2025 წლის 26 მარტს მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა მინისტრს, ბეატე მაინლ-რაიზინგერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რაიზინგერმა აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკუსვლა დაიწყო.
„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ განსახილველ თემებში ბევრი რთული საკითხიც გვქონდა. როცა საქმე ევროკავშირში გაწევრიანების გზას ეხება, საქართველომ უკუსვლა დაიწყო. ეს როგორც ავსტრიული, ასევე ევროპული პერსპექტივიდან, დასანანია. ჩვენ ვხედავთ რეფორმების უკუსვლას სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების საკითხებშიც“.
რაიზინგერმა ასევე დაგმო მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას 120 მილიონი ევროს ღირებულების პირდაპირი დახმარება შეუჩერა, მაგრამ განაგრძობს ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას.
„ჩემს ქართველ კოლეგას მკაფიოდ განვუცხადე, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობას. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს. ძალადობის ყველა აქტი უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები - პასუხისგებაში მიცემული. ძალადობის საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი დახმარება - 120 მილიონ ევროზე მეტი. შეჩერებულია ასევე ევროპის სამშვიდობო ფონდიდან 2024 წლისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს მხარდაჭერა, ჩვენ ასევე არ ვგეგმავთ მხარდაჭერას 2025 წელს, თუმცა ევროკავშირი და ავსტრია გააგრძელებენ ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მოვუწოდებთ პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირებს, დაძლიონ განხეთქილება და პოლარიზაცია“.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც „ავსტრია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს და დადებითად აფასებს ორი ქვეყნის დინამიკურ ურთიერთობებს“.
2025 წლის 2 აპრილს, „იმედი LIVE-ის“ ეთერში მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის მიერ საქართველოს ცალსახად ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენასა და „გარკვეული ძალების“ მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად გამოყენებაზე ისაუბრა. გადაცემის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა წამყვანმა, გიორგი ფუტკარაძემ მაკა ბოჭორიშვილს შემდეგი კითხვა დაუსვა: „თქვენ გქონდათ რამდენიმე ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო უწყებაში ვიზიტები, მათ შორის ბოლოს იყო ავსტრიაში. რამდენად შეძელით თქვენი კოლეგის დარწმუნება, რომ ის განცხადებები, რაც კეთდება, არ შეესაბამება რეალობას, იმიტომ რომ პრესკონფერენციაზე საკმაოდ კრიტიკული გზავნილი ვნახეთ ჩვენ“. პასუხად, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა მინისტრთან მისი შეხვედრა პოზიტიური იყო, თუმცა პრესკონფერენციაზე ვალდებული იყო ბრიუსელის გზავნილების გაეჟღერებინა:
„ახალ მინისტრთან, მე ვიტყოდი რომ შეხვედრა იყო საკმაოდ კარგი, ძალიან პოზიტიური, ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ, მაგრამ იმასაც კარგად ვაცნობიერებ, თუ რა ვალდებულებები აქვთ ერთგვარად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს, როდესაც ისინი ერთგვარად ვალდებულნი არიან ევროკავშირის გზავნილი თუ ბრიუსელის გზავნილი, ერთგვარად, ასახონ საკუთარ გზავნილებში და ასეც მოხდა და ასეც ველოდით, რომ იქნებოდა. ერთი იყო შეხვედრა, ერთი იყო ის, რაც ჩვენ ვისაუბრეთ და მეორე იყო, რა თქმა უნდა, გზავნილი, რომელიც, ერთგვარად, ვალდებულნი არიან, რომ გაჟღერდეს ბრიუსელის გზავნილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. თუმცა, მე ცალსახად შემიძლია ვთქვა, კონკრეტულად ავსტრიის შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება საქმეს, როდესაც საქმე ეხება საქმეზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, სასაუბრო ძალიან ბევრი გვაქვს, სამუშაოც ძალიან ბევრი გვაქვს, შეხვედრაც საქმიანი იყო, გეგმებიც საქმიანია და დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე ძალიან ბევრ კარგ ნაბიჯს გადავდგამთ იმისათვის, რომ კონკრეტულად ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ბიზნესებს შორის კავშირებზე და საკმაოდ კარგი, ასე ვთქვათ, გეგმებიც დაისახა წლის ბოლომდე ამ შეხვედრის ფარგლებში. ასევე ხდება ხოლმე სხვა შემთხვევებში, როდესაც საქმეზეა საუბარი და გავცდებით რიტორიკას, გავცდებით, ასე ვთქვათ, კამერებს და გავცდებით, ასე ვთქვათ, საჯარო განცხადებებს, რომელიც უნდა ესმოდეს რაღაცნაირად საზოგადოებას“.
„ფაქტ-მეტრმა“ ბოჭორიშვილის განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა და ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს კითხვით მიმართა - გააჟღერა, თუ - არა ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა მინისტრმა, ბეატე მაინლ-რაიზინგერმა, მაკა ბოჭორიშვილთან 26 მარტს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ ბრიუსელის პოზიცია? პასუხს გთავაზობთ უცვლელად.
„ორმხრივი შეხვედრისა და 26 მარტს გამართული პრესკონფერენციის დროს, მინისტრი ბეატე მაინლ-რაიზინგერი საუბრობდა მისი ეროვნული თანამდებობიდან გამომდინარე, როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი. საგარეო საქმეთა მინისტრის მაინლ-რაიზინგერის მიერ მის კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები ავსტრიის მკაფიო და ღირებულებებზე დაფუძნებულ პოზიციას წარმოადგენს.
საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილთან შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს ხელისუფლებისთვის მოწოდებას, გადადგას აქტიური ნაბიჯები ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგისკენ, რათა დაძლიოს პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში. სიტყვის და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს გარანტირებული. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის ნებისმიერი ქმედება მიუღებლად ითვლება და უნდა იქნას გამოძიებული. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
რა თქმა უნდა, ავსტრია სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის პოზიციასთან საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“.
ამდენად, მაკა ბოჭორიშვილის განცხადება, რომ ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა მინისტრი, ბეატე მაინლ-რაიზინგერი საქართველოსთან დაკავშირებით ბრიუსელის გზავნილს აჟღერებდა, რადგან ვალდებული იყო, არის ტყუილი.