გიორგი კახიანი: მან თქვა [ეუთო/ოდირმა], რომ არჩევნები იყო კონკურენტული და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლეგიტიმურად ცნო
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კახიანის განცხადება არის ტყუილი
ანალიზი
საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციის შეფასებისას, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად ცნო და რომ მისიის შეფასებით, არჩევნები კონკურენტული იყო. მისივე თქმით, ისეთი რეზოლუციების მიღება, სადაც საუბარია ხელახალი არჩევნების მოთხოვნაზე, ეუთო/ოდირის „ფეხქვეშ გათელვას, მათი დასკვნის და შეფასებების ფეხქვეშ გათელვას“ ნიშნავს.
უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში, ეუთო/ოდირი არ ახდენს არჩევნების შედეგების აღიარება/არაღიარებას. მისიის როგორც წინასწარ, ისე საბოლოო ანგარიშში ცალსახად აღნიშნულია, რომ მისი მანდატი არის იმის დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება საარჩევნო პროცესი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, სხვა საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას. მეტიც, საბოლოო ანგარიშის თანმდევი პრეს-რელიზი ხაზს უსვამს, რომ „თავისი მანდატის შესაბამისად, ოდირი არ აღიარებს ან არ ამტკიცებს არჩევნებს, არამედ უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის სრულყოფილ და მიუკერძოებელ შეფასებას უნივერსალური პრინციპების და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე. ეს ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს, არჩევნების ხარისხი თავად განსაჯონ“.
გარდა ამისა, პრეს-რელიზში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოუენ მერფი პირდაპირ აცხადებს, რომ „ანგარიშში ასახულმა მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია“.
მეტიც, ანგარიშის მიხედვით, სერიოზული კითხვები არსებობს ამომრჩეველთა ხმის ფარულობის ხშირ კომპრომეტირებასთან დაკავშირებით. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ხმის ფარულობის შესაძლო დარღვევები დაფიქსირდა დაკვირვების არეალში მოქცეული შემთხვევების 24 პროცენტში, რაც გამოწვეული იყო ბიულეტენების საარჩევნო ყუთებში შეცურების პროცესით, 12 პროცენტში – ბიულეტენების შევსების წესით, ხოლო 7 პროცენტში – საარჩევნო უბნების არასათანადო შიდა განლაგებით“. სადამკვირვებლო მისიის პრესსამსახურთან დამატებითი კომუნიკაციიდან გამოვლინდა, რომ ხმის ფარულობის კომპრომეტირების სხვადასხვა ფორმის გათვალისწინებით, ჯამში დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში ხმის ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტების შესაბამისად, ხმის ფარულობის უზრუნველყოფა დემოკრატიული პროცესების ლეგიტიმაციისთვის განუყოფელი ნაწილია და სწორედ ის უზრუნველყოფს მოქალაქეთა ნების თავისუფალ გამოხატვას და ადასტურებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ლეგიტიმურობას (დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე იხილეთ ბმულზე).
რაც შეეხება არჩევნების კონკურენტულობას, აღსანიშნავია, რომ წინასწარი ანგარიშისგან განსხვავებით, სადაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ „წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად მიმდინარეობდა“, საბოლოო ანგარიშში სიტყვა „კონკურენტული“ აღარ გვხვდება. ამის მაგივრად, მისია მხოლოდ აღნიშნავს, რომ „18 საარჩევნო სია ერთმანეთს კონკურენციას უწევდა ნაკლებად ინტენსიურ კამპანიაში“. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, „საარჩევნო სუბიექტებს, ზოგადად, შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია... თუმცა, ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა და ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ დაშინების, მოსყიდვისა და ზეწოლის ხშირი ცნობები ზრდიდა შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ზოგიერთ ამომრჩეველს შესაძლოა თავისუფლად ვერ გაეკეთებინა არჩევანი და ხმის მიცემისას შიშით ემოქმედა, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს“. ეუთო/ოდირის მიერვე მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, ხელისუფლების ზემოხსენებულ ქმედებებს პოტენციურად ჯამში 642,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენა შეეძლო.
მისიის შეფასებით, „დაკვირვების 1924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, [ხმის მიცემის] პროცესი უარყოფითად შეფასდა, ძირითადად ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის და დაშინების ნიშნების გამო“.
სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც „[საქართველოს] კანონმდებლობა ითვალისწინებს საარჩევნო კამპანიის თანასწორ პირობებს, როგორიცაა მუნიციპალურ სივრცეებსა და პლაკატებისთვის განკუთვნილ ადგილებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, აღნიშნული დებულებები პრაქტიკაში სრულად ვერ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს, რადგან ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ოპოზიციურ პარტიებს სირთულეები ექმნებოდათ პლაკატებისთვის განკუთვნილი ადგილების მოპოვებაში“. ანგარიშში ასევე საუბარია ისეთ დარღვევებსა და გამოწვევებზე, როგორიც არის არათანაბარი ფინანსური რესურსები სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ, კამპანიის ფარგლებში მომხდარი ძალადობის შემთხვევები, გამოყენებული ვიზუალური მასალა და რიტორიკა, მათ შორის, ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები ოპოზიციური პარტიების გაუქმების თაობაზე, რამაც პოლიტიკური განხეთქილება მეტად გააღრმავა.
დეტალური ინფორმაცია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის თაობაზე ხელმისაწვდომია ბმულზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიტიკოსის მიერ მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება - ეუთო/ოდირს საბოლოო დასკვნაში (წინასწარი დასკვნისაგან განსხვავებით) სიტყვა კონკურენტული აღარ გამოუყენებია და ხელისუფლების ლეგიტიმურობის ცნობა საერთოდაც ცდება სადამკვირვებლო მისიის მანდატს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ გიორგი კახიანის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.