯერ 2.5%-მდე, ხოლო შემდეგ 2024 წელს 1.1%-მდე შემცირდა. 2025 წლის იანვარ-აპრილში ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა, თუმცა მხოლოდ 2.8%-მდე, რაც მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში ჯდება. მიზნობრივი ინფლაციის განაკვეთი 3%-ს შეადგენს.მნიშვნელოვანი შემცირების გარდა, 2023-2024 წლებში საქართველოში არსებული ინფლაციის განაკვეთი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო რეგიონშიც და კონტინენტზეც. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ ნათია თურნავას განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.
ანალიზი:
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „ტვ იმედზე“, „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა: (6:10-დან) „გვაქვს, რაც მთავარია, უკვე ორ წელიწადზე მეტი მოთოკილი ინფლაცია, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს, მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვევით იყო და ახლა წელს დასტაბილურდება მის ირგვლივ“.
ინფლაცია ანუ სამომხმარებლო ფასების ზრდა საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების დამახასიათებელი მოვლენაა. პრობლემა შესაბამისად მაღალი ინფლაციაა და არა ზოგადად ინფლაცია.
საქართველოში სამომხმარებლო კალათა 12 სასაქონლო ჯგუფში გადანაწილებულ 305 დასახელების პროდუქტსა და მომსახურებას აერთიანებს, რომელთაგანაც თითოეულს მნიშვნელობისა და მოხმარების სიხშირის გათვალისწინებით სხვადასხვა ხვედრითი წონა აქვს მინიჭებული. პირობითად ინფლაციაზე პურის 5%-იანი გაძვირება უფრო მეტად იმოქმედებს, ვიდრე სანოტარო მომსახურების საფასურის 35%-იანი ზრდა.
მონეტარულ პოლიტიკას ეროვნული ბანკი განსაზღვრავს და მისი ძირითადი ამოცანაც (მუხლი 3. პუნქტი 1) ფასების სტაბილურობაა. ამ მიზნის მისაღწევად მარეგულირებელს რამდენიმე ინსტრუმენტი გააჩნია.
პანდემიის შემდეგ 2021 წელს ინფლაციის ტემპი მკვეთრად გაიზარდა და 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს - 9.6%-ს მიაღწია. მდგომარეობა მომდევნო წელს კიდევ უფრო გაუარესდა და 2022 წელს სამომხმარებლო ფასები უკვე 11.9%-ით გაიზარდა, რაც თავის მხრივ XXI საუკუნის რეკორდს წარმოადგენდა. 2023 წელს ინფლაციის განაკვეთი 2.5%-მდე, ხოლო 2024 წელს 1.1%-მდე შემცირდა. 2025 წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით, ინფლაციის განაკვეთი 2.8%-ია.
2018 წლიდან ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებელთან მნიშვნელოვანი აცდენა 2021-2022 წლებში დაფიქსირდა.
გრაფიკი 1: ინფლაციის განაკვეთი საქართველოში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
პანდემიის შემდეგ, 2021 წელს საქართველოში არსებული ინფლაციის განაკვეთი აღემატებოდა, როგორც მსოფლიო საშუალოს, ასევე პრაქტიკულად ყველა ევროპულ სახელმწიფოს და მეზობელ ქვეყნებს, გარდა თურქეთისა. წლიური ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა საქსტატის მიერ კომუნალური მომსახურების ვაუჩერის კომუნალური მომსახურების გაიაფებად შერაცხვა, რამაც განაკვეთი ხელოვნურად შეამცირა, თუმცა მომდევნო წელს საბაზო პერიოდის გათვალისწინებით, კომუნალურ მომსახურებებზე ფასების ზრდა დაფიქსირდა, მაშინ, როცა ტარიფი არ გაზრდილა. ფაქტთან დაკავშირებით საქსტატმა სპეციალური განმარტებაც გააკეთა.
