საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 107 ქვეყანაში განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 1 680 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს (1 437 მლნ) 17%-ით აღემატება.
გრაფიკი 1: საგარეო ვაჭრობა (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქსტატი
საანგარიშო წელს ძირითადად ექსპორტირებულია: სპირტიანი სასმელები - მთლიანი ექსპორტის 17%, ღვინო - 16%, მინერალური და მტკნარი წყლები - 10%, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები - 8%, კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი ) - 6% , გადამუშავებული ხილი (ძირითადად კაკლოვნები) – 3% და სხვა.
2024 წელს აგროსასურსათო პროდუქცია ძირითადად შემდეგ ბაზრებზე გავიდა: რუსეთი (624 მლნ - 37%, ევროკავშირი (180 მლნ -11%), აზერბაიჯანი (174 მლნ -10%), სომხეთი (160 მლნ - 9.5%), ყაზახეთი (71 მლნ - 4.2%), ყირგიზეთი (61 მლნ - 3.6%) და ა.შ.
როგორც აღვნიშნეთ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული იყო 180 მლნ აშშ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11%-ით (17.3 მლნ ლარით) აღემატება. ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში 11%-ს შეადგენს. ძირითადად ექსპორტირებული იყო: თხილი (პირველადი და გადამუშავებული სახით) - 46%, ღვინო - 19%, სპირტიანი სასმელები - 11%, მინერალური და მტკნარი წყლები - 8 %.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: გერმანია - 21%, პოლონეთი -14%, საფრანგეთი - 14%, იტალია -11%, ლიეტუვა - 9%, ესპანეთი - 9%, ლატვია - 5%, ნიდერლანდები - 5%, ჩეხეთი - 3%.
რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტს, 2024 წელს 2 196 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 9%-ით აღემატება (2 018 მლნ აშშ დოლარი).
ძირითადად იმპორტირებული იყო სიგარეტი - მთლიანი იმპორტის 9%, შინაური ფრინველის ხორცი და საკვები სუბპროდუქტები - 5%, შოკოლადის ნაწარმი - 5%, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი - 4%, შაქარი - 4%, საკვები დანამატი - 4%, ხორბალი - 3%, სპირტიანი სასმელები - 3%, ღორის ხორცი - 2%, დანარჩენი პროდუქტები - 63%.
აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი ძირითადად შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა: ევროკავშირი - 28%, რუსეთი - 22%, თურქეთი - 13%, უკრაინა - 6%, ბრაზილია - 5%, აზერბაიჯანი - 3%, ჩინეთი - 3% და სხვა.
ევროკავშირიდან სულ იმპორტირებულია 627 მლნ აშს დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც წინა წლის მაჩვენებელს - 106 მლნ აშშ დოლარს, 20%-ით აღემატება. ევროკავშირის ქვეყნებში პირველ ადგილზე გერმანიაა, მთლიანი იმპორტის 13%, შემდეგ მოდის საფრანგეთი - 12%, 12%-იანი წილით მესამე ადგილზე პოლონეთია, ნიდერლანდები -11%, იტალია - 10%, ლიეტუვა - 9% და ა.შ.
რაც შეეხება ევროკავშირიდან იმპორტირებულ აგროსასურსათო პროდუქციას, ყველაზე დიდი რაოდენობით სიგარეტი შემოგვაქვს - მთლიანი იმპორტის 9%, შაქარი - 7%, საკვები დანამატები - 7%, შოკოლადის ნაწარმი - 6%, ცხოველური საკვები - 5%, სპირტიანი სასმელები - 4%, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი - 4%, შინაური ფრინველის ხორცი - 4%, ყველი, ხაჭო, კარაქი და რძის სხვა ცხიმები - 3%, მცენარეთა ნერგები - 3%, დანარჩენი პროდუქტები - 41%.
აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტზე საუბრისას, ყურადღება სავაჭრო ბალანსზეც უნდა გავამახვილოთ (ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობაზე). სავაჭრო ბალანსი წლების განმავლობაში სულ უარყოფითია (იმპორტი აჭარბებს ექსპორტს).
2013-2014 წლებში კლების ტენდენცია იყო, შემდგომ 2015, 2017 წლებში ზრდა გვაქვს, 2018-2021 წლებში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ისევ მცირდება. 2022 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 590 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, როცა სავაჭრო ბალანსი 207 მლნ აშშ დოლარი იყო, 185%-იანი ზრდა იყო. 2023 წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი თითქმის იგივე ნიშნულზე შენარჩუნდა - 580 მლნ აშშ დოლარი ( 2022 წელთან შედარებით, 1.7% -ით ნაკლები). 2024 წელს სავაჭრო ბალანსმა -516 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-იანი კლებაა.
გრაფიკი 2: აგროსასურსათო პროდუქციის სავაჭრო ბალანსი (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქსტატი
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მოხმარებაზე ორიენტირებული ქვეყანაა, უფრო მეტი აგროსასურსათო პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი დოლარი გაედინება, ვიდრე შემოდის. გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებამ შესაძლოა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება განაპირობოს, რაც საბოლოოდ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის პრობლემას წარმოადგენს.