ოთხ წელიწადში ეკონომიკა გაორმაგდა

შოთა ბერეკაშვილი: ოთხ წელიწადში ეკონომიკა გაორმაგდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შოთა ბერეკაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

2020 წელს საქართველოს ეკონომიკის მოცულობამ 49.8 მლრდ ლარი შეადგინა, 2024 წელს 85%-ით მეტი - 91.9 მლრდ ლარი. გარდა იმისა, რომ 85%-იანი ზრდა გაორმაგება არაა, თავად ამ რიცხვსაც ორი პრობლემა აქვს, რომელიც შოთა ბერეკაშვილს არ უხსენებია: პანდემიური პერიოდი და ინფლაცია.

2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა, მაგრამ 2019 წელთან შედარებით, მხოლოდ 3.6%-ით. 2021 წელს, საბაზო პერიოდის გათვალისწინებით, დახურული ბიზნესების ხელახლა გახსნით, არა მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნების უმრავლესობაშიც ეკონომიკურმა ზრდის ტემპმა ათწლეულების რეკორდი მოხსნა.

ნომინალური ზრდა რეალურ სურათს არ ასახავს, მთავარია არა ის, რამდენი ლარით ან თუნდაც დოლარით გაიზარდა წლიდან წლამდე ეკონომიკის მოცულობა, არამედ ის, თუ რამდენით გაიზარდა პროდუქციისა და მომსახურების წარმოება/მოხმარება. საანგარიშო პერიოდში, მაღალ ეკონომიკურ ზრდას მაღალი ინფლაციაც ახლდა თან. 2021-2024 წლებში სამომხმარებლო ფასები 27.1%-ით გაიზარდა. შესაბამისად, მუდმივ 2019 წლის ფასებში[1] დათვლით ეკონომიკა 85%-ით - 49.8-დან 91.9 მლრდ-მდე კი არა, 45%-ით - 46.6-დან 67.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა. 2019 წლიდან 2024 წლამდე კი 36%-ით - 49.7-დან 67.5 მლრდ-მდე.

შემოსავლების ზრდა მშპ-ის ზრდის თანმდევი მოვლენაა, თუმცა რამდენად იყო ზრდა ინკლუზიური და რამდენად თანაბრად შეეხო ის მოქალაქეებს, უცნობია. აღნიშნული საკითხის ამსახველი კვლევისა თუ სხვა რეფერირებადი წყაროს შესახებ საჯაროდ ცნობილი არ არის. შესაბამისად, გაუგებარია, რას ეყრდნობა თავად განცხადების ავტორიც. შესაბამისი წყაროს არ არსებობის პირობებში, განცხადების ამ ნაწილს „ფაქტ-მეტრი“ვერდიქტზე მსჯელობისას არ განიხილავს და მის შესახებ მოსაზრებას არ გამოთქვამს.

განცხადების ძირითადი ნაწილი ეკონომიკურ ზრდას ეხებოდა. ნომინალური ეკონომიკა 2021-2024 წლებში 85%-ით გაიზარდა და არა 100%-ით, კიდევ უფრო ნაკლები - 45% იყო რეალური ზრდა (ინფლაციის გათვალისწინებით) და ამ 45%-იან ზრდაშიც მნიშვნელოვანი გავლენა საბაზო პერიოდმა იქონია, მის გარეშე 2019-204 წლებში ჯამური ზრდა 36%-ს შეადგენდა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ შოთა ბერეკაშვილის განცხადება შეაფასა ვერდიქტით მეტწილად მცდარი.

ანალიზი:

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა: „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკა ორჯერ გაიზარდა და ეს ზრდა ინკლუზიური იყო და ჩვენი მოქალაქეების შემოსავალზე აისახა“.

