ლევან ხაბეიშვილი: ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში - სამ რაიონში - შრომის ანაზღაურების მუხლი, ჯამში, არის 25 მლნ ლარი. ამას საქონელი და მომსახურების მუხლი რომ დაუმატოთ, სადაც ხელშეკრულებებით ძალიან მარტივად არიგებენ ფულს, დაახლოებით 40 მლნ ლარს ვხარჯავთ ამ ბიუროკრატიაზე.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი:
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში - სამ რაიონში - შრომის ანაზღაურების მუხლი, ჯამში, არის 25 მლნ ლარი. ამას საქონელი და მომსახურების მუხლი რომ დაუმატოთ, სადაც ხელშეკრულებებით ძალიან მარტივად არიგებენ ფულს, დაახლოებით 40 მლნ ლარს ვხარჯავთ ამ ბიუროკრატიაზე.“
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.
პირველ რიგში განვმარტავთ, რომ ბიუროკრატიული ანუ ადმინისტრაციული ხარჯი ორი მუხლის აერთიანებს: შრომის ანაზღაურება და საქონელი და მომსახურება. თავის მხრივ, მუხლი „საქონელი და მომსახურება“ ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულებებით (შტატგარეშე) დასაქმებულთა ხელფასებს, სამივლინებო, ოფისის, კვების, სამედიცინო, რბილი ინვენტარის შეძენის, ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-პატრონობის ხარჯებს. განცხადების ავტორი სწორედ ამ ორი მუხლის ფარგლებში გაწეულ ხარჯზე საუბრობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი სულ 43 მლნ 400 ათასი ლარია. აქედან 550 ათასი სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერებია, ხოლო 42 მლნ 850 ათასი - საკუთარი შემოსავლები. მთლიანი გადასახდელებიდან, 5 925 000 ლარი შრომის ანაზღაურებაზე მოდის, ხოლო 4 807 000 ლარი საქონელსა და მომსახურებაზე უნდა გაიხარჯოს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2025 ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილია 33 მლნ 624 ათას ასი ლარით, საიდანაც საკუთარი შემოსავლები 26 მლნ 958 ათას რვაას ლარს შეადგენს, ხოლო 6 მლნ 665 ათას სამასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან მიღებულ დაფინანსებას. შრომის ანაზღაურებისთვის ლანჩხუთის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 9 138 100 ლარი. ოდნავ მეტის - 9 442 800 ლარის - გახარჯვა იგეგმება მუხლ „საქონელი და მომსახურების“ მიმართულებით.
რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტს, მისი ხარჯვითი ნაწილის საპროგნოზო მაჩვენებელი 18 მლნ 434 ათას რვაასი ლარია. 18 მლნ 256 ათას შვიდასი ლარი საკუთარი შემოსავლებია, 178 ათას ასი ლარი კი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი. შრომის ანაზღაურებაზე აქ 10 714 300 ლარი გაიხარჯება, ხოლო მუხლი „საქონელი და მომსახურება“ დაგეგმილია 4 412 400 ლარით. ხელფასების მთლიან მოცულობაში - 151 200 ლარი, ხოლო „საქონელსა და მომსახურებაში“ 26 900 ლარი გამოყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ცხრილი 1.
მუნიციპალიტეტი | 2025 წელი (საპროგნოზო) | |
შრომის ანაზღაურება, ლ | საქონელი და მომსახურება, ლ | |
ოზურგეთი | 5 925 000 | 4 807 000 |
ლანჩხუთი | 9 138 100 | 9 442 800 |
ჩოხატაური | 10 714 300 | 4 412 400 |
წყარო: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტები
ცხრილი 1 აჩვენებს, რომ 2025 წელს ადმინისტრაციული ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 10 732 000 ლარს შეადგენს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიხედვით - 18 580 900 ლარს, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიხედვით - 15 126 700 ლარს. სამივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების თანახმად კი, ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა, ჯამში, 44 439 600 ლარია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გურიის სამი მუნიციპალიტეტიდან, ყველაზე ნაკლები - 17 000 ადამიანი ჩოხატაურში ცხოვრობს. ბიუჯეტის მიხედვით, მთლიან ასიგნებებთან მიმართებით, ყველაზე მეტი წილი შრომის ანაზღაურებაზე სწორედ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტზე მოდის - 82.9%. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში კი, შესაბამისად, 24.7%-სა და 55.3%-ს შეადგენს.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის სიმართლე.