საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

თამარ ჩერგოლეიშვილი: საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ დასახელებულ პროცენტულ მაჩვენებელთან მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდების საწყისი 2010-2013 წლების შედეგებია ახლოს. (სასერტიფიკატო გამოცდა პირველად 2010 წელს ჩატარდა). ასევე 2022 წლის წამყვანი და უფროსი მასწავლებლების სტატუსის მისაღებად უნარების გამოცდის შედეგები, როცა დასახელებული სტატუსის მაძიებელი მასწავლებლების 76%-მა პროცენტმა დაწესებული ზღვარი ვერ გადალახა, ანუ გამოცდაზე ჩაიჭრა.

თუმცა 2014 წლიდან მოყოლებული იმ მასწავლებლების რიცხვი, რომელთაც მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარეს, შედარებით გაზრდილია და 30-43%-ს შორის მერყეობს.

როგორც ვხედავთ, სტატისტიკურ მონაცემში ერთიანი ტენდენცია არ იკვეთება, თუ საწყის წლებში მონაწილეთა 7-16% პროცენტი აბარებდა გამოცდას, 2014 წლიდან მოყოლებული ზრდა ფიქსირდება და მაჩვენებელი 30-43%-ს შორის ფარგლებშია. განცხადება კონკრეტიკას არ შეიცავს, თამარ ჩერგოლეიშვილი ზუსტ წელს, რომლის პროცენტული მაჩვენებელიც მოჰყავს, არ ასახელებს. როგორც აღვნიშნეთ, მისი მიერ დასახელებულ პროცენტულ მაჩვენებელთან მიახლოებული შედეგი გამოცდების პირველ წლებში, ასევე 2022 წელს დაფიქსირდა, მომდევნო წლებში გამოცდებს მასწავლებლების 60-70% ვერ აბარებდა.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა საჯარო სკოლებში მოსწავლეთა განათლების ხარისხზე ისაუბრა და ამ კონტექსტში აღნიშნა: „საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა, მათი ამოცანა არ არის კვალიფიკაციის ამაღლება“.

მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდები პირველად 2010 წელს ჩატარდა. პირველი სასერტიფიკატო გამოცდები პროფესიულ უნარებს და 6 საგნობრივ სფეროს მოიცავდა. მაშინ მასწავლებლებს კომპეტენციის დასადასტურებლად 4-წლიანი ვადა მიეცათ. 2010 წელს სასერტიფიკატო გამოცდაზე 22 744 მასწავლებელი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდაზე 16 544 მასწავლებელი - 73% გავიდა. გამოცდებში მონაწილე მასწავლებლების 34%-მა ზღვარი გადალახა (5 606-მა), მხოლოდ 8% მოიპოვა სერტიფიკატი, რაც მასწავლებელს ორივე - პროფესიული და საგნობრივი გამოცდის, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ეძლეოდა.

2011 წელს „მასწავლებლის პროფესიონალური განვითარების სქემა“ დამტკიცდა, საგნობრივი და პროფესიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მასწავლებლისთვის მინიჭებული სერტიფიკატი 8 წლის განმავლობაში ნარჩუნდებოდა, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, სერტიფიკატის შესანარჩუნებლად, მასწავლებელს სასერტიფიკატო გამოცდა ხელახლა უნდა ჩაებარებინა ან კრედიტ ქულები დაეგროვებინა (შესაბამისი აქტივობები სქემით იყო განსაზღვრული).

2015-2016 წელს მასწავლებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი ახალი სქემა დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს სხვადასხვა სტატუსი მიენიჭათ: პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი ყველა არასერტიფიცირებულ მასწავლებელს მიენიჭა, განისაზღვრა ასევე უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსი, რაც ექსპერტიზის სხვადასხვა დონეს მოიაზრებდა და მიბმული იყო შრომის ანაზღაურებასთან (სტატუსის დანამატი).

