რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორ ნაწილად იყოფა, განცხადება ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი განმარტებით, ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდის ფონზე გაიზარდა რეგიონების დაფინანსებაც, ხოლო რეგიონული განვითარების ეფექტიან დაგეგმვასა და მონიტორინგს ქვეყნის მთავარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განცხადების გაკეთების მომენტში, 2025 წლის 2 აპრილის მდგომარეობით, მთავრობა პრემიერისგან და 13 მინისტრისგან შედგებოდა. დაყოფის შემდეგ სამინისტროების რაოდენობა 14-მდე გაიზრდება.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, სამინისტროების რაოდენობა, ჯერ რამდენჯერმე შემცირდა, შემდეგ ეტაპობრივად ისევ გაიზარდა და გაერთიანებული სამინისტროები ხელახლა დაიყო. სამინისტროების რაოდენობისგან განსხვავებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის მუდმივად მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა. ცალკეული გამონაკლისების გარდა, მუდმივად იზრდებოდა საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაც.
2017 წელს, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას ოპტიმიზაციის ეგიდით ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდა, გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები განათლებისა და კულტურის სამინისტროებზე გადანაწილდა, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუერთიანდა. რეფორმის შემდეგ სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე შემცირდა. შემცირება უფრო ფორმალური ხასიათს ატარებდა, რადგან სამინისტროებში დასაქმებულთა რაოდენობა და სამინისტროების ხარჯები პრაქტიკულად არ შემცირებულა.
2018 წელს, მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო რამდენიმე უწყებას, ძირითად შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს შეუერთდა. სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.
2020 წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებით (გიორგი გახარიას პრემიერობისას) კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს ისევ გამოეყო. 2025 წლიდან კულტურისა და სპორტის სამინისტროც ცალ-ცალკე სამინისტროებად დაიყო.
2012 წლის ოქტომბერში 19 სამინისტრო ფუნქციონირებდა (სახელმწიფო მინისტრის აპარატებისა და 2012 წელს შექმნილ დასაქმების სამინისტროს ჩათვლით), 2013-2017 წლებში - 18, 2018 წლის პირველ ნახევარში - 14, 2018 წლის პირველი ნახევრიდან 2021 წლამდე - 11. 2021-2024 წლებში - 12, 2025 წლის იანვრიდან - 13, ცვლილებების შემდეგ მათი რაოდენობა 14-ს გაუტოლდება.
გრაფიკი 1: სამინისტროების რაოდენობა სახელმწიფო მინისტრის აპარატ(ებ)ის ჩათვლით
წყარო: საქართველოს მთავრობა
მხოლოდ სამინისტროთა რაოდენობის ცვლილება მთავრობის ზომასა და ბიუროკრატიის სიდიდეზე სრულყოფილ სურათს არ იძლევა. 2013-2024 წლებში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი ჯამური შრომის ანაზღაურება ძირითადად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა.
საკუთრების ფორმების მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობის სტატისტიკის ბოლო მონაცემები 2023 წლით თარიღდება. 2013-2023 წლებში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 27%-ით (252-დან 321 ათასამდე), არასაჯარო სექტორში კი მხოლოდ 7%-ით (954 ათასიდან 1.014 მლნ-მდე) გაიზარდა. თუ შედარებას პანდემიამდელ პერიოდთან გავაკეთებთ, 2019-2023 წლებში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის 7%-იან და არასაჯაროში 2%-იან ზრდის მაჩვენებელს მივიღებთ. 2013 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 21%-ს შეადგენდა, 2019 წელს - 23%-ს და 2023 წელს - 24%-ს. პროცენტულად კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს დაფიქსირდა, თუმცა ამის მიზეზი პანდემიისა და კოვიდრეგულაციების გამო კერძო სექტორში დასაქმებულთა შემცირება გახდა.
სტატისტიკა ჯამურად სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას აერთიანებს, ის მოიცავს როგორც სამინისტროებში, აგრეთვე თვითმმართველობებში, სსიპ-ებში, ა(ა)იპ-ებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობას.
გრაფიკი 2: დასაქმებულთა განაწილება საკუთრების ფორმის მიხედვით
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ბოლო წლებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა და მათი შრომის ანაზღაურებაც. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების კვლევის (IDFI) ცნობით, შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 2013 წელს 91 მლნ ლარს შეადგენდა, 2024 წელს - 593 მლნ-ს ანუ 552%-ით მეტს. სახელმწიფო ხაზინის ანგარიშების თანახმად, მთლიანად 2013-2024 წლებში შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები 118%-ით - 1.19-დან 2.59 მლრდ ლარამდეა გაზრდილი.
