საბა ბუაძე: 700 000 ლარი დახარჯა ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 11 მსუბუქი ავტომობილის შესაძენად 2023 წელ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საბა ბუაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ განაცხადა: „700 000 ლარი დახარჯა ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 11 მსუბუქი ავტომობილის შესაძენად 2023 წელს.“
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.
სახელმწიფო უწყებები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობები, სატრანსპორტო საშუალებებს, ძირითადად, კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით იძენენ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე მოძიებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, 2023 წლის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით, სულ 12 მსუბუქი ავტომანქანა შეიძინა და ჯამში 513 766 ლარი გადაიხადა.
ცხრილი 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2023 წელს ადგილობრივი თვითმმართველი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი მსუბუქი ავტომანქანები
დასახელება | გამოშვების წელი | რაოდენობა | მწარმოებელი ქვეყანა | მიმწოდებელი | ღირებულება, ლ | ხელშეკრულება |
FIAT TIPO | 2022 | 1 | თურქეთი | შპს „სტრადა მოტორსი“ | 34974 | |
FIAT TIPO | 2022 | 1 | თურქეთი | შპს „სტრადა მოტორსი“ | 38472 | |
FIAT TIPO | 2022 | 1 | თურქეთი | შპს „სტრადა მოტორსი“ | 38472 | |
FIAT TIPO | 2022 | 7 | თურქეთი | შპს „სტრადა მოტორსი“ | 269304 | |
Kia Seltos | 2023 | 2 | სამხრეთ კორეა | შპს „კია საქართველო“ | 136544 |
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
2023 წლის ბიუჯეტიდან, არც ელექტრონული ტენდერის საფუძველზე და არც პირდაპირი შესყიდვის წესით, მუნიციპალიტეტს სხვა მსუბუქი ავტომობილი არ შეუძენია. თუმცა მანამდე, 2022 წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება (დანართი 6) გააფორმა სს „ფრანს ავტოსთან“, რომლისგანაც ოთხი ერთეული რუმინული წარმოების Renault Duster-ი შეისყიდა. ერთი ავტომობილის ღირებულება 53 400 ლარს შეადგენს. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შემსყიდველმა ჯამურად 213 600 ლარი გადაიხადა. ამ შესყიდვის ჩათვლით, 2022-2023 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ სულ შეძენილია 16 ავტომობილი, რომელთა ჯამური ღირებულება 727 366 ლარს შეადგენს.
პოლიტიკოსი თავის განცხადებაში კონკრეტულად ასახელებს 700 ათას ლარს და ამბობს, რომ ამ ღირებულების მსუბუქი ავტომანქანები შეძენილია 2023 წლის განმავლობაში. თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნული ღირებულება მოიცავს 2022 წელს შესყიდულ ოთხ სატრანსპორტო საშუალებასაც. ჩვენ დამაზუსტებელი პასუხისთვის საბა ბუაძეს დავუკავშირდით. მან მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელსაც ის განცხადების დროს დაეყრდნო. აღნიშნული წყაროც ადასტურებს, რომ, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით, ოზურგეთის მერიამ 700 000 ლარი ნამდვილად 2022-2023 წლებში გახარჯა და არა - მხოლოდ 2023 წელს.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საბა ბუაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.