ირაკლი ფავლენიშვილი: მეხუთე პრეზიდენტმა პარტიების გაუქმებაზე არაფერი თქვა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ სტუმრობისას, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 31 მარტს აქციაზე წარმოთქმული სიტყვა შეაფასა. პოლიტიკოსმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ მას [სალომე ზურაბიშვილს] ამ დრომდე არ ჰქონდა პოზიცია დაფიქსირებული პარტიების გაუქმების საკითხზე.
მიმდინარე წლის 27 მარტს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაინიციირდა კანონპროექტი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება. მისივე თქმით, „საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში „ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები“ - ქვეყნის წინაშე „საერთო, მტრული მიზნით მოქმედი“ პოლიტიკური პარტიები, უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას“.
ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარტიების აკრძალვის საკითხის მოქმედ რეგულაციას ცვლის, „ქართული ოცნების“ ფრაქციამ პარლამენტში 26 მარტს შეიტანა. პაკეტში ორ კანონში შესატანი ცვლილება შედის: საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლი შემდეგი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს:
ბარათის მიხედვით, „ კანონპროექტის მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლი პოლიტიკური პარტიებზე, რომელთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. შესაბამისად, იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სურვილი კვლავ ზემოაღნიშნული პარტიების არსებითად მსგავსი ახალი პარტიები დააფუძნონ და კვლავ განაგრძონ არაკონსტიტუციური საქმიანობა, სასამართლო წესით აეკრძალებათ ასეთი ფიქციური პარტიების მეშვეობით მოქმედება“.
დოკუმენტის მიხედვით, კანონი გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედდეს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცვლილებათა პაკეტში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებიც შედის. ორგანული კანონის 22-ე მუხლი სარჩელის განხილვის ზოგად ვადებს ადგენს, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეტანიდან 9 თვეს, საარჩევნო პერიოდში კი - 14 დღეს.
საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის სპეციალურ ვადას. შესაბამისად, უნდა გავრცელდეს ზოგადად სარჩელის განხილვის 9-თვიანი ვადა.
„გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ პოლიტიკური პარტიები, მნიშვნელოვანია, რომ მათი საქმიანობის მიმართ არსებობდეს ეფექტური საკონსტიტუციო კონტროლის მექანიზმი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტს უფლებამოსილი ორგანოს მიერ საკითხის დროული განხილვა წარმოადგენს. ამრიგად, მიზანშეწონილია, პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის მიმართ დადგინდეს ზოგადი, 9 თვიანი, ვადისგან განსხვავებული, შემჭიდროებული ვადები“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
აღნიშნული ცვლილებაც ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა, რადგან „ ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას“.
ირაკლი ფავლენიშვილი განცხადებაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სწორედ აღნიშნული ცვლილებების არ შეფასებაში „ამხელს“.
„ფაქტ-მეტრი“ საკითხის გარკვევას შეეცადა.
რადგან პარტიების აკრძალვაზე ბრიფინგი მიმდინარე წლის 27 მარტს ჩატარდა, ჩვენ სალომე ზურაბიშვილის მიერ 27 მარტის შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს/კომენტარებს გადავხედეთ.
სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ facebook-გვერდის მიხედვით, ის 26-28 მარტის პერიოდში ბალტიისპირეთის ქვეყნებს სტუმრობდა, სადაც ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩს და სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებს შეხვდა, რასაც სალომე ზურაბიშვილის X პლატფორმაზე დადებული პოსტებიც ადასტურებს.
შემდგომ, სალომე ზურაბიშვილი უკვე 31 მარტის აქციაზე გამოდის სიტყვით. ზურაბიშვილი თავი სიტყვაში ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის, 31 მარტის ისტორიულ მნიშვნელობას, მიმდინარე პროტესტს, პროტესტისადმი საერთაშორისო მხარდაჭერას, მომავალ არჩევნებს, საპარლამენტო კომისიის მუშაობას. მან პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შექმნაც დააანონსა, თუმცა თავის გამოსვლაში პარტიების მოსალოდნელ აკრძალვაზე არ უსაუბრია. აღნიშნულ საკითხს სალომე ზურაბიშვილი არც იმავე დღეს ინგა გრიგოლიასთვის მიცემულ ინტერვიუში შეხებია.
პირველ აპრილს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციური პარტიების კოორდინაცია შედგა, რომ „7 აპრილიდან ევროსაბჭოში დაიწყება საქართველოს შესახებ რეზოლუციის მომზადება და პოლიტიკური სპექტრი ერთად იმუშავებს საკითხების მოსამზადებლად. პირველ პლანზე იქნება პოლიტიკური პატიმრების საკითხი, ასევე ყველა ის ახალი კანონი, რაც მიღებულია ამ დღეებში, FARA, რომელიც ცდილობს, რომ სამოქალაქო სექტორი ჩაახშოს“. ზურაბიშვილს პარტიების აკრძალვაზე არც ამ ბრიფინგზე გაუმახვილებია ყურადღება.
პირველ აპრილსვე სალომე ზურაბიშვილს ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ონლაინ ჩართვა ჰქონდა. მან საქართველოში არსებული სიტუაცია მიმოიხილა და ამ კონტექსტში, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, პარლამენტში მიღებულ კანონებზეც ისაუბრა, კონკრეტულად, FARA-ზე, „სახელმწიფო ღალატის“ მუხლის ხელახლა შემოტანაზე, მედიის შემზღუდველ კანონზე. როგორც ვხედავთ, პარტიების აკრძალვის შესახებ, არც ამ შეხვედრაზე უსაუბრია.
პარტიების შესაძლო აკრძალვა სალომე ზურაბიშვილს არც 2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე უხსენებია, სადაც აღნიშნა, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისთვის, რომ მთავარი პრიორიტეტი სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე გააჟღერა, რომ კოორდინაციაში შემავალი არც ერთი პოლიტიკური პარტია ე. წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს.
სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი 4 და 5 აპრილსაც გამართა, სადაც მიმდინარე მოვლენები და აქტუალური თემები შეაფასა, კერძოდ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს რეჟიმს, რა უნდა გაკეთდეს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები, „ეუთო ოდირის“ განცხადება „ფარასთან“ დაკავშირებით, ცესკო-ს მიერ მიღებული ცვლილებები, „რძის სკანდალი“. პარტიების გაუქმებაზე პოზიცია სალომე ზურაბიშვილს არც აღნიშნულ ბრიფინგებზე დაუფიქსირებია.
ჩვენ საკითხის დაზუსტებას სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია სულავასთან შევეცადეთ. „ფაქტ-მეტრის“ მხრიდან რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, კომუნიკაცია ვერ შედგა.
ჩვენ მიერ განხილული მასალის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს ბოლოდროინდელ ოფიციალურ განცხადებებსა და გამოსვლებში საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება, არ უსაუბრია და პოზიცია არ დაუფიქსირებია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადება არის სიმართლე.