2021-2024 წლებში ნომინალური ეკონომიკა არ გაორმაგებულა, მაგრამ 85%-ით (49.8-დან 91.9 მლრდ ლარამდე) ნამდვილად გაიზარდა, თუმცა ამ რიცხვს ორი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს: პანდემიური პერიოდი და ინფლაცია. პირველი ზრდის ისეთი დამატებითი ფაქტორია, რომელიც ეკონომიკურ რეფორმებს არ უკავშირდება, ხოლო მეორე აჩვენებს რომ რეალური ზრდა ნომინალურის დაახლოებით ნახევარს შეადგენდა.

2020 წელს პანდემიისა და კოვიდრეგულაციების მიზეზით, მშპ ადრეული 90-იანი წლების პერიოდის შემდეგ ყველაზე მეტად - 6.3%-ით შემცირდა. ვარდნა ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესებით არ ყოფილა გამოწვეული, ბიზნესები უბრალოდ მთავრობის განკარგულებით დაიხურა, მომდევნო წელს კი ხელახლა გაიხსნა, რაც 2021 წლის მშპ-ის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა. 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა, მაგრამ 2019 წელთან შედარებით ზრდის ტემპი მხოლოდ 3.6% იყო.

საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი (2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7.8% და 2024 წელს - 9.4%) მომდევნო წლებშიც შენარჩუნდა, რაშიც გარკვეული როლი რუსეთ-უკრაინის ომის გავლენებმა შეასრულა. 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები ნახტომისებურად - 400%-ით გაიზარდა. 2023-2024 წლებში უკვე მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი გაიზარდა მკვეთრად ყაზახეთსა და ყირგიზეთში. ყირგიზეთი, რომელიც ომამდე ათეულშიც ვერ ხვდებოდა, 2024 წელს #1 საექსპორტო პარტნიორი გახდა. „ფაქტ-მეტრი“ მტკიცებით ფორმაში ვერ იტყვის, გადის, თუ - არა საქართველოდან შეყვანილი მსუბუქი ავტომობილები რუსეთში, მაგრამ რეექსპორტის მასშტაბები საფუძვლიან კითხვებს აჩენს[2].

წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, როდის დასრულდება ომი, რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთზე დაკისრებული სანქციები და ომის დასრულების შემდეგ შენარჩუნდება, თუ - არა რეექსპორტი შუა აზიის ქვეყნებში. გარკვეული რისკები არსებობს, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შემთხვევაში, ავტოექსპორტისა და სხვა ეკონომიკური საქმიანობების ტრადიციულ სქემაში სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნების პარალელურად, ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდება.

პოსტ-პანდემიური პერიოდით, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენებითა თუ სხვა დამატებითი ფაქტორების დახმარებით, 2021-2024 წლებში ნომინალური ეკონომიკა 85%-ით კი გაიზარდა, მაგრამ ეს არ ყოფილა რეალური 85%-იანი ზრდა, რადგან იმავე პერიოდში სამომხმარებლო ფასებიც 27%-ით გაიზარდა და ინფლაციამ რეალური ზრდის ტემპი შეამცირა.

ადამიანისთვის შემოსავლების 100 ლარიდან 200 ლარამდე ზრდა ორჯერ გამდიდრებას არ ნიშნავს. მთავარია ის, თუ რა ოდენობის პროდუქციისა და მომსახურების შეძენა იყო შესაძლებელი პირველ წელს 100 ლარად და რა ოდენობის მომდევნო წელს 200 ლარად. ანალოგიური მიდგომა შეიძლება გავრცელდეს ქვეყნის მთლიან ეკონომიკაზეც. თუ ქვეყანაში ისევ 100 პური იწარმოება, მაგრამ 1 პური ფასი 1 ლარი კი არა 1.5 ლარია, ნომინალური ეკონომიკა 50%-ით იქნება გაზრდილი და რეალური 0%-ით. თეორიულად, ჰიპერინფლაციის დროს, შეიძლება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ადგილობრივ ვალუტაში ძალიან მაღალი პროცენტული ტემპით იზრდებოდეს, მაგრამ რეალური ეკონომიკა მცირდებოდეს. 2020 წელს 6.3%-იანი ვარდნის მიუხედავად, ნომინალური ეკონომიკა მცირედით, მაგრამ მაინც 49.7-დან 49.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

2021 წელს სამომხმარებლო ფასები 9.6%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი ზრდა იყო 2008 წლის შემდეგ, 2022-ში ინფლაციის განაკვეთმა 11.9%-ს მიაღწია და XXI საუკუნის რეკორდი მოხსნა. 2023-2024 წლებში ფასების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად, ჯერ 2.5%-მდე და შემდეგ 1.1%-მდე შემცირდა.

