რომან გოცირიძე: პრემიერის სარეზერვო ფონდში 1.1 მლრდ ლარი იყო აკუმულირებული, დაგეგმილი იყო 500 მლნ, გადახარჯვა იყო 600 მლნ ლარი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.
პრემიერის ანუ მთავრობის სარეზერვო ფონდი ბიუჯეტის ნაწილია, მასში აკუმულირებულ თანხას პრემიერი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად განკარგავს.
საანგარიშო პერიოდში (2013-2023 წლებში), სამთავრობო სარეზერვო ფონდის ბიუჯეტის გეგმა ჯამში 630 მლნ ლარი იყო. ამავე პერიოდში, მთავრობის ნორმატიული აქტებით, ფონდის ჯამური მოცულობა 1 მლრდ ლარს გადასცდა. შესაბამისად, ფონდის თავდაპირველი გეგმიდან გადახრამ 373 მლნ ლარი შეადგინა. რომან გოცირიძე მონაცემების ნაწილს უზუსტოდ ასახელებს. თუმცა კონტექსტი, რომ ფონდი გეგმით გათვალისწინებულზე გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს, სიმართლეა.
სიმართლეა ისიც, რომ ფონდის მიზნობრიობიდან გამომდინარე, სარეზერვო ფონდი ისეთ ხარჯებს უნდა ფარავდეს, რომლის წინასწარ განსაზღვრა და დაგეგმვა შეუძლებელია. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფონდი ხშირად ისეთ აქტივობებს აფინანსებს, რომლის ბიუჯეტში გათვალისწინება სავსებით შესაძლებელი იქნებოდა. მაგალითად, 2024 წლის მთავრობის სარეზერვო ფონდით დაფინანსდა 26 მაისის აღსანიშნი ღონისძიებები, ევროპის დღეების ფარგლებში გასამართი ღონისძიებები, მუნიციპალური ტრანსფერები, საპარლამენტო არჩევნებიც კი. შესაბამისად, რეალურად, ფონდის თანხები მხოლოდ არაპროგნოზირებად ხარჯებს არ ხმარდება.
აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ რომან გოცირიძის განცხადებაში უზუსტობა არის, კონტექსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.
ანალიზი
ტელეკომპანია „ფორმულაზე“, გადაცემა „დროებაში“ სტუმრობისას რომან გოცირიძემ სხვა საკითხებთან ერთად მთავრობის სარეზერვო ფონდზეც ისაუბრა და განაცხადა: „ მთავრობაში არსებობს პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდი. სარეზერვო ფონდი არის ის თანხა, რომელსაც ერთპიროვნულად განკარგავს მთავრობა, პირადად პრემიერი, ისე, რომ არ ეკითხება პარლამენტს. სარეზერვო ფონდი ყოველთვის იგეგმებოდა 50-60 მლნ ლარის ფარგლებში და შემდეგ ხდებოდა გადახარჯვა. ამ ფონდით უნდა იყოს დაფინანსებული ისეთი ხარჯები, როგორიცაა გვალვა, დიდთოვლობა, სტიქიური უბედურება ანუ ის, რისი პროგნოზირებაც არ შეიძლება და მოულოდნელად დაატყდება ქვეყანას. სინამდვილეში, ამ ფონდში, „ქართული ოცნების“ პირობებში 1.1 მლრდ ლარი იქნა აკუმულირებული, დაგეგმილი იყო 500 მლნ ლარი, გადახარჯვა იყო 600 მლნ“.
„ფაქტ-მეტრი“ მთავრობის სარეზერვო ფონდის სტრუქტურაში გარკვევას შეეცადა და დაინტერესდა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში აღნიშნული ფონდის ბიუჯეტი ჯამში რამდენი ლარი იყო.
სარეზერვო ფონდი ბიუჯეტის ნაწილია, მასში აკუმულირებულ თანხას პრეზიდენტი/პრემიერი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად განკარგავს.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი იქმნება. ორივე სარეზერვო ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების 1%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამავე კოდექსით, სარეზერვო ფონდების მოცულობის ზრდა შესაძლებელია და თითოეული ფონდის შემთხვევაში, დამტკიცებული მოცულობის 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. ხარჯის მიმართულებას შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა განსაზღვრავს ფონდების დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული მოცულობის მიხედვით (28-ე მუხლი, პირველი პუნქტი).
