ბოლო 3 წლის განმავლობაში შეიქმნა 385 000 სამუშაო ადგილი

ლევან დავითაშვილი: ბოლო 3 წლის განმავლობაში შეიქმნა 385 000 სამუშაო ადგილი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მცდარი.

განცხადებაში დასაქმების მონაცემები პანდემიურ პერიოდთან არის შედარებული, როდესაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა იყო და დასაქმებულთა რაოდენობა ბოლო 10 წლის მინიმუმამდე შემცირდა. გარდა იმისა რომ ამგვარი შედარება მანიპულაციურია, ამ შემთხვევაშიც კი ლევან დავითაშვილის მიერ დასახელებული რიცხვი მიახლოებულიც კი არ არის არსებულ მაჩვენებელთან.

საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა 185 ათასით არის გაზრდილი და არა 385 ათასით. თუ პანდემიამდე პერიოდს, ანუ 2019 წელს ავიღებთ შესადარებლად, რაც უფრო მართებული იქნება, დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 106.6 ათასით არის გაზრდილი. 2024 წელს, 2012 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 190.3 ათასით გაიზარდა. ამრიგად, დასაქმებულთა რაოდენობა 385 ათასით, არათუ ბოლო 3 წელში, არამედ „ქართული ოცნების“ 12-წლიან პერიოდშიც კი არ გაზრდილა.

ამრიგად, გარდა იმისა რომ ლევან დავითაშვილი სტატისტიკურ მონაცემებს მანიპულაციურად ადარებს, მის მიერ დასახელებული რიცხვიც მცდარია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ მის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.

ანალიზი

ლევან დავითაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა: „მხოლოდ და მხოლოდ დასაქმების შედეგად შეიძლება მივაღწიოთ გაუმჯობესებას ცხოვრების დონის და აქ პროგრესი გვაქვს, ბოლო 3 წლის განმავლობაში შეიქმნა 385 000 სამუშაო ადგილი, ესაა ოფიციალური ინფორმაცია“.

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ ლევან დავითაშვილი შესადარებლად იღებს 2021 წელს, როდესაც პანდემიის და მისი თანმხლები ეკონომიკური შეზღუდვების გამო, დასაქმების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. ბოლო 10-წლიან პერიოდში [2015-2024] დასაქმების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ 2021 წელს დაფიქსირდა. ამგვარი შედარება მანიპულაციურია და არსებულ რეალობას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ლევან დავითაშვილის მიერ დასახელებული მაჩვენებელი მიახლოებულიც კი არ არის რეალობასთან.

საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, 2021 წელთან (ანუ როცა დასაქმება მინიმუმამდე იყო შემცირებული) შედარებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა 185 ათასით არის გაზრდილი და არა 385 ათასით. „ქართული ოცნების“ მმართველობის 12-წლიანი პერიოდშიც კი დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში მხოლოდ 190.3 ათასით არის გაზრდილი.

2024 წლის წლიურ მაჩვენებელს თუ პანდემიამდე პერიოდის, ანუ 2019 წლის მაჩვენებელს შევადარებთ, ვნახავთ, რომ დასაქმებულთა რაოდენობა 106.6 ათასით გაიზარდა, აქედან დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 62.9 ათასით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 43.6 ათასით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში დასაქმების დონე (დასაქმებულთა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის (15+) მოსახლეობაში) 42.7%-დან 47.1%-მდე გაიზარდა. დასაქმების დონის ზრდა უმეტესწილად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით არის განპირობებული, თუმცა გარკვეულწილად გავლენა ქვეყანაში 15+ ასაკის მოსახლეობის შემცირებამაც იქონია.

რაც შეეხება დასაქმების მხრივ ბოლო წლებში არსებულ ტენდენციას, 2020-2021 წლებში, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, რაც პანდემიის პერიოდში არსებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. 2022 წელს დასაქმების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელი ჯერ კიდევ სრულად აღდგენილი არ იყო. 2023 და 2024 წლებში დასაქმების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: დასაქმებულთა რაოდენობა და დასაქმების დონე, 2015-2024 წლებში


წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022-2024 წლებში ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: პანდემიის დასრულებას და მისი თანმხლები ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნას პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა ლოგიკურად მოჰყვა. ამასთან, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო სექტორში. გარდა ამისა, დასაქმების ზრდაზე გარკვეული გავლენა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამაც იქონია, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა. პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების წახალისებაა, რაც ძირითადად ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმებას გულისხმობს და შრომის ანაზღაურება 300 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროგრამა უნდა განვიხილოთ, არა როგორც რეალური დასაქმების პროგრამა, არამედ როგორც სოციალური პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სტატისტიკურად ზრდის დასაქმებულთა რაოდენობასაც.

ამრიგად, დასაქმების მაჩვენებლების პანდემიის პერიოდთან, როდესაც ეკონომიკური შეზღუდვების გამო ადამიანების გარკვეული ნაწილი ვერ მუშაობდა, შედარება მანიპულაციურია და დასაქმების მხრივ არსებულ ზრდას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. თუმცა ამ დაშვებითაც კი, ლევან დავითაშვილის მიერ დასახელებული მონაცემები (385 ათასი) დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის რეალურ მაჩვენებელთან მიახლოებულიც კი არ არის. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ლევან დავითაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.