მუდმივ, 2019 წლის ფასებში დათვლით, საქართველოს ეკონომიკა ოთხ წელიწადში 49.8-დან 91.9 მლრდ-მდე კი არა, 46.6-დან 67.5 მლრდ-მდე გაიზარდა, რაც 45%-იანი მატებაა და არა 85%-იანი.

გრაფიკი 1: მშპ (მლრდ. ლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გრძელვადიან პერიოდში, ეკონომიკის რეალური ზრდა შეგვიძლია მშპ-ის ზრდის ტემპების ნამრავლითაც გამოვთვალოთ. 2021 წელს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა, 2022 წელს - 11%-ით, 2023 წელს - 7.8%-ით და 2024 წელს (წინასწარი ინფორმაციით) - 9.4%-ით. შესაბამისად, 4 წელიწადში ეკონომიკა 45%-ით არის გაზრდილი (100*1.106*1.11*1.078*1.094=145).

ეკონომიკა რომ ოთხ წელიწადში გაორმაგებულიყო, წლიურად საშუალოდ 19%-იანი ზრდა იყო საჭირო, რაც არარეალურია, 85%-ით გასაზრდელად (ნომინალური ზრდა რომ რეალური ზრდა ყოფილიყო) - 16.5%-იანი. სინამდვილეში, საშუალო წლიურმა ზრდამ 9.6% შეადგინა, რაც თავის მხრივ საკმაოდ მაღალია, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც 19%-იან, ასევე 16.5%-იან ზრდას. თუ პოსტპანდემიურ ეფექტს გამოვრიცხავთ, 2019 წელთან შედარებით, 36%-იან ზრდას მივიღებთ. ასეთ შემთხვევაში საშუალო წლიური ზრდის ტემპი უკვე 6.3%-მდე მცირდება.

შოთა ბერეკაშვილმა ინკლუზიური ზრდაც ახსენა. 2020 წლის შემდეგ დასაქმებულთა ხელფასები და ასაკობრივი პენსია ნამდვილად გაიზარდა, შემცირდა უმუშევრობაც. პარალელურად, გაიზარდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა და ემიგრანტთა რიცხვი. ზოგადად, შემოსავლების ზრდა ეკონომიკური ზრდის თანმდევი ფაქტორია, თუმცა რამდენად იყო ეს ზრდა ინკლუზიური და რამდენად თანაბრად შეეხო ის მოსახლეობას, უცნობია. შესაბამისად, განცხადების ამ ნაწილს ვერდიქტზე გავლენა არ მოუხდენია.

რაც შეეხება განცხადების ძირითად ნაწილს, ნომინალური ეკონომიკა 2021-2024 წლებში 85%-ით გაიზარდა და არა 100%-ით, კიდევ უფრო ნაკლები - 45% იყო რეალური ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით და ამ 45%-იან ზრდაშიც მნიშვნელოვანი გავლენა საბაზო პერიოდმა და რუსეთ-უკრაინის ომმა იქონია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ შოთა ბერეკაშვილის განცხადება შეაფასა ვერდიქტით მეტწილად მცდარი.


[1] საქსტატს რეალური მშპ მუდმივ 2019 წლის ფასებში აქვს დათვლილი

[2] მესამე ქვეყნის გავლით რუსეთში რეექსპორტი სანქციების დარღვევად ვერ ჩაითვლება. შეზღუდვა უშუალოდ რუსეთში ექსპორტზე ვრცელდება.


პერსონები
შოთა ბერეკაშვილი

ყველა სიახლე