217-2018 წლებში მასწავლებელი სტატუსის შესანარჩუნებლად ვალდებული იყო კრედიტქულები დაეგროვებინა, 2019 წლიდან კრედიტქულების დაგროვების ვალდებულება გაუქმდა და მოპოვებული სტატუსი მასწავლებელს უვადოდ უნარჩუნდებოდა, თუმცა სტატუსის მოპოვების წესი არ შეცვლილა.

2023 წლიდან სტატუსი ასამაღლებელი კრიტერიუმები შეიცვალა. წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელს პროფესიული უნარების გამოცდაზე შესაბამისად, 60-70%-იანი ზღვარი უნდა გადაელახა. უფროსი მასწავლებლის სტატუსი მასწავლებელს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების და მასწავლებლის განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ენიჭება, ასევე უფროს მასწავლებელს შეუძლია „გამოტოვოს“ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და გახდეს მენტორი მასწავლებელი.

რაც შეეხება უშუალოდ განცხადების თემას, მასწავლებლების მიერ საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების სტატისტიკას, თამარ ჩერგოლეიშვილი არ ასახელებს, კონკრეტულად რომელი წლის მონაცემს გულისხმობს, ამიტომ ჩვენ შესაბამისი სტატისტიკის მოსაპოვებლად განათლების სამინისტროს, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბოლო წლების წლიურ ანგარიშებს გავეცანით.

სასერტიფიკატო გამოცდების პირველ წელს სერტიფიკატი გამოცდაზე გასული მასწავლებლების 8% მოიპოვა, 2011 წელს - 7%-მა, 2012, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 16% იყო.

შემდგომი წლების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი 1: საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასული მასწავლებლების რაოდენობა და ჩაბარების მაჩვენებელი


მონაცემების მიხედვით, მასწავლებელთა მიერ გამოცდების ჩაბარების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები გამოცდების ამოქმედების პირველ - 2010, 2011, 2012, 2013 წლებში ფიქსირდება, რაც თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ დასახელებულ პროცენტულ მაჩვენებელთან ახლოს არის, შემდგომ წლებში ეს მონაცემი 60-70%-ს შორის მერყეობს, რაც ჩერგოლეიშვილის მიერ დასახელებულ მონაცემს მცირედით აღემატება.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ზემოთ განხილული მონაცემები მასწავლებლების მიერ ჩაბარებული ყველა გამოცდის ერთიან შედეგს მოიცავს.

ბოლო წლებში იყო გახმაურებული შემთხვევა, როცა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაში მონაწილე მასწავლებლების დიდმა უმრავლესობამ დაწესებული მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. კერძოდ, 2022 წელს ჩატარებულ უნარების გამოცდაზე, რომელიც უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის ჩატარდა, მონაწილეობა 10 846-მა მასწავლებელმა მიიღო, კომპეტენციის დამადასტურებელი ზღვარი მათგან 2 640-მა პედაგოგმა გადალახა, მონაწილეების მთლიანი რაოდენობის 24%-მა. შესაძლოა, თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებაში სწორედ აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემს გულისხმობდეს.

განხილული მასალა ცხადყოფს, რომ განცხადების ავტორის მიერ დასახელებულ პროცენტულ მაჩვენებელთან ახლოს მასწავლებლების მერ ჩაბარებული გამოცდების საწყისი წლების, ასევე 2022 წლის წამყვანი და უფროსი მასწავლებლების სტატუსის მისაღები უნარების გამოცდის შედეგებია ახლოს, როცა დასახელებული სტატუსის მაძიებელი მასწავლებლების 76%-მა პროცენტმა დაწესებული ზღვარი ვერ გადალახა, ანუ გამოცდაზე ჩაიჭრა.

თუმცა 2014 წლიდან მოყოლებული მასწავლებლების მიერ წარმატებულად ჩაბარებული გამოცდების პროცენტული მაჩვენებელი გაზრდილია და 30-43%-ს შორის მერყეობს. შესაბამისად, მასწავლებლების 60-70% გამოცდებს კვლავ ვერ აბარებს.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

ყველა სიახლე