წლების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული სახელფასო ხარჯების ზრდა არათანაბარი იყო და ბოლო პერიოდში დაჩქარდა. თუ 2013-2021 წლებში შრომის ანაზღაურებაზე გაღებული ხარჯები 39%-ით (1.19-დან 1.65 მლრდ-მდე) გაიზარდა, 2021-2024 წლებში ზრდის ტემპმა 57%-ს მიაღწია - 1.65-დან 2.59 მლრდ-მდე. დაჩქარებაზე ძირითადად ორმა ფაქტორმა იქონია გავლენა, ერთი მხრივ, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტემპის მატებამ და მეორე მხრივ, ნომინალური ხელფასების ზრდამ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023-2025 წლებში კერძო სექტორში არსებულ ხელფასებთან დაახლოების მიზნით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების წლიურად მინიმუმ 10%-იანი ზრდა დაიგეგმა. თუმცა მხოლოდ 2023 წელს შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები 22%-ით და 2024 წელს 19%-ით გაიზარდა. 2025 წელს სახელფასო ხარჯების ზრდა კიდევ 17%-ით - 3.03 მლრდ ლარამდეა დაგეგმილი. თუ 2025 წელსაც გავითვალისწინებთ, 2021-2025 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები (ყველა ხარჯი ერთად) 41%-ით იქნება გაზრდილი, ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების ხარჯები - 84%-ით.
გრაფიკი 3: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული შრომის ანაზღაურება (მლრდ. ლარი)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მთავრობისა და ბიუროკრატიის ზომასთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ არსებობს. ეკონომისტთა დიდი ნაწილი მცირე მთავრობის მომხრეა, დაბალი გადასახადებით, შეზღუდული ოდენობის რეგულაციებითა და ფუნქციონალურად ნაკლები დატვირთვით, თუმცა ალტერნატიული ხედვით, მეტი რეგულირება კეთილდღეობის ზრდის შანსებს აუმჯობესებს. სხვადასხვა დამოკიდებულების მიუხედავად, გარკვეულ საკითხებზე შეჯერება მაინც ხერხდება და ერთ-ერთი მათგანი ეფექტიანობაა, კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანს კონკრეტული ფუნქცია უნდა გააჩნდეს და არ უნდა იყოს დასაქმება დასაქმებისთვის. აგრეთვე დასაქმებული სახელმწიფო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა პარტიულს.
რამდენი უნდა იყოს სამინისტროთა რიცხვი და მათში დასაქმებულთა რაოდენობა, რა უნდა იყოს საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურება, რას ემსახურება ბიუროკრატიული აპარატის ზრდა საჯაროდ გაცხადებულ მიზნებს თუ ვიწრო პარტიული ინტერესების დაკმაყოფილებას, ფართო კვლევის საგანია და სტატიის ფარგლებში მის განხილვაში „ფაქტ-მეტრი“ ვერ შევა, მაგრამ არის რიგი ფაქტები, რისი დასახელებაც შეიძლება:
- სამინისტროების რაოდენობასთან დაკავშირებით, „ქართულო ოცნების“ დამოკიდებულება არათანმიმდევრულია, წლიდან წლამდე სამინისტროთა რაოდენობა მცირდებოდა და ისევ იზრდებოდა, სამინისტროები ერთიანდებოდნენ და ისევ იყოფოდნენ;
- ოპტიმიზაციის პირობებშიც კი არ მცირდებოდა ან თითქმის არ მცირდებოდა ხარჯები, უშუალოდ მინისტრის პოსტის გარდა პრაქტიკულად უცვლელი რჩებოდა გაერთიანებულ სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა;
- 2013-2023 წლებში ყველა სახელმწიფო უწყებაში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია;
- საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების ზრდის ტემპი ბოლო წლებში დაჩქარდა.
ინფლაციისა და ეკონომიკის ზრდის ფონზე, ბიუროკრატიულ ხარჯებთან ერთად გაზრდილია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, როგორც ნომინალურ, ასევე რეალურ გამოხატულებაში, თუმცა ბიუჯეტის ხარჯების ზრდას ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი არეგულირებს და ერთგვარ ზღვარს აწესებს. კანონის თანახმად (მუხლი 2, პუნქტი 1), ნაერთი ბიუჯეტის (სახელმწიფო ბიუჯეტი პლუს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტები) ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მშპ-სთან 30%-ს არ უნდა აჭარბებდეს.