ჩვენ ვერ ვნახავთ ვერანაირ ჩანაწერს ეუთოს დასკვნით შეფასებაში, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმეორებით არჩევნებს

მაია ბითაძე: ჩვენ ვერ ვნახავთ ვერანაირ ჩანაწერს ეუთოს დასკვნით შეფასებაში, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმეორებით არჩევნებს

ვერდიქტი: მცდარი

ანალიზი

2025 წლის 21 თებერვალს ტვ-იმედის ეთერში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის შეფასებისას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მაია ბითაძემ განაცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაში არ არსებობს ჩანაწერი, „რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმეორებით არჩევნებს“.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ეუთო/ოდირმა) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გასული წლის 20 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა, რაც წინააღმდეგობაში მოდის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ეუთოს რეკომენდაციებთან. ანგარიში ვრცლად საუბრობს ისეთ დარღვევებსა და გამოწვევებზე, როგორიც, მათ შორის, არის ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, მარკირების არგამოყენება და სხვა, რაც უარყოფითად აისახა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და საზოგადოების ნდობაზე.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ხმის ფარულობის კომპრომეტირების ხშირ შემთხვევებზე. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ხმის ფარულობის შესაძლო დარღვევები დაფიქსირდა დაკვირვების არეალში მოქცეული შემთხვევების 24 პროცენტში, რაც გამოწვეული იყო ბიულეტენების საარჩევნო ყუთებში შეცურების პროცესით, 12 პროცენტში – ბიულეტენების შევსების წესით, ხოლო 7 პროცენტში – საარჩევნო უბნების არასათანადო შიდა განლაგებით“. საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის (IEOM) დამკვირვებლებმა დამატებით გამოავლინეს ამ დარღვევების გამომწვევი რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ან დამკვირვებლების სიახლოვე საარჩევნო ყუთებთან ან ხმის მიცემის კაბინებთან, უბნებზე ხალხმრავლობა, ჩარჩო-კონვერტების არასწორი გამოყენება, მარკერის კვალის გაჟონვა, ასევე ვიდეოკამერების გამოყენება, რაც ამომრჩეველთა არჩევანის გამჟღავნების საფრთხეს ქმნიდა. ეუთო/ოდირის შეფასებით, „ამ საკითხებმა, ასევე ხმებმა იმის შესახებ, რომ ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მოწყობილობების (VCD) გამოყენებით შეიძლებოდა ამომრჩეველთა არჩევანის თვალთვალი, ბევრ ამომრჩეველში შექმნა განცდა, რომ მათი ხმის საიდუმლოება დაირღვა“.

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ ეუთო/ოდირს იმის დასაზუსტებლად მიმართა, დაკვირვების შემთხვევათა რამდენ პროცენტში შესაძლოა დარღვეულიყო ხმის ფარულობა. ეუთოს დასკვნაში მოცემული რიცხვების მექანიკური დაჯამება, მათ შორის შესაძლო გადაფარვის გამო, მათემატიკურად არ შეიძლებოდა. საპასუხო წერილით, ეუთო/ოდირის პრეს-სპიკერმა კატია ანდრუშმა დაადასტურა, რომ რიცხვების მექანიკური დაჯამება არსებული გადაფარვების გამო ნამდვილად არ შეიძლება. მისივე თქმით, „ხმის ფარულობის კომპრომეტირების სხვადასხვა ფორმის გათვალისწინებით, მათ შორის [საარჩევნო უბნის] განლაგება, ამომრჩეველთა მიერ ბიულეტენის მონიშვნა, აპარატში ბიულეტენის მოთავსება, და ხმის ფარულობის სხვა საკითხები ან მათი კომბინაცია, დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში ხმის ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა".

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ხმის ფარულობის პრინციპი დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს და დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სტანდარტებით.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია აცხადებს, რომ „ხალხის ნება უნდა იყოს მთავრობის ძალაუფლების საფუძველი; ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და გაუყალბებელ არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორ საარჩევნო პირობებში, ფარული კენჭისყრით, ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმებით, რომლებიც ხმის მიცემის თავისუფლებას უზრუნველყოფს.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტში ხაზგასმულია, რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება „მისცეს ხმა და არჩეულ იქნას გაუყალბებელ პერიოდულ არჩევნებში, რომლებიც საყოველთაო და თანასწორ საარჩევნო პირობებში ტარდება ფარული კენჭისყრით და უზრუნველყოფს ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვას“.

ეევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 2007 წელს მიღებული რეზოლუციით, ადგენს, რომ ხმის ფარულობის უზრუნველყოფა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საკვანძო ასპექტი“ და „დემოკრატიული პროცესების ლეგიტიმაციისთვის განუყოფელი ნაწილია“. „ის უზრუნველყოფს მოქალაქეთა ნების თავისუფალ გამოხატვას და ადასტურებს... საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ლეგიტიმურობას“.

ვენეციის კომისია კარგი საარჩევნო პრაქტიკის სახელმძღვანელოში აცხადებს, რომ „ხმის ფარულობის დარღვევა დასჯადი უნდა იყოს“ (should be sanctioned).

ეუთო-ს კოპენჰაგენის დოკუმენტში წევრი-სახელმწიფოები იღებენ ხმის მიცემის ფარულობის დაცვის ვალდებულებას, რათა უზრუნველყონ, რომ „მთავრობის ძალაუფლების საფუძველს ხალხის ნება წარმოადგენს“.

გარდა ამისა, არჩევნებზე დაკვირვების ეუთო/ოდირის სახელმძღვანელოში ასახულია რეკომენდაციები ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ ამომრჩევლებმა ბიულეტენი მარტომ უნდა მონიშნონ, კენჭისყრის კაბინაში, ისე, რომ მონიშნული ბიულეტენი ყუთში მის ჩაგდებამდე ვერავინ დაინახოს და კონკრეტულ ამომრჩეველთან დაკავშირება ვერ შეძლოს. აღსანიშნავია, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს მარკერის კვალის გამოჟონვის გამო, ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას მონიშვნის ადგილი ადვილად დასანახი იყო, განსაკუთრებით ხალხმრავალ უბნებზე და საუბნო საარჩევნო კომისიის, დამკვირვებლის ან სხვა უცხო პირის სიახლოვის შემთხვევაში. საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის თანახმად, „უბნების 9 პროცენტში ყველა ამომრჩეველს სრულად ვერ მიაწოდეს ინსტრუქცია ბიულეტენის მონიშვნისა და ხმის დაფიქსირების პროცესთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი მოქმედებაა ბათილი ბიულეტენების შემცირებისა და ხმის ფარულობის დასაცავად“, ხოლო „ტექნოლოგიებით აღჭურვილი საარჩევნო უბნების 54 პროცენტში, ზოგიერთ ამომრჩეველს სრულად არ ესმოდა, როგორ უნდა შეეცურებინა ბიულეტენი“.

იგივე სახელმძღვანელოში ეუთო/ოდირი აღწერს იმ მექანიზმებს, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნას ხმის ფარულობის უზრუნველსაყოფად, რაც მათ შორის მყარი ქაღალდის გამოყენებას გულისხმობს. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თაობაზე საბოლოო ანგარიშში ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ „წინასაარჩევნო დღის ტექნოლოგიური სატესტო დემონსტრაციების შედეგად გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევები, რომლებიც არჩევნების დღემდე არ აღმოფხვრეს“.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანმდევ პრეს-რელიზში ხაზგასმულია, რომ „თავისი მანდატის შესაბამისად, ოდირი არ აღიარებს ან არ ამტკიცებს არჩევნებს, არამედ უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის სრულყოფილ და მიუკერძოებელ შეფასებას უნივერსალური პრინციპების და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე. ეს ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს, არჩევნების ხარისხი თავად განსაჯონ“. მეტიც, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოუენ მერფი პირდაპირ აცხადებს, რომ „ანგარიშში ასახულმა მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია“.

ზემოხსენებული საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც წევრი-სახელმწიფოებს პოლიტიკურ ვალდებულებებს აკისრებს, ადასტურებს, რომ ხმის ფარულობა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ, აუცილებელი პირობაა არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის. შესაბამისად, ხმის ფარულობის უფლების დარღვევა შესაძლოა არჩევნების შედეგების ანულირებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ მაია ბითაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.