აქვე აღვნიშნავთ, რომ 2019 წლიდან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმდა და მხოლოდ მთავრობის სარეზერვო ფონდი დარჩა.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში (2013-2023 წლები), მთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსების გეგმა 50-60 მლნ ლარს შორის მერყეობს. გამონაკლისი იყო 2015 წელი, როდესაც მთავრობის სარეზერვო ფონდის ბიუჯეტის გეგმამ 85 მლნ ლარი შეაგინა. შემდგომში, ყოველ წელს, თავდაპირველი გეგმა მთავრობის ნორმატიული აქტებით იცვლებოდა და ფონდის დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდებოდა. აღნიშნული წლების განმავლობაში, მხოლოდ 2022 და 2023 წლებში არ მომხდარა გეგმის ცვლილება (2024 წლის სრული და მიმდინარე წლის შედეგები ჯერ არ გვაქვს), ოღონდ 2023 წელს ფონდის დაფინანსებამ 100 მლნ ლარი შეადგინა.
ცხრილი 1-ში მოცემულია, თუ როგორ იცვლებოდა მთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსება წლების მიხედვით.
ცხრილი 1: მთავრობის სარეზერვო ფონდის ბიუჯეტის გეგმა, ნორმატიული აქტით გამოყოფილი თანხა (მლნ ლარი)
წყარო: ფინანსთა სამინისტრო, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები
როგორც ბიუჯეტის ანგარიშები ცხადყოფს, მთავრობის სარეზერვო ფონდის ბიუჯეტის გეგმასა და ნორმატიული აქტებით გაზრდილ საბოლოო თანხას შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემი „ქართული ოცნების“ მმართველობის საწყის წლებში ფიქსირდება და 2013-2017 წლებს მოიცავს, როდესაც ფონდის მოცულობის ზრდა 100%-ს აღემატება. ყველაზე გამორჩეული 2016 წელი იყო, როდესაც სამთავრობო ფონდის მოცულობა გეგმასთან შედარებით 256%-ით გაიზარდა.
რომან გოცირიძე განცხადებაში სწორედ აღნიშნულზე აკეთებს აქცენტს. ის მონაცემებს - დაგეგმილი ბიუჯეტის შემთხვევაში, არაზუსტად ასახელებს, თუმცა ფონდის ხარჯი საანგარიშო პერიოდში ნამდვილად 1-მილიარდიან ნიშნულს გადასცდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარეზერვო ფონდების უკონტროლო ხარჯვა წინა ხელისუფლების დროსაც პრობლემას წარმოადგენდა. თუმცა მდგომარეობა არც მოქმედი ხელისუფლების პირობებში გაუმჯობესებულა, პირიქით, ფონდის ხარჯებზე დაკვირვება საპირისპიროს თქმის საშუალებას იძლევა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სარეზერვო ფონდიდან ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები უნდა ფინანსდებოდეს (მაგალითად სტიქიის, ან ისეთი მოვლენების, რასაც წინასწარ ვერ დაგეგმავ). თუ ფონდის ხარჯებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ხარჯების უმრავლესობის ბიუჯეტით გათვალისწინება სავსებით შესაძლებელი იყო, მაგ: 2024 წლის ფონდის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში დახარჯული 47 მლნ ლარიდან ძირითადი თანხა მუნიციპალურ ტრანსფერებს, მთავრობის ადმინისტრაციას, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებს და ასევე საპარლამენტო არჩევნებს (13 მლნ) მოხმარდა. დაუგეგმავი მოვლენის (რასაც ფონდის ფინანსები რეალურად უნდა ხმარდებოდეს) - 2024 წლის თებერვლის და მაისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საკომპენსაციოდ კი ფონდიდან 1.4 მლნ ლარი დაიხარჯა.
განხილული მასალა ცხადყოფს, რომ სარეზერვო ფონდიდან განხორციელებული ხარჯები ფონდის ძირითად მიზანს - დაფინანსდეს ისეთი ხარჯები, რომელიც წინასწარ განჭვრეტადი არ არის, სცდება. გარდა აღნიშნულისა, ფონდზე საჯაროობის რიგი სტანდარტები არ ვრცელდება, მაგალითად სარეზერვო ფონდებზე დღეს არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნები და შეზღუდვები. აღნიშნული კი საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური ხარჯვის რისკებს ზრდის.
განხილული მასალიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ რომან გოცირიძის განცხადებაში უზუსტობა არის, კონტექსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.