2022 წელს სახელმწიფოთა უმრავლესობაში ინფლაციის განაკვეთი მკვეთრად გაიზარდა, ევროკავშირის 6 სახელმწიფოში: ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში სამომხმარებლო ფასები საქართველოზე სწრაფად გაიზარდა. ინფლაციის ტემპის დაჩქარების ძირითადი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომის გავლენები გახდა.
2023 წლიდან ინფლაციამ მთელ მსოფლიოში კლება დაიწყო, თუმცა საქართველოში კლების მასშტაბი გაცილებით დიდი აღმოჩნდა. კერძოდ, თუ გლობალურად ის 2 პროცენტული პუნქტით - 8.6%-დან 6.6%-მდე შემცირდა, საქართველოში კლებამ 9.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა (11.9%-დან 2.5%-მდე). ევროკავშირის 27 წევრიდან 26-ში ინფლაცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე საქართველოში, მათ შორის, ხუთ შემთხვევაში განაკვეთმა ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს მიაღწია. საქართველოზე დაბალი ინფლაცია მხოლოდ ბელგიაში აღინიშნა. 2024 წელსაც საქართველოზე დაბალი ინფლაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ლიეტუვასა და ფინეთში დაფიქსირდა.
გრაფიკი 2: ინფლაციის განაკვეთი
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
2021-2024 წლებში მეზობელი სახელმწიფოებიდან თურქეთში ინფლაციის განაკვეთი ყოველთვის უფრო მაღალი იყო, თუმცა ეს მაგალითი შესადარებლად ნაკლებად გამოდგება, რადგან თურქეთში ინფლაცია სისტემური პრობლემაა და ის ახლა არ დაწყებულა. აზერბაიჯანსა და რუსეთში 2021 წელს ინფლაცია საქართველოზე დაბალი იყო, 2022-2024 წლებში საქართველოზე მაღალი. რუსეთის შემთხვევაში ცხადია ომის ფაქტორებიც უნდა იქნას გათვალისწინებული. სომხეთი კი ერთადერთია, სადაც ბოლო ოთხ წელიწადში ინფლაცია საქართველოზე დაბალი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს ინფლაციამ საქართველოში 23-წლიანი რეკორდი მოხსნა, გაუარესების მასშტაბი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ქვეყნების უმრავლესობაში. საქსტატს კომუნალურის ვაუჩერი, კომუნალურებზე ფასების კლებად რომ არ შეერაცხა, 2021 და 2022 წლების ინფლაციებს შორის სხვაობა უფრო მცირე იქნებოდა. სამომხმარებლო ფასების ზრდის კუთხით, როგორც ევროპის, ასევე რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, 2021 წელს საქართველოში მდგომარეობა შეიძლება უფრო რთულად შეფასდეს, ვიდრე 2022 წელს.
2023 წლიდან სიტუაციის გამოსწორება ცალსახაა და ეს რიცხვებშიც ჩანს. 2024 წელს ფასების ზრდის ტემპი კიდევ უფრო შემცირდა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების ზრდის ტემპი 0%-მდე შემცირდა (იგულისხმება მთლიანი ჯგუფი და არა ჯგუფში შემავალი 92 დასახელების პროდუქტი ცალ-ცალკე). 2025 წლის იანვარ-აპრილში ინფლაცია გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა საგანგაშო არაა და ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელში ჯდება („ფაქტ-მეტრი“ ვერ იმსჯელებს იმაზე, რა სიდიდის იქნება ინფლაცია მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, რის გამოც განცხადების იმ ნაწილს, სადაც სების პრეზიდენტი ამბობს რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება, ვერდიქტზე გავლენა არ მოუხდენია.)
2023 და 2024 წლებში ინფლაცია მნიშვნელოვნადაც შემცირდა, სამიზნე მაჩვენებელსაც ჩამოსცდა და რეგიონშიც ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს გაუთანაბრდა. ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებშია მიმდინარე წლის იანვარ-აპრილშიც. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ ნათია თურნავას განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.