თაზო დათუნაშვილმა: იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც მიმართავენ შემწეობაზე სახელმწიფოს 385 ათასამდე გაიზარდა
ვერდიქტი: “ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თაზო დათუნაშვილის განცხადება არის სიმართლე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მარტში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო 373,315 18 წლამდე ასაკის პირი, რაც ქვეყანაში მცხოვრები 18 წლამდე პირების საერთო რაოდენობის 42%-ს აღემატება. აქედან, საარსებო შემწეობის მიმღები არის 275,140 პირი.
18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში საარსებო შემწეობის დანიშვნაზე მიმართვიანობა და საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
ამრიგად, თაზო დათუნაშვილის თითქმის ზუსტად ასახელებს საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობას. იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად ყოველი მეორე ბავშვი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაშია რეგისტრირებული, მათი რიცხვი 2023 წელთან შედარებით მართლაც გაზრდილია და თაზო დათუნაშვილის მიერ მოყვანილი სტატისტიკაც მეტ-ნაკლებად ზუსტია, „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.
ანალიზი
ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა: „რიცხვი იმ ბავშვებისა, რომლებიც მიმართავენ შემწეობაზე სახელმწიფოს, გაიზარდა 385 ათასამდე, ანუ უკვე 400 ათასამდე ბავშვი შიმშილობს ამ ქვეყანაში“.
სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) სახელმწიფო პროგრამა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ფულადი და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი სოციალურ დახმარებას საჭიროებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს უნდა მიმართოს. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შესაბამისი მეთოდოლოგიით ფასდება, რომლითაც ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება. სარეიტინგო ქულის საფუძველზე კი ფულადი დახმარების ოდენობა და სხვა შეღავათები დგინდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში 1,282,280 პირი [392,573 ოჯახი] არის რეგისტრირებული, რაც მთლიანი მოსახლეობის 34.7%-ს შეადგენს. აქედან, 373,315 არის 0-18 წლამდე ასაკის პირი, რაც ქვეყანაში მცხოვრები 18 წლამდე პირების საერთო რაოდენობის 42%-ს აღემატება.
მარტის მონაცემებით, საარსებო შემწეობას იღებს 275,140 18 წლამდე ასაკის პირი.
2024-2025 წლებში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 18 წლამდე პირთა რაოდენობა 26 ათასზე მეტით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღები 18 წლამდე პირთა რაოდენობა 24.6 ათასზე მეტით გაიზარდა. (იხილეთ გრაფიკი 1)
გრაფიკი 1: მიზნობრივი სოციალური დახმარების ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები 18 წლამდე პირთა რაოდენობა
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ბავშვთა დახმარების მიმღებთა წრე გაფართოვდა და ფულადი დახმარების ოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს იღებენ. 2020 წელს ბავშვისთვის განკუთვნილი დანამატი 50 ლარს შეადგენდა, 2021 წელს ეს თანხა გაორმაგდა და 100 ლარამდე გაიზარდა, 2021 წლის ივნისიდან კი ბავშვები, დანამატის სახით, 150 ლარს იღებდნენ. ფულადი დანამატის მიმღებია 16 წლამდე სოციალურად დაუცველი პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება. აღნიშნული დახმარება, 2021 წლის 1 ივლისამდე, მხოლოდ 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა.
დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა უფრო მეტად გახდა ორიენტირებული უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებზე. თუმცა საგანგაშოდ მაღალია სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა. ამასთან, 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში საარსებო შემწეობის დანიშვნაზე მიმართვიანობა ყოველწლიურად